საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 116
ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ ან/და გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არის:
ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;
ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 18 ივნისი.
№3113–Iს