საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №201
2006 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომერციულ ბანკებში სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი.
2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების განუხრელად დასაცავად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 დეკემბრის №297 ბრძანება „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“.
4. იმ კომერციული ბანკების მიმართ, რომლებსაც ამ ბრძანების ამოქმედების თარიღისათვის საერთო ღია სავალუტო პოზიციის დადგენილი ლიმიტი დაცული ჰქონდათ სავალუტო კონტრაქტებით, 2006 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამოიყენებს „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ ფულად ჯარიმებს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის განსაზღვრის მიზანია სავალუტო ოპერაციების შესრულების შედეგად უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში შესაძლო რისკის შემცირება, რადგან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კომერციული ბანკების მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე.
2. სავალუტო პოზიცია არის უცხოური ვალუტით ფორმირებულ ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა.
21. (ამოღებულია - 03.08.2023წ, №203/04).
3. საბალანსო სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას ბანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულება.
4. ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას ბანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი.
41. (ამოღებულია - 03.08.2023წ, №203/04).
5. კრებსითი სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას თითოეული უცხოური ვალუტის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივისა და ამავე უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულებისა და ამავე უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი. კრებსითი სავალუტო პოზიცია უნდა დამოკლდეს „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული უცხოური ვალუტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით.
6. სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს დახურული ან ღია:
ა) სავალუტო პოზიცია არის დახურული, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლია;
ბ) სავალუტო პოზიცია არის ღია, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლი არ არის.
7. თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის ღია სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე:
ა) ღია სავალუტო პოზიცია არის გრძელი, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე;
ბ) ღია სავალუტო პოზიცია არის მოკლე, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები ნაკლებია მის ვალდებულებებზე.
8. საერთო და წმინდა ღია სავალუტო პოზიცია:
ა) საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი.
ბ) წმინდა ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის სხვაობა.
9. სავალუტო კონტრაქტებში ჩაირთვება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული და სვოპური კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და ოფციონებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები თანხობრივი მოცულობებით.
10. ამ წესის მიზნებისათვის სავალუტო ოპერაციების ამსახველ სავალუტო კონტრაქტებს აქვს შემდეგი განმარტებები:
ა) სპოტი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განმარტებული სპოტი;
ბ) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით განმარტებული ფიუჩერსი;
გ) ფორვარდი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტით განმარტებული ფორვარდი;
დ) სვოპი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განმარტებული სვოპი;
ე) ოფციონი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებული ოფციონი;
ვ) სტრესტესტირება – რისკის შეფასების სისტემა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა რისკის (ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუარესება, საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, დეპოზიტების მყისიერი გადინება