„გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
247
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-31
სარეგისტრაციო კოდი
410.010.000.22.023.011.568
„გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.011.568

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №247

2008 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გამცემლიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება № 36 -სსმIII, № 122 , 08 . 10 .200 9 წ.; მუხ. 1 405

2. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება № 146 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.

 

დებულება

გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯან­მრთე­ლობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირე­ბული ძირითადი ურთიერთობები.

    მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები

1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონის­ძიება­ნი უნდა ხდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველე­ბისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.

2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება.

    მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით

1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფ­რთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორ­ციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას (შემდგომში – სამი­ნის­ტრო).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში – ინსპექცია), ხო­ლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალ­დებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექციას. გარემოდან ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღე­ბა. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, სამსახური ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედე­ბაზე და ადგენს შესაბამის აქტს ცხოველის განადგურების თაობაზე.

3. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება სამინისტროს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებისა და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.

5. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო განცხადების განხილვისა და საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. სამინისტრო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებასა და ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რის შემდეგაც მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინის­ტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ რეგული­რე­ბის ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამინისტროს შორის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირვე­ლი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელ­შეკრუ­ლებით, რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება ინსპექციის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორ­ციელების შედეგების თაობაზე.

7. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების გან­ხორ­ციელების შედეგად ამოღებული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონის­ძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოვე­ლი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან თავშესაფარს. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი ნადგურ­დება დამარხვით ან დაწვით.

8. სათანადო კვლევებზე დაყრდნობით სამინისტრომ შესაძლოა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით გარეული ცხოველების რეგულირების განხორციელების თაობაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №36-სსმIII, №122, 08.10.2009წ.; მუხ. 1405

    მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით

1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ში­ნაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზ­­ნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის ან შინაური და გარეული ცხოველები­სათვის სახიფათო ეპიდემიის არსებობის და გავრცე­ლების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოო­ნოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგ­ნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინებუ­ლი რეგულირების საფუძველია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი განცხადება, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობი­დან გამომდი­ნარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც სოფლის მეურ­ნეობის სამინისტრო წარუდგენს სამინისტროს.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგული­რების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერი­ტორია.

4. სამინისტრო განცხადების განხილვის შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას რეგული­რების ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგული­რების ღონისძიებები ხორციელდება „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამა­ტე­ბების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია