საქართველოს მთავრობის
დადგენილება №126
2007 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის 12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისა, ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებად, რომელთა ლიკვიდაციას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებას ან/და რეორგანიზაციას, ასევე რომელთა ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეული. თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალოს იმ დაწესებულების/დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა ან დაფუძნდება აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №227 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1622
2. ეთხოვოთ საქართველოს თვითმმართველ ერთეულებს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება 2007 წლის 1 აგვისტომდე.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, აგრეთვე სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და წესდებების დამტკიცების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება.
4. მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო საქმიანობას მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო და დღის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა განთავსების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, რჩებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დაწესებულებათა ნუსხას და აფუძნებს მათ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად.
41. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიეცეს უფლება, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მოქმედ სააღმზრდელო დაწესებულებათა დაფინანსება გააგრძელოს 2007 წლის 31 დეკემბრამდე ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2007 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებათა დაფინანსება უზრუნველყონ შესაბამისმა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებმა (დანართის მიხედვით).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №227 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1622
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა ნუსხა.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულებისათვის მათ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება ან მათი ნაწილი, სადაც განთავსებულია და რომლითაც სარგებლობენ სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგან-მანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები) გადაცემის მიზნით.
7. ეთხოვოთ საქართველოს თვითმმართველ ერთეულებს ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესასრულებლად სათანადო დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №227 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1622
დანართი
სტატისტიკური მონაცემები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღების შესახებ
| # | ს/ბაღის დასახელება | მისამართი, შენობის ფორმა | ჯგუფი | ბავშვების რაოდენობა | საშტატო განაკვეთი |
| 1 | „სინათლე“ | ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, გელოვანის ქ.№4) ტურიზმის კოლეჯის შენობა, მე-5 სართული, კომპაქტური ჩასახლება | 1 | 25 | 4.75 |
| 2 | „აისი“ | ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქ.№5, არატიპური, იზოლირებული შენობა (კომპაქტური ჩასახლება) | 2 | 58 | 10.5 |
| 3 | „იმედი“ | თბილისის ზღვა, ტურბაზის შენობა, იზოლირებული, კომპაქტური ჩასახლება | 2 | 40 | 10.5 |
| 4 | „თოლია“ | თბილისი, ვაზიანის დასახლება, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება | 2 | 40 | 10.5 |
| 5 | „ნერგები“ | ქ. რუსთავი, ლომოურის ქ.№6, პოლიციის სამმართველოს შენობა, იზოლირებული | 2 | 40 | 10.5 |
| 6 | „მაფშალია“ | ქ. ზუგდიდი, კიროვის ქ.№52, კერძო სახლის შენობაში. კომპაქტური ჩასახლება | 2 | 48 | 9.5 |
| 7 | „ციცინათელა“ | ქ. ზუგდიდი, შენგელიას ქ.№22, კერძო სახლის შენობაში. კომპაქტური ჩასახლება | 2 | 48 | 9.5 |
| 8 | „წითელქუდა“ | ზუგდიდის რ-ნი, სოფ. ინგირი, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება | 2 | 55 | 10 |
| 9 | „არეთა“ | ქ. ზუგდიდი, ბესიკის ქ. (კაპიტალური შენობა) | 1 | 40 | 5 |
| 10 | „ოდიში“ | ზუგდიდის რ-ნი, სოფ. ოდიში (იზოლირებული შენობა), კომპაქტური ჩასახლება | 1 | 25 | 5 |
| 11 | „ცხუმი“ | წალენჯიხის რ-ნი, დაბა ჯვარი, სასტუმროს შენობა (იზოლირებული), კომპაქტური ჩასახლება | 2 | 42 | 10 |
| 12 | „ოცნება“ | ქ. სენაკი, სამხედრო დასახლება, საჯარო სკოლის I სართული, კომპაქტური ჩასახლება | 2 | 36 | 10 |
| 13 | „რწმენა“ | ზუგდიდის რ-ნი, კახათი (იზოლირებული შენობა), კომპაქტური ჩასახლება | 1 | 37 | 5 |
| 14 | „ცეროდენა“ | ბორჯომი, სანატორიუმ „ბორჯომის“ შენობა (იზოლირებული), კომპაქტური ჩასახლება | 1 | 16 | 5 |
| 15 | „ნაკადული“ | ქ. ქუთაისი, კოპიტნარი, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება | 1 | 24 | 4.75 |
|
| სულ: |
| 24 | 574 | 120.5 |
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №227 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1622