(ძალადაკარგულია - 07.06.2018, №01-130)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №242
2009 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №37 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტებების თაობაზე, აგრეთვე წარმართავს მუშაობას ევროკავშირთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით სათანადო გადაწყვეტილებათა მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებთან, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან მუშაობა, მათ შორის, საჭირო დოკუმენტაციისა და მასალის მოძიების მიზნით;
ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატიული ინფორმირება მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სიტყვიერი ან წერილობითი სახის გადაწყვეტილებათა თაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;
დ) ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური, ევროკომისია, ევროპარლამენტი და სხვა) პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა და თანამშრომლობა;
ე) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ - მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები);
ვ) ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება;
თ) ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა;
კ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა;
ლ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ინსტიტუტების სხდომების მომზადება, წარმართვა და მათი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა;
მ) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის წინადადებების მომზადება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
ო) ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იმ სხდომების მომზადება, რომლის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეს წარმოადგენს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე;
ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის სააგენტოებთან და პროგრამებთან თანამშრომლობის და მონაწილეობის, ასევე ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №01-183 - ვებგვერდი, 25.09.2017წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) მუშაობის კოორდინაციას;
ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში მიმდინარე საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება № 16 9-სსმ III, № 89 , 21 .0 7 .2010; მუხ. 130 2
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ევროკავშირთან ასოცირების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა.ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა;
ა.ბ) ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა/ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასა და ასოცირების დღის წესრიგის განახლებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების ორგანიზება;
ა.გ) ასოცირების საბჭოს სხდომების მომზადება და სამდივნოს მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელება;
ა.დ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ ასოცირების კომიტეტის სხდომების მომზადება და სამინისტროს მიერ ასოცირების კომიტეტის სხდომების მონაცვლეობითი თავმჯდომარეობის უზრუნველყოფა;
ა.ე) ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის სხვა ფორმატების შეხვედრების მომზადება/ინიცირება;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია;
ა.ზ) ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა;
ა.თ) ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის (განსაკუთრებით, პოლიტიკური მნიშვნელობის) საკითხების ლობირების მიზნით;
ა.ი) ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე, ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობაზე ინფორმაციის და, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება;
ა.კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისა და წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ა.ლ) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემებზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ა.მ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება;
ა.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ა.ო) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება;
ა.პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად პრესრელიზების მომზადება;
ბ) აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ბ.ა) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა;
ბ.ბ) პერიოდულობით ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის სხდომების გამართვა;
ბ.გ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტების, მინისტერიალების, არაფორმალური დიალოგის შეხვედრების, მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრების მომზადება;
ბ.დ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიტორინგის პროცესში უწყებათშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა და ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ.ე) საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგის სხდომების მომზადება და სამინისტროს მიერ დიალოგის სხდომების მონაცვლეობითი თავმჯდომარეობის უზრუნველყოფა;
ბ.ვ) მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების (JLS) საკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;
ბ.ზ) ევროკავშირში მიმდინარე პროცესების და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებების ანალიზი. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლო ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ბ.თ) სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების არსებული ფორმების კვლევისა და შედარებითი ანალიზის განხორციელება;
ბ.ი) ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მომზადება და მათი შედეგების ანალიზი შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით;
ბ.კ) საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული ანგარიშების ანალიზი დაინტერესებულ საქართველოს საელჩოებსა და მისიებს შორის ევროკავშირის თემებზე ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის ხელშეწყობის მიზნით;
ბ.ლ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) თანამშრომლობის განვითარება;
ბ.მ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება;
ბ.ნ) კომპეტენციის ფარგლებში პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება;
ბ.პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად პრესრელიზების მომზადება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №01-183 - ვებგვერდი, 25.09.2017წ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს თანამშრომლებზე სამმართველოში შემოსულ მასალას;
გ) ახორციელებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება № 16 9-სსმ III, № 89 , 21 .0 7 .2010; მუხ. 130 2