„ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2017-10-25
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.22.025.009.754
„ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.22.025.009.754

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №114

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“ (თან ერთვის).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. მამათელაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები (შემდგომში – წესები) ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს. წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას.

2. წესებში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს.

3. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება ლიცენზიატების, მიმწოდებლებისა და პირდაპირ მომხმარებელთათვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს მათ უფლება-მოვალეობებს.

4. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებლებს შორის ურთიერთობები რეგულირდება ამ წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებელს ან/და ლიცენზიატს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).

5. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, იკრძალება მიმწოდებლის ან/და ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შემცირება.

6. ბუნებრივი გაზის სექტორში მიმწოდებლები, ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

7. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანსპორტირების ურთერთობის მონაწილეებმა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების, საიმედოობის სტანდარტების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსაზღვრის, ყიდვა-გაყიდვის გარიგებათა დაცულობის, ანგარიშსწორებისა თუ სხვა სახის ურთიერთობების სრულყოფის მიზნით, შესაძლებელია გააფორმონ (ორმხრივი ან მრავალმხრივი) ხელშეკრულებები. ყველას აქვს უფლება მიუერთდეს ამ ხელშეკრულებას, იკისროს და ისარგებლოს მასში ასახული უფლებებითა და ვალდებულებებით.

8. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

9. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

    მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

1. ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითადი პრინციპებია: ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ამ წესებისა და ლიცენზიის პირობების შესაბამისად.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;

ბ) დაიცვას საიმედოობის სტანდარტები;

გ) კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად განახორციელოს უწყვეტი მომსახურება ყველა სახის მომხმარებლისთვის;

დ) დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;

ე) იმოქმედოს უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოს ამ წესებითა და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

3. მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომსახურება, თუ:

ა) მომხმარებელი არ ასრულებს კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

ბ) ადგილი აქვს დაუძლეველ ძალას, რომელთა გაკონტროლება, თავიდან აცილება, შეჩერება ან გამოსწორება ხელშეკრულების მხარეების მიერ შეუძლებელია და რეალურად უშლის ხელს ბუნებრივი გაზით მომარაგებას;

გ) საჭიროა დაგეგმილი ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

დ) საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას – ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ;

ე) ადგილი აქვს უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას ან/და გაზის ხელსაწყოების გამოყენება ქმნის ზიანის მიყენების რისკს – ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

    მუხლი 3. საიმედოობის სტანდარტების ძირითადი პრინციპები

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საიმედოობის სტანდარტის ძირითად პრინციპებს. საიმედოობის სტანდარტების განმსაზღვრელი დებულებები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლში მოცემულ პრინციპებს.

2. საიმედოობის სტანდარტის ძირითადი პრინციპებია: სისტემის მდგრადობისა და მომსახურების საიმედოობა, ეფექტიანი ადმინისტრირება, ადეკვატურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

3. საიმედოობის სტანდარტები უნდა იყოს ნათელი, რეალური, არადისკრიმინაციული ან უსამართლოდ პრივილეგირებული და უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.

4. იმ პირისთვის, რომელიც ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას, ზემოაღნიშნულ ჩამოთვლილ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებში საიმედოობის სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულოა. ამასთან, საიმედოობის სტანდარტები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ სახეებს:

ა) სისტემაში შესაძლო დეფიციტის გამომწვევი გარემოების თავიდან აცილებისთვის მზადების მდგომარეობას;

ბ) სისტემაში არსებული ბუნებრივი გაზის დეფიციტის პირობებში მომსახურებისა და დეფიციტის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარების მდგომარეობას.

5. ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის შემთხვევაში დასაშვებია ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება ან შეზღუდვა წესებში მოცემული პირობების შესაბამისად. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ბუნებრივი გაზი უნდა გადაანაწილოს სამართლიანობის, მომხმარებელთა ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისა და აუცილებლობის პრინციპებზე დაყრდნობით.

6. ტრანსპორტირების სისტემის ბუნებრივი გაზით გაჯერების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ტრანსპორტირების ქსელში მიიღოს უფრო დაბალი ღირებულების ბუნებრივი გაზი უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად. ამ პუნქტში განსაზღვრული პრინციპი, შესაბამისი წესის დაცვით, ასევე უნდა აისახოს ბუნებრივი გაზის ბალანსებშიც.

7. ტრანსპორტირების სისტემის საიმედოობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ისე მართოს და განავითაროს ტრანსპორტირების სისტემა, რომ ყველა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებითა და ვალდებულებებით.

    მუხლი 4. საიმედოობის სტანდარტები

1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს მეზობელი ქვეყნების სისტემებთან დამაკავშირებელი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელი.

2. მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემასთან დამაკავშირებელი ქსელის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის სისტემის საიმედოდ ფუნქციონირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ისე დააპროექტოს და მართოს სისტემა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის სტაბილურობა მაშინაც კი, როდესაც სტიქიური უბედურების, დივერსიის, ავარიის ან სხვა მოვლენების გამო მწყობრიდან გამოვა ტრანსპორტირების სისტემის ბუნებრივი გაზით მომმარაგებელი ერთი ან მეტი ელემენტი (მოწყობილობა).

4. ტრანსპორტირების სისტემაში სტიქიური უბედურებით, დივერსიით, ავარიით ან სხვა მოვლენებით გამოწვეული ბუნებრივი გაზის დეფიციტის შემთხვევაში ბუნებრივი გაზი უნდა გადანაწილდეს აუცილებლობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. ბუნებრივი გაზის დეფიციტის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, პირველ რიგში, ბუნებრივი გაზით უზრუნველყოს ის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც ბუნებრივი გაზის მეშვეობით აწარმოებენ ელექტროენერგიას.

5. ტრანსპორტირების სისტემის გაჯერების ან/და კონკრეტული მონაკვეთის, მათ შორის, ერთი ან რამდენიმე მიღების პუნქტის ბუნებრივი გაზით გაჯერების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, შეზღუდვის პერიოდში სისტემაში არსებული ბუნებრივი გაზი უნდა გადაუნაწილოს ამ შეზღუდვაში მოყოლილ შესაბამის მიმწოდებლებსა და პირდაპირ მომხმარებლებს, სამართლიანობის, მომხმარებელთა ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისა და აუცილებლობის პრინციპებზე დაყრდნობით – სათანადო შეტყობინებით ან/და ურთიერთშეთანხმებული წესის დაცვით. ასეთ შემთხვევაში ამ პუნქტში აღნიშნულ მიმწოდებლებსა და პირდაპირ მომხმარებლებს უფლება აქვთ შეზღუდვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზი აანაზღაურონ (დააბრუნონ) იგივე მოცულობის ბუნებრივი გაზით.

6. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ყოველი კალენდარული წლის 1 ოქტომბრამდე სამინისტროში წარმოადგინონ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატთან შეთანხმებული განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად.

7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და პირდაპირ მომხარებლებს უფლება აქვთ დამატებით განსაზღვრონ საიმედოობის სტანდარტის მომსახურების პირობები ამ სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა მხარის მიერ, წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმების გზით. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთშეთანხმებული საიმედოობის სტანდარტის მომსახურების პირობები ამა თუ იმ პირს აკისრებს რაიმე დამატებითი მომსახურების განხორციელებას, მას უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული დამატებითი დანახარჯების ანაზღაურება.

8. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნების ბუნებრივი გაზის სისტემებთან დამაკავშირებელი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელი არ წარმოადგენს მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის ერთადერთ საშუალებას და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელის ეს მონაკვეთი, ბუნებრივი გაზის სისტემის საიმედოდ ფუნქციონირებისა და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს, დაინტერესებული პირების შეტყობინებისა და მათთვის დასაბუთებული სათანადო არგუმენტების გაცნობის შემდეგ უფლება აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით დაიწყოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელის ამ მონაკვეთის კონსერვაცია.

    მუხლი 5. სახელშეკრულებო ურთიერთობები

1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, პირდაპირი მომხმარებელი, ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს სამართალურთიერთობის მონაწილე დანარჩენ მხარეებს:

ა) ბუნებრივი გაზის მიღების შეფერხების ან მიწოდების შეწყვეტის შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების რეჟიმის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ;

გ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და სხვა სახის ხელშემშლელი ფაქტორის (მათ შორის, დაუძლეველი ძალის) შესახებ.

2. გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება თუ იწვევს ბუნებრივი გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტას, ამის შესახებ შესაბამის დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს 30 დღით ადრე მაინც – მოცემული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად მოხდება ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის გადავადება.

3. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი და არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, მეზობელ პირთა ბუნებრივი გაზის ქსელთან ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 6. ბუნებრივი გაზის ნასყიდობისა და ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის წარდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების წესი

1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და ტრანსპორტირებისთვის სხვა ვადა არ არის განსაზღვრული, ბუნებრივი გაზის გამყიდველი ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიმართოს განაცხადით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ და ათი დღის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება.

2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მოთხოვნის უფლება გააჩნია მიმწოდებელს ან პირდაპირ მომხმარებელს.

