„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2008-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2019-07-31
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.16.009.012.191
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“

(ძალადაკარგულია - 31.07.19 №19)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ვადგენთ:

1. დამტკიცდეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესები.

2. დამტკიცდეს ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები (დანართი № 1).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 24.10.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 30.12.2014 წ.

3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 8 სექტემბრის №17 დადგენილება (სსს III, 16.09.2003, №102, მუხლი 873).

4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.    

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

 

ე ლექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესები

    მუხლი 1. დადგენილების მიზანი

1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების (შემდგომში – წესები) მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონების სა­ფუძ­ველზე, რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის დადგენა.

2. აღნიშნული წესი ვრცელდება ელექტროენერგე­ტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთა საქმიანობის წესი და პირობები განსაზღვრუ­ლია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს არის განსაზ­ღვრული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგა­ნოე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხას, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომი­სიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობასთან, მათ შორის – სალიცენზიო, სატარიფო, სადავო საკითხების გა­დაწყვე­ტისა და სხვა უფლებამოსილების განხორციე­ლებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, იხდიან რეგულირების საფასურის გადამხდელები.

2. კომისია მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის. რეგულირების საფა­სურით მიღებული თანხა წარმოადგენს კომისიის წლიური შემოსავლების ძირითად წყაროს. რეგულირე­ბის საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენე­ბელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლე­ბამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბა­მისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან.

3. პირი, რომელიც ეწევა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას, ვალდებუ­ლია გადაიხადოს რეგულირების საფასური, თუ:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალუ­ლია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განხორციელება;

ბ) საქმიანობისას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტებით;

გ) კომისია ახორციელებს მის საქმიანობაზე მონიტო­რინგს ან/და ზედამხედველობას, მათ შორის სალიცენ­ზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ არის განსაზღვრული მის მიერ განხორციელებული საქმიანო­ბისას რეგულირების საფასურის გადახდის ვალდე­ბულება.

4. თუ პირი ეწევა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებ­რი­ვი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ საქმიანობას, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად ვალდე­ბულია კომისიას გადაუხადოს რეგულირების საფასური, რეგულირების საფასურს იხდის რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან (დღგ-ის გარეშე).

5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან: ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერი­ზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორ­ტირების, განაწილების და წყალმომარაგების ლიცენზიატები, ასევე ელექ­ტრო­ენერგიის იმპორტიორები, ექსპორტიორები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურები, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები.

6. თუ პირი ერთდროულად ეწევა ერთზე მეტ რეგუ­­ლირებად საქმიანობას, იგი ვალდებულია რეგუ­ლირების საფასური გადაიხადოს განცალკე­ვებუ­ლად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის მიხედ­ვით.

7. თუ პირი ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანო­ბასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის შესახებ ინფორმაცია კომი­სიას წარუდგინოს განცალკევებულად, შესაბამისი რე­გულირებადი საქმიანობის მიხედვით.

8. რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგული­რებადი საქმიანობის მოცულობის საფუძველზე, ყოველ­წლიურად ხორციელდება საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება ამ წესების შესაბამისად.

9. რეგულირების საფასური გაითვალისწინება რეგუ­ლი­რების საფასურის გადამხდელებისათვის დადგენილ ტარიფში ხოლო რეგულირების საფასურის გადამ­ხდელი იმ პირებისთვის, რომლებიც რეგულირებად საქმიანობას ეწევიან ამ საქმიანობაზე კომისიის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე, რეგულირების საფასური გაითვალისწინება მათ ხარჯებში.

10. თუ სატარიფო განაცხადის ან სხვა საკითხის განხილ­ვისას კომისია საჭიროდ ჩათვლის რაიმე გარე­მოების დამატებით შესწავლას და ამისათვის საჭიროა დამატებითი ხარჯების გადახდა, კომისია უფლე­ბამო­სილია მოსთხოვოს განმცხადებელს აღნიშნუ­ლი დამა­ტებითი ხარჯების დაფარვა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 30.12.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის განსაზღვრის პირობები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელები ვალდებულნი არიან კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიას წარუდგინონ შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე კალენდარული წლის ფაქტობრივი და მომავალი კალენდარული წლის საპროგნოზო მოცულობების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი პროდუქციის ან/და მომსახურების ფასისა და მოცულობების მითითებით. კომისია რეგულირების საფასურს დაიანგარიშებს ამ წესების პირობების გათვალისწინებით, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე კომისიაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (საწარმოს მიერ მიწოდებულ ერთიან ანგარიშგებაში მოცემულ ინფორმაციაზე ან/და სხვა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით). აუცილებლობის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ შესაძლებელია ასევე მოხდეს მონაცემების დაზუსტებაც.

 

 

2. კომისია მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ყოველი კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე, დაიანგარიშებს მომავალი წლის საპროგნოზო რეგული­რების საფასურს მათ მიერ წარმოდგენილი საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე.

