საქართველოს მთავრობის
დადგენილება №81
2006 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ თანდართული დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №146 - სსმ III, №103, 04.08.2006 წ., მუხ.1389
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №89 - სსმ III, №65, 11.05.2007 წ., მუხ.724
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება №114 - სსმ III, №83, 18.06.2007 წ., მუხ.884
4. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.89
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №275 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1746
6. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №46 -ვებგვერდი,31.01.2011წ.
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო სამეცნიერო გრატი (შემდგომში – გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, არის მეცნიერების წარმატებული რეფორმის განხორციელების ძირითადი მექანიზმი, რომელიც ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და გაძლიერებისათვის.
2. ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მისაღებად პროექტების კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლის წესს.
მუხლი 2. გრანტის მიზანი და ამოცანები
გრანტის მიზანია ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება №114 - სსმ III, №83, 18.06.2007 წ., მუხ.884
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №275 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1746
მუხლი 3. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსების გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საგრანტო განაცხადისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) პროექტის მომზადებისა და კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით სემინარების მოწყობას;
დ) პროექტების შეფასებას შესაბამისი დარგის ექსპერტთა მეშვეობით;
ე) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას;
ვ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებას და მათი შესრულების კონტროლს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები
1. დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს. საგრანტო პროექტების საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებისათვის ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში.
2. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
ე) მათემატიკური მეცნიერებები;
ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
თ) სამედიცინო მეცნიერებები;
ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
კ) აგრარული მეცნიერებები.
3. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
21. (ამოღებულია).
4. საგრანტო კონკურსები შეიძლება გამოცხადდეს შემდეგი პირებისათვის:
ა) საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის;
ბ) ფიზიკური პირებისათვის (დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების პირები).
5. გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, აგრეთვე საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
6. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
7. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ორგანიზაცია, ერთი მათგანი წარმოადგენს წამყვან, ხოლო დანარჩენი – თანამონაწილე ორგანიზაციებს.
8. საგრანტო პროექტის მონაწილე ფიზიკური პირი არის ძირითადი ან დამხმარე პერსონალი. ძირითადი პერსონალი ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამეცნიერო სამუშაოს, ხოლო დამხმარე პერსონალი ემსახურება ძირითად პერსონალს პერიოდულად წამოჭრილი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში.
9. ძირითად პერსონალს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ: მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობების პირი. ძირითადი პერსონალის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სულ ბევრი ორ, ხოლო თუ იგი მაგისტრანტი ან დოქტორანტია – მხოლოდ ერთ საგრანტო პროექტში.
10. ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო მიმართულებისათვის განსაზღვრული თანხიდან ნაშთის სხვა სამეცნიერო მიმართულებაში გადანაწილების უფლება აქვს ფონდს ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი მეთოდით. ნაშთი არის სამეცნიერო მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხის ის ნაწილი, რომელიც:
ა) რჩება მიმართულებაში ყველა დამტკიცებული პროექტის დაფინანსების შემდეგ;
ბ) თანხის განაწილების შემდეგ სრულად ვერ ფარავს შესაბამის მაღალქულიან პროექტს.
11. ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ფონდი არ აფინანსებს საგრანტო პროექტებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ 40 ქულაზე მეტს.
12. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქართველოლოგიის მეცნიერებებისათვის გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღებზე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №146 - სსმ III, №103, 04.08.2006 წ., მუხ.1389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება №114 - სსმ III, №83, 18.06.2007 წ., მუხ.884
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.89
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №275 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1746
მუხლი 5. საგრანტო კონკურსის ეტაპები და პირობები
1. საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) პროექტების მომზადება და ფონდში წარდგენა;
ბ) პროექტების შეფასება ფონდის მიერ დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით;
გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული პროექტების ფონდის სამეცნიერო საბჭოში წარდგენა;
დ) ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება;
ე) დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
2. თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ან პროექტის განხორციელებისას გაირკვევა, რომ პროექტის მონაწილეებს იმავე პროექტზე დაფინანსება მიღებული აქვთ სხვა წყაროებიდან, ფონდი არ აფორმებს ან წყვეტს დადებულ საგრანტო ხელშეკრულებას.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №275 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1746
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №46 -ვებგვერდი,31.01.2011წ.
მუხლი 6. ფონდში საგრანტო პროექტის საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი და შეფასება
1. პროექტის შეფასებას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს პროექტის შესაფასებლად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების შერჩევას. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
3. ექსპერტები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების შედეგი წარედგინება ფონდს მის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე ფონდი ავლენს უმაღლესი ქულების მქონე პროექტებს სამეცნიერო მიმართულებათა მიხედვით და ახორციელებს მათ დაფინანსებას. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ფონდი პროექტების მიერ მიღებული ქულების რანჟირების შესაბამისად. პროექტის ქულების რანჟირების წესს მიმართულებათა მიხედვით ადგენს ფონდი.
4. ფონდის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ, მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
5. ექსპერტის მიერ დადგენილ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფონდი გადაწყვეტილებას იღებს სხვა ექსპერტთა შეფასების საფუძველზე.
6. საგრანტო პროექტის შეფასებისას ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევაში საგრანტო პროექტი საჭიროებს ხელახალ განხილვას.
მუხლი 7. საგრანტო პროექტის განხილვაში, შეფასებასა და დამტკიცებაში მონაწილეობის დაუშვებლობა
1. ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მეცნიერების იმ მიმართულების ფარგლებში შემოსული პროექტების დამტკიცების პროცესში, რომელშიც თვითონ არის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი მონაწილე.
2. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე.
3. არ შეიძლება საგრანტო პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
4. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
5. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
მუხლი 8. საგრანტო ხელშეკრულების პირობები
1. თუ საგრანტო პროექტი წარმოდგენილია იურიდიული პირის მიერ, ფონდი ხელშეკრულებას აფორმებს დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის მონაწილე ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
2. საგრანტო ხელშეკრულება ფორმდება ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
3. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, საკუთარ ბაზაზე საგრანტო პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად ერთობლივად გამოიყენონ საგრანტო დაფინანსების არა უმეტეს 10%, რომლითაც დაფინანსდება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის სხვა მუხლებით გაუთვალისწინებელი ხარჯები (ზედნადები ხარჯები).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯები მოიცავს კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს.
5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №46 -ვებგვერდი,31.01.2011წ.
მუხლი 9. საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლი, პროექტის დაფინანსების შეჩერება, შეწყვეტა და საგრანტო პროექტების საერთაშორისო შეფასება
1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების კონტროლს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და შინაარსობრივ კონტროლს.
11. ფინანსური კონტროლი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
12. პროგრამული კონტროლი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.
13. ფონდის მიერ კონტროლის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა ტოლია ან აღემატება სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს;
დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
2. პროექტზე მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმებს ადგენს ფონდი.
3. საგრანტო პროექტის დაფინანსება შეიძლება შეწყდეს ფონდის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით.
4. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები და ვადები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა.
5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
6. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტები შეიძლება დაექვემდებაროს საერთაშორისო შეფასებას.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით ფონდი უფლებამოსილია, შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს დასრულებული პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.
8. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №46 -ვებგვერდი,31.01.2011წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. ფონდის მიერ 2010 წლის 1 აგვისტოდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომდევნო ტრანშების გადარიცხვისა და აღნიშნული ტრანშების დასრულების შემდგომ მათი დახურვის მიზნებისათვის 2010 წლის 1 აგვისტომდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში გრანტის მიმღებთა მიერ განხორციელებული ვალდებულებები ჩაითვალოს შესრულებულად.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრანტის მიმღებებს შორის 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელთა დასრულების ვადა ჯერ არ არის დამდგარი, მომდევნო ტრანშების გადარიცხვა მოხდეს ხელშეკრულებებს თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ფონდისათვის წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
3. ფონდმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და 2010 წლის 1 აგვისტოდან გადარიცხული საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირება.
4. 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
5. ფონდმა უზრუნველყოს 2008 და 2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო ხელშეკრულებებზე თანდართულ გრანტის ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, რომელიც გაითვალისწინებს ხარჯთაღრიცხვაში ჩაშლილი ხარჯვითი კატეგორიების გამსხვილებას ძირითად ხარჯვით კატეგორიებამდე ერთეულის რაოდენობისა და ფასის მითითების გარეშე, ხოლო მივლინების მუხლში – სახელწოდების, ერთეულის და ფასის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება №114 - სსმ III, №83, 18.06.2007 წ., მუხ.884
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №14 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.89
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №275 - სსმ III, №118, 16.09.2010 წ., მუხ.1746
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №46 -ვებგვერდი,31.01.2011წ.
დანართი №2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
| კრიტერიუმების დასახელება | ქულა | ||
| 1 | კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები | სუსტი | საშუალო | კარგი |
| ა | პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| ბ | კვლევის მიზანი და ამოცანები | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| 2 | კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი შედეგები |
|
|
|
| ა | კვლევის მეთოდიკის შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან | 0-5 | 6-9 | 10-12 |
| ბ | კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა მეცნიერების, ეკონომიკის და/ან სოციალური სფეროსათვის | 0-7 | 8-13 | 14-18 |
| 3 | პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა |
|
|
|
| ა | პროექტის მენეჯერისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის კომპეტენტურობა პროექტის ეფექტიანად მართვისათვის | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| ბ | პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანების განხორციელებასთან | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| 4 | პროექტის მართვა |
|
|
|
| ა | პროექტში დაგეგმილი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესაბამისობა პროექტის განხორციელების პერიოდთან, მიზანსა და ამოცანებთან | 0-4 | 5-7 | 8-10 |
|
| სულ | (0-100) |
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №89 - სსმ III, №65, 11.05.2007 წ., მუხ.724