საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. სხვა პირის მიერ საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების შესრულება
გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირისათვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებას ვალდებულების აღებამდე და ხარჯის გაწევამდე საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის თვის დამტკიცებული ოპერატიული ფინანსური გეგმიდან აუთვისებელი თანხის შესაბამისი ასიგნებები მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიიმართოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ივლისი.
№1530–რს