3. კომისიის მიერ, რეგულირების საფასური უნდა გაანგარიშდეს ისე, რომ მთლიანად ფარავდეს კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს.

4. რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვე­ვაში, კომისიის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამასთან, მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში რეგული­რების საფასურის გაანგარიშებისას, კომისია ასევე უფლებამოსილია გამოიყენოს წინა წლის ფაქტობრივი მონაცემები.

5. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კალენდარული წლის განმავლობაში რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება№24-სსმIII,№134,19.10.2010წ., მუხ.1930

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.08.2016წ.

    მუხლი 5. საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება

1. საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება კომისიის მიერ უნდა განხორ­ციელდეს ყოველი წლის 1 მაისისათვის, რეგუ­ლი­რების საფასურის გადამხდელების მიერ კომი­სიისათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგუ­ლირებადი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს;

ბ) შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისას ფაქ­ტობ­რივად რეალიზებული პროდუქციის საერთო რაო­დენობასა და ფასს.

2. რეგულირების საფასურის გადამხედელები ვალდე­ბულნი არიან ყოველი წლის 1 აპრილამდე კომისიას წარუდ­გინონ ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით განცალკე­ვებულად.

3. კომისიის მიერ გასული წლის ფაქტობრივი და საპ­როგნოზო რეგულირების საფასურის ოდენობის შე­დარე­­ბის შემდეგ ფაქტობრივად განხორციელებული შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან გამომდინარე რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ ზედმე­ტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალი წლის გადასახდელ რეგულირების საფასურში ხოლო დანაკ­ლისი კი ექვემდებარება გადახდას, კომისიის მიერ მათთვის მითითებულ ვადებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი წყვეტს ამა თუ იმ რეგულირებად საქმიანო­ბას, კომისიის მიერ განხორციელებული საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარების შემდეგ რეგულირების საფასურის გადამ­ხდელებს, მათ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეთ, ხოლო დანაკლისი კი ექვემდებარება გადახდას კომისიის მიერ მითითებულ ვადებში.

    მუხლი 6. რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესი

1. რეგულირების საფასურის გადამხდელები რეგუ­ლირების საფასურს იხდიან რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულებისა (დღგ-ის გარეშე) და №1 დანარ­თით განსაზღვრული კოეფიციენტების ნამრავ­ლით.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა და ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების დანართ № 1-ში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად.

3. რეგულირების საფასურის გამოთვლა უნდა გან­ხორ­ციელდეს:

ა) ამა თუ იმ პირის მიერ რეგულირებადი საქმია­ნობის დაწყებისთანავე;

ბ) კომისიის ბიუჯეტის შესავსებად ან/და შემოსავ­ლების დასაბალანსებლად ადგილი აქვს №1 დანართში მოცემული კოეფიციენტის ცვლილებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 24.10.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 30.12.2014 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.

    მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

რეგულირების საფასურის გადამხდელები ვალდე­ბულნი არიან, შესაბამისი რეგულირებადი საქმია­ნობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად დაფარონ კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის 30% ყოველი კალენდარული წლის პირველი კვარტალის განმავლობაში და 35-35% მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში იმგვარად, რომ შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებით, რეგულირების საფა­სურის 100%-ის ანაზღაურება განხორციელდეს ყოველი კალენდარული წლის 1 ოქტომბრამდე.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა რეგულირების საფასურის გადაუხდელობისთვის და მისი ამოღების უზრუნველყოფის საშუალებები

1. კომისია უფლებამოსილია, რეგულირების საფასუ­რის არგადამხდელი ან ამ საფასურის გადახდის ვადების დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

2. კომისია უფლებამოსილია, თავისი შეხედუ­ლებისამებრ მოსთხოვოს რეგულირების საფასურის გადამხდელებს ფინანსური გარანტია, რაც უზრუნველ­ყოფს მათ მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ანაზღაურებას.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

წყალმომარაგების სექტორში მოქმედი მიმწოდებლები რეგულირების საფასურს, ამ წესების პირობების დაცვით, გადაიხდიან 2009 წლის 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სასმელი წყლის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესების მოთხოვნათა მიხედვით, კომისიას წარუდ­გინონ შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია 2008 წლის 1 ნოემბრამდე.

დანართი №1

ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები

1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

წარმოების ლიცენზიატი

0.002

გადაცემის ლიცენზიატი

0.002

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

0.002

განაწილების ლიცენზიანტი

0.002

იმპორტიორი

0.002

ექსპორტიორი

0.002

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

0.002

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

0.002

ბუნებრივი გაზის სექტორი:

მიმწოდებელი

0.002

ტრანსპორტირების ლიცენზიატი

0.002

განაწილების ლიცენზიანტი

0.002

წყალმომარაგების სექტორი:

წყალმომარაგების ლიცენზიატი

0.002

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება№24-სსმIII,№134,19.10.2010წ., მუხ.1930

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 24.10.2011 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №7 - ვებგვერდი, 29.08.2013 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 30.12.2014 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია