საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2214
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-10
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.765
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 1291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას და რომლის მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურებში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის შემდგომი გადაადგილება ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონისაკენ.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის ტვირთის სრული მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ – საბაჟო კონტროლის ზონისაკენ, თუ გადაადგილება ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.

4. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2214–IIს

კრებსითი — სრული ვერსია