საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2007 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/ და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე
მუხლი 1. დებულების მიზანი
დებულება განსაზღვრავს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი ველურად მზარდი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/ და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო ( შემდგომში – სააგენტო ).
მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა, თუ სოჭის გირჩის, თერთყვავილას ბოლქვების ან/ და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის.
2. არასაექსპორტო მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/ და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
3. ექსპორტისათვის სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/ და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება არ საჭიროებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი პირის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული სოჭის გირჩის საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 5 კგ- ს, ხოლო თეთრყვავილას ბოლქვების ან/ და ყოჩივარდას გორგლების საექსპორტო რაოდენობა – 50 ერთეულს.
4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge -ს მეშვეობით.
5 . აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით , რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა .
6 . ამ მუხლის მე - 5 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება , რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება .
6 1. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მომართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.
7. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge .
8. სააგენტო, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას.
81 . სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობას (კვოტას) ადგენს სააგენტო. სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობა განისაზღვრება სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიით.
82. (ამოღებულია - 10.06.2022, №306).
83. სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობის დადგენის მიზნით, სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
84. სალიცენზიო ფართობზე კვლევის შედეგად დადგენილი სოჭის გირჩის მსხმოიარობის არარსებობისას ან სიმცირისას, ან სხვაგვარი გარემოების არსებობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის სოჭის გირჩით სარგებლობას, სააგენტოს უფლება აქვს, უარი თქვას კვოტის დამტკიცებაზე ან დაამტკიცოს შემცირებული კვოტა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია:
ა) დადგენილი წესით გაგრძელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა;
ბ) აუქციონზე შეძენილი წლიური კვოტა ან მისი ნაწილი დაემატოს მომდევნო წლის/წლების წლიურ კვოტას (რესურსის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულ შემთხვევაში, ყოველწლიური კვოტების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს აუქციონზე შეძენილი რესურსის ჯამურ ოდენობას;
გ) სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სააგენტოს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის დროებით ადგილმონაცვლეობა სხვა ფართობით, ფართობის დროებით დამატება, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება რესურსის მოპოვება.
85. შესაბამის სეზონზე სალიცენზიო ფართობად ჩაითვლება ამ დებულების მე-3 მუხლის 84 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე/დამატებული ფართობი.
9 . სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე , სააგენტომ შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი , თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები , რომლებიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .
10. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.
11. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს სააგენტო .
13 . ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობის ფორმას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი .
14. თუ ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
15. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდამდე, სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1 . ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს განაცხადს , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78 - ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს .
მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ლიცენზიის ყველა მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებს ვალდებულებას შეასრულოს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2 . აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში . განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო .
3. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვმდებარება.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
მუხლი 51. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის მოპოვებისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები
სოჭის გირჩის მომპოვებელი „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) დაიცვას სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობა (კვოტა), რომელიც ყოველწლიურად დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ;
ბ) სალიცენზიო ფართობზე სოჭის გირჩის მოპოვება აწარმოოს შემოდგომის სეზონზე;
გ) ყოველწლიურად, სოჭის გირჩის მოპოვების დაწყებამდე, მიმართოს ტყის მართვის ორგანოს სალიცენზიო ფართობის გადმობარების, ხოლო გირჩის მოპოვების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 დეკემბრამდე, გადაბარებისათვის, რასთან დაკავშირებითაც ფორმდება სალიცენზიო ფართობის მიღება-ჩაბარების აქტი;
დ) სოჭის გირჩის მოპოვება აწარმოოს სალიცენზიო ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს;
ე) სალიცენზიო ფართობის გადმობარებიდან გადაბარებამდე პერიოდში დაიცვას სალიცენზიო ფართობი უკანონო ტყითსარგებლობისაგან და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ფართობზე უკანონო ტყითსარგებლობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს გადმობარებული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში;
ზ) უზრუნველყოს გირჩის მოპოვების დროს ხეების დაზიანებისგან დაცვა;
თ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს, განახორციელოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (გარდა სამეურნეო ჭრებისა). სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ტარდება ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების შემდეგ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, გადაიხადოს სოჭის გირჩით სარგებლობის რეგულირების საფასური;
კ) სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მოპოვებული სოჭის გირჩიდან მიღებული არაუმეტეს 10 000 სოჭის ნერგის გაშენებისათვის საჭირო სოჭის თესლი უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამისი პროექტის/სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ პირს;
ლ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სააგენტოსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს წლიური ანგარიში.
მუხლი 6. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.
მუხლი 7. აუქციონის საწყისი ფასი
1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით ადგენს სააგენტო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილი ფასისგან განსხვავებული ფასის განსაზღვრის შესახებ.
მუხლი 8 . ლიცენზიის მოქმედების ვადა
1 . ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20 წლის ვადით .
2 . სააგენტოს უფლება აქვს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ლიცენზიის მაძიებელს (ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ან ლიცენზიის ვადის გაგრძელებისას – ლიცენზიის მფლობელს) განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. გაცემული ლიცენზიის შემთხვევაში, დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.
მუხლი 81 . სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 82. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობისათვის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობისათვის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემის მიზნით, განმცხადებელი სააგენტოს წარუდგენს:
ა) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით უნდა განისაზღვროს მოსაპოვებელი რესურის ოდენობა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის გადასაცემი ტერიტორია/ტერიტორიის ნაწილი (ლიტერი/ლიტერები), რომელიც პროპორციული უნდა იყოს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობასთან;
ბ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
გ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, გადასაცემ სალიცენზიო ფართობზე არსებული რესურსის შესწავლის/კვლევის ანგარიში სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა გადაცემული ფართობის დადგენილი წესით მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ.
მუხლი 9. სოჭის გირჩის ექსპორტი
კომერციული მიზნით სოჭის გირჩის ან სოჭის თესლის ექსპორტისას ექსპორტიორი ვალდებულია, იქონიოს თავის სახელზე გაცემული ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტს ახორციელებს არალიცენზიატი, ის ვალდებულია, იქონიოს ლიცენზიატთან გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ან იჯარის ხელშეკრულება და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის“ ასლი.
მუხლი 91 . ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამისად სააგენტო ან სასამართლო .
მუხლი 92. (ამოღებულია)
მუხლი 10. გარდამავალი დებულება
1. სოჭის გირჩის ექსპორტისათვის „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს მიენიჭოს უფლება 2008 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
11. სოჭის გირჩის ექსპორტისათვის ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს მიენიჭოს უფლება, 2011 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს სალიცენზიო ფართობის გარეთ, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული კვოტის ფარგლებში.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩატარებული კვლევის შედეგად სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის სეზონისათვის საქართველოს მთელ ტერიტორაზე არსებული სოჭის გირჩის კვოტის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიატი რესურსით სარგებლობის დაწყებამდე ვალდებულია სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტით გათვალისწინებული თითოეული ტონა სოჭის გირჩისათვის (გარდა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული რესურსისა) სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა სოჭის გირჩისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობით.
4. ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩატარებული კვლევის მასალებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიანტისთვის 2009 წლისათვის სოჭის გირჩის მოსაპოვებელ კვოტას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.
5. 2021 წლის სეზონისთვის სოჭის გირჩის მოპოვების მიზნით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე სალიცენზიო პირობებითა და კვოტის დაცვით შესაძლებელი იქნება ბუნებრივი რესურსის მოპოვება.