,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.411
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 24 იანვრის წერილისა და „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 31 იანვრის სარეკომენდაციო წერილის გათვალისწინებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №153, მუხლი 1706) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1.

დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი იქნება პრემიერ-მინისტრი.”.

    მუხლი 2.

დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მენეჯმენტის გუნდი

1. ემ-სი-ჯი-ს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც დახმარებას უწევს მენეჯმენტის გუნდი. საქართველოს პრეზიდენტი, კომპაქტისა და მართვის ხელშეკრულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს.

2. მენეჯმენტის გუნდში შედიან:

ა) აღმასრულებელი დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე;

გ) ხუთი პროექტის დირექტორი;

დ) გარემოსა და სოციალურ პირობებზე ზეგავლენის დირექტორი;

ე) ფინანსური დირექტორი;

ვ) შესყიდვების დირექტორი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი;

თ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი;

ი) მთავარი იურისტი.

3. ემ-სი-ჯი-ს აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებსა და მოვალეობებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მართვის ხელშეკრულების შესაბამისად.

4. მენეჯმენტის გუნდის წევრები კომპაქტის, მართვის ხელშეკრულების, ამ დებულებისა და ემ-სი-ჯი-ს შიდა წესების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საპროექტო საქმიანობის განხორციელებას.”.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია