სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.065
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №154
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის წესი“ დანართის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
2. ძალადაარგულია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №22/ნ - ვებგვერდი, 03.02.2012 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
მუხლი 2. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
მუხლი 3. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. არჩევნების დამთავრებიდან დაუყოვნებლივ დაწესებულებამ სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს:
ა) რექტორის რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ა.ა) რექტორობის კანდიდატის მიერ აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
ა.გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რექტორი არის იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი (ბრძანება, ხელშეკრულება).
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის:
ბ.ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.
გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის:
გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;
გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული დაწესებულების მიერ.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დაწესებულებამ სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს ამ წესის პირველ მუხლში მითითებულ პირთა:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
მუხლი 4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო.
2. საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. მინისტრი ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაწესებულება ვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს ამ წესით გათვალისწინებულ პირთა (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემის რეგისტრაციას რეესტრში ახორციელებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანება №223-სსმIII, №52, 29.04.2009წ.; მუხ.595
მუხლი 5. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
რეგისტრაციის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
დაწესებულებებში პირველი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პირების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი დოკუმენტების გარდა საარჩევნო კომისიის მიერ სამინისტროში აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში;
ბ) აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – რექტორის რეგისტრაციის შემთხვევაში.