სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.614
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1300
2006 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის №257 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 30 ნოემბერს.
მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ჩანტლაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2
აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
აპარატი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 4
აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
აპარატის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5
აპარატის ამოცანებია:
ა) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დროული მიწოდება;
ბ) მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა;
დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება;
ზ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება;
ი) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა;
კ) მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ლ) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება.
მუხლი 6
1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.
2. აპარატის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 7
აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობას მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს აპარატის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;
ე) პახისმგებელია აპარატზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 8
აპარატის უფროსის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის მრჩეველი მინისტრის დავალებით.
მუხლი 9
1. აპარატის რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
2. აპარატის თანამშრომლის უფლებამოვალეობანი:
ა) ადგენს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკს და ახდენს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;
გ) აწარმოებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეების დავალებების ადრესატამდე დაყვანას და შესრულების კონტროლს;
დ) ადგენს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან ჩატარებული თათბირების ოქმებს;
ე) ასრულებს აპარატის უფროსის სხვა მითითებებს და დავალებებს.
მუხლი 10
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.