3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის ან პირდაპირი მომხმარებლის) რეკვიზიტებს;

ბ) ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;

გ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდაზე პასუხისმგებელი პირის შესაბამისი წესით გაფორმებულ წერილობით თანხმობას (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის მიწოდების დროსა და მიღების პუნქტის დასახელებას;

ე) ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების დროსა და მიწოდების პუნქტის დასახელებას;

ვ) მიმღების სახელწოდებას და მისამართს;

ზ) ბუნებრივი გაზის რაოდენობასა და მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის მოთხოვნილ წნევას;

თ) ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ი) მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფიკები, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და დაბალანსებისთვის საჭირო მოცულობების მითითებით (ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში).

4. განაცხადს თან უნდა დაერთოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ასლი.

5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი  უფლებამოსილი არ არის გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ ან/და გასწიოს ბუნებრივი გაზის  ტრანსპორტირების მომსახურება, თუ:

ა) არსებობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობა;

ბ) განაცხადით მოთხოვნილი რაოდენობები არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბალანსით,  გარდა ამ მუხლის მე-51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

51 მომხმარებლების ბუნებრივი გაზით   უწყვეტი და სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია  მიიღოს გადაწყვეტილება  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ოდენობის ზევით ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის შესახებ.

6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატთან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატის თანხმობის შემთხვევაში, განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების წერილობით ხელშეკრულებაში.

7. იმ შემთხვევაში, თუ არ არის განაცხადით მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანის მეათე სამუშაო დღიდან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ განაცხადში მოცემული პირობებით განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 29.06.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 07.07.2016 წ.

    მუხლი 7. ხელშეკრულების მხარეთა საიმედოობის სტანდარტები და ვალდებულებები

1. ბუნებრივი გაზის მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების მიხედვით მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობის მიღება, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიატი პასუხისმგებელია მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებული მოცულობების (გრაფიკები) დაცვაზე ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად. მყიდველი უფლებამოსილია, ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი ათვისების პროპორციულად მოითხოვოს შეთანხმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება ან გაზრდა. აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინება ურთიერთობაში მონაწილე მხარეთათვის სავალდებულოა.

2. ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირების ან გაზრდის შესახებ განაცხადი მომსახურების დამკვეთმა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ორი დღით ადრე მაინც.

3. ბუნებრივი გაზის წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიმღები ვალდებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აუნაზღაუროს ტრანსპორტირების ან/და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს განსაზღვრულ მოცულობაზე ზევით მიღებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (ბუნებრივი გაზის მესაკუთრის სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით) ან აანაზღაუროს იმავე მოცულობის ბუნებრივი გაზით (მოხმარებული ბუნებრივი გაზის მესაკუთრისა და ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარის მიერ წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში).

4. ბუნებრივი გაზის მყიდველს (მიმწოდებელს ან პირდაპირ მომხმარებელს), წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაზე ნაკლები რაოდენობით ბუნებრივი გაზის მიღების შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს სამი დღე მიუღებელი ბუნებრივი გაზის მიღების ან/და რეალიზაციისთვის. მიუღებელ ბუნებრივ გაზზე ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატს წარმოეშვება ბუნებრივი გაზის შენახვის უზრუნველყოფის ვალდებულება.

5. თუ ბუნებრივი გაზის მყიდველი (მიმწოდებელი ან პირდაპირი მომხმარებელი) სამი დღის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტირების სისტემაში დარჩენილი მიუღებელი ბუნებრივი გაზის მიღებას ან რეალიზაციას, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს ბუნებრივი გაზის მიღების შეფერხებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

6. თუ შეუძლებელია ტრანსპორტირების სისტემაში დარჩენილი აუთვისებელი ბუნებრივი გაზის შენახვის უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

7. მიმწოდებლის მოთხოვნა გრაფიკით განსაზღვრული მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ (რომელიც განპირობებულია კლიმატური ცვლილებით და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და გამანაწილებელ სისტემაში ბუნებრივი გაზის წნევის მკვეთრი ვარდნა) გათვალისწინებულ უნდა იქნეს და უნდა შესრულდეს ამ ურთიერთობაში მონაწილე ყველა მხარის მიერ.

8. ბუნებრივი გაზისა და ოდორიზაციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და სახელმწიფო სტანდარტის ნორმებს.

9. ბუნებრივი გაზის ოდორიზაციას აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ხოლო მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციასა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე კონტროლი და პასუხისმგებლობა ეკისრება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

    მუხლი 8. ბუნებრივი გაზის ნასყიდობისა და ტრანსპორტირების ხელშეკრულების პირობები

1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის და ტრანსპორტირების ხელშეკრულებებში გათვალისწინებულ უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, კლიმატური პირობების ცვალებადობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების პირობებიც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაზგამანაწილებელ სისტემაში ბუნებრივი გაზის წნევის მკვეთრი ვარდნა ან/და მომხმარებელთა იძულებითი შეზღუდვა.

2. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბუნებრივი გაზის მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მეორე მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ.

3. ბუნებრივი გაზის გამყიდველი ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს და აცნობოს განმცხადებელსა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული თარიღი.

4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან ტრანსპორტირების ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდისაგან.

    მუხლი 9. ბუნებრივი გაზით მომარაგება და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების წესი

1. ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზით მომარაგება ან მომარაგების შეწყვეტა განეკუთვნება მხოლოდ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის უფლებამოსილებას.
2. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება შეიძლება მოითხოვოს:
ა) განაწილების ლიცენზიატმა;
ბ) პირმა, რომელსაც სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი, თუ მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.
3. პირს, რომელსაც სურს ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ობიექტის განლაგების ადგილი და სახეობა;
ბ) ტრანსპორტირების სისტემასთან სავარაუდო მიერთების წერტილი;
გ) ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობა (საათობრივი, დღიური, წლიური);
დ) მიწოდების პუნქტში მინიმალური საჭირო წნევა.
4. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების მსურველი (განაწილების ლიცენზიატის გარდა) ვალდებულია ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების განაცხადთან ერთად ტრანსპორტირების ლიცენზიატს ასევე წარუდგინოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების (რომლებიც ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებენ მისაერთებელი ობიექტის განთავსების მუნიციპალიტეტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტექნიკური ხასიათის დასაბუთებული უარი მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით.
5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს მიერთებაზე, თუ:
ა) მიერთების მსურველი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელთან (სისტემასთან) მიერთება აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთო სისტემაზე ან/და შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება სხვა მომხმარებლებს;
გ) ტრანსპორტირების სისტემასთან განაცხადში მითითებულ სავარაუდო მიერთების წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების ქსელთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები.
6. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გაუგზავნოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების უარის დასაბუთებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებაზე თანხმობის გაცემა ან/და მოთხოვნილ მიერთებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ.
7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთებული ობიექტი ექსპლუატაციაში გაიშვება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ქსელთან მიერთებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მიმღები კომისიის გადაწყვეტილებითა და პროექტით გათვალისწინებული საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემდეგ. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთებაზე პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი.
8. ტრანსპორტირების სისტემაზე დაერთებულ პირდაპირ მომხმარებელს უფლება არა აქვს მოახდინოს მის ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთება. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ გაუწიოს ტრანსპორტირების მომსახურება პირდაპირ მოხმარებელს, რომელიც არღვევს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 26.10.2017წ.

    მუხლი 10. უკანონო მოხმარება

1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება ბუნებრივი გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთება, მრიცხველის ბრჯენების დაზიანება (მრიცხველის სიზუსტის დარღვევით), მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება და მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებისა).

2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს.

3. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენისთანავე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი (შესაბამისი მხარის თანდასწრებით) და აცნობოს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნული ფაქტის შესახებ.

4. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ გატარებული ან მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ გატარებული ან მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შესაძლებელია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს ბუნებრივი გაზის მოცულობის ის ღირებულება, რომელიც დაანგარიშდება უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის უკანონოდ გატარების ან მოხმარების მოცულობის დადგენა შეუძლებელია, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს დარღვევის პერიოდზე დაარიცხოს მასთან შემავალი გაზსადენის მიერ დარღვევამდე გატარებული დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლით (სეზონურობის გათვალისწინებით);

გ) თუ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების დაწყების თარიღი უცნობია, გაზის რაოდენობა დაანგარიშდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბოლო შემოწმების თარიღიდან. შემოწმებად ჩაითვლება ტრანსპორტირების ქსელის ან მრიცხველის ვიზუალური შემოწმებაც (რომელიც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა სახის შესაბამისი წესით შედგენილი დოკუმენტით).

5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომსახურება არ გაუწიოს იმ პირებს, რომლებიც უკანონოდ სარგებლობდნენ მისი მომსახურებით და ერიცხებათ დავალიანება, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება დავალიანების გადახდაზე (რესტრუქტურიზაციაზე).

    მუხლი 11. ანგარიშსწორება

1. თუ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და ტრანსპორტირების ხელშეკრულებით მხარეები ანგარიშსწორების სხვა წესზე არ შეთანხმდებიან, გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების პერიოდად მიჩნეულია ერთი თვე.

2. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად. გადახდის პირობების დაუცველობის შემთხვევაში მიმწოდებელი წერილობით აფრთხილებს პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა მიმწოდებელს მომსახურების შეწყვეტის შესახებ და არანაკლებ 10 დღის შემდეგ იძლევა შესაბამის მითითებას ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და ტრანსპორტირების შეწყვეტის შესახებ.

3. ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება შესაბამის მიმწოდებელს ან პირდაპირ მომხმარებელს. ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების შეწყვეტამდე წინასწარ, 10 დღით ადრე მაინც წერილობით შეატყობინოს ამ ურთიერთობის მონაწილე მხარეებს მომსახურების შეწყვეტის თარიღი.

4. მომსახურების შეწყვეტის შესახებ გაუფრთხილებლობის ან/და გაფრთხილების დაგვიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს მომსახურების შეწყვეტის გადავადება.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შეწყვეტის ვადა ემთხვევა უქმე და დასვენების დღეებს, მომსახურების შეწყვეტის გადავადება მოხდება მომდევნო სამუშაო დღემდე.

    მუხლი 12. ბუნებრივი გაზის აღრიცხვასათან დაკავშირებული დავა

1. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა იდგეს ბუნებრივი გაზის ქსელზე ლიცენზიატის მიღებისა და მიწოდების პუნქტების გამიჯვნის წერტილში ორივე მხრიდან.

2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის და პირდაპირი მომხმარებლის მრიცხველები მხარეთათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

3. აღრიცხვის ხელსაწყოებისა და აღრიცხვის კვანძების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის სისტემის დარღვევაზე პასუხისმგებელია ის პირი, რომელთა მფლობელობაშიც იმყოფება ეს მოწყობილობა.

4. აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველით.

5. ზუსტი აღრიცხვისგარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდება იკრძალება, გარდა ავარიული შემთხვევებისა და მხოლოდ ამ ურთიერთობის მონაწილე ყველა მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში შემდეგი წესით:

აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა მოხდება აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობის პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

    მუხლი 13. ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსის შედგენის წესი

1. სამინისტრო ამტკიცებს ერთი წლის საპროგნოზო ბალანსს მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლის საფუძველზე და საჭიროების მიხედვით ახდენს მის კორექტირებას.

11. ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების და კორექტირებისას მხედველობაში მიიღება ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობები, ვადები, სტაბილურობა და საიმედოობა.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის წელი იწყება 1 იანვრიდან და გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ დამტკიცებული ბალანსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
    3. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, განაწილების, ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან ყოველი კალენდარული წლის 10 ნოემბრამდე სამინისტროს წარუდგინონ შემდეგი მონაცემები:
  ა) მომავალი წლის ბალანსში გასათვალისწინებელი ბუნებრივი გაზის საორიენტაციო მოცულობები, გაწერილი თვეებისა და საჭიროების შემთხვევაში დღეების ან/და საათების მიხედვით;
    ბ) მოქმედ ბალანსებთან შედარებული, გასული წლის ფაქტობრივი მონაცემები.

4. ამ მუხლის მე-3 პუქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით წარადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული, მიწოდებული და გატარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალურ მონაცემებს შემდეგი წესით:

ა) ფაქტობრივ მონაცემებს – მიწოდებისა და მიღების პუნქტებში დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

ბ) მომავალი წლის საორიენტაციო მონაცემებს – დარგში არსებული შეთანხმებებისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით.

5. სამინისტროში წარმოდგენილი მიმდინარე და მომავალი წლის ბალანსები შედგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

6. ბუნებრივი გაზის დამტკიცებულ ბალანსში მოცემული პარამეტრები წარმოადგენენ მიმწოდებლების, ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო პარამეტრებს და ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.

7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის ბალანსში მოცემული პარამეტრების დაცვის სისტემატური მონიტორინგი (მისი უფლებამოსილების ფარგლებში).

8. ბუნებრივი გაზის ბალანსის დარღვევად არ ჩაითვლება  ავარიის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, თუ აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობება სამინისტროსა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 29.06.2016 წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 13.10.2016 წ.

    მუხლი 14. ინფორმაციის საჯაროობა

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის:

ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის ფორმა;

ბ) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

გ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

დ) ტრანსპორტირების სისტემის მიმდინარე და დაგეგმილი რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის შესახებ ინფორმაცია;

ე) ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია;

ვ) გაწეული და დაგეგმილი დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია (საჯარო ინფორმაცია).

 

კრებსითი — სრული ვერსია