,,კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“„

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
140
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.013.297
,,კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“„

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

070.030.000.22.027.013.297

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №140

2009 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1416  მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაის ის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.

კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებელთა პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს.

    მუხლი 2. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის საფუძველი

ამ წესის საფუძველზე კერძო აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს  პასუხისმგებლობა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 3. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომები

ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძო აღმასრულებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

    მუხლი 4. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგი და მისი განმახორციელებელი ორგანო

1.   ამ წესის შესაბამისად კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს პირთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია).

2. მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების მიზნით კერძო აღმასრულებელი ვალდებულია გენერალური ინსპექციის მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შესაბამისი ახსნა-განმარტებისათვის და წარადგინოს მოთხოვნილი მასალები. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა (დროულად შეუსრულებლობა), თუ ეს წარმოადგენს „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, შეიძლება გახდეს კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერი, 17.01.2011 წ .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

    მუხლი 5. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს დასკვნა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება

1. გენერალური ინსპექცია წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად განცხადების, საჩივრის, შეტყობინების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) შესაბამის სამსახურს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის განხილვის ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სამსახური კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საკითხს, დადასტურებულად თვლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414  მუხლის „ზ“  ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას და იღებს გადაწყვეტილებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ან დადასტურებულად არ მიიჩნევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 3. კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კერძო აღმასრულებელს .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.

    მუხლი 6. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა

1. აღსრულების ეროვნული ბიურო კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ დარღვევას, კერძო აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

2. კერძო აღმასრულებლის მიერ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.

    მუხლი 7. კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები

კერძო აღმასრულებელს ამ წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ შესაბამისი დარღვევის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი.

    მუხლი 8. გადაწყვეტილების გასაჩივრება

აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო აღმასრულებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.

კრებსითი — სრული ვერსია