სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.227
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
2. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები:
ა) კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია;
გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის მოქმედების პერიოდში კერძო აღმასრულებლის, მისი თანაშემწის ან სხვა მუშაკის უკანონო ქმედება, რაც გახდა ზიანის მიყენების საფუძველი;
დ) კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, მაშინ აღმასრულებელი ფარავს სხვაობას სადაზღვევო ანაზღაურებასა და ზიანის ფაქტობრივ ოდენობას შორის.
3. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის ბრძანება №122 - სსმ III, №81, 01.07.2009წ., მუხ.874
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი