საქართველოს კანონი
„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27(34), 1999 წელი, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი განსაზღვრავს სასაქონლო ბირჟების (მათი ფილიალების) და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ გარანტიებს.“.
2. მე-9 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბირჟის წესდება
ბირჟის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს:
ა) სასაქონლო ბირჟის სახელი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;
ბ) ბირჟის მართვის სტრუქტურა, მმართველი ორგანოს (ორგანოების) უფლება-მოვალეობანი და მის (მათ) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
გ) საწესდებო კაპიტალის ოდენობა;
დ) საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი;
ე) ბირჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა;
ვ) ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი;
ზ) ბირჟის წევრად მიღების, წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი;
თ) ბირჟის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები.“.
4. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2473–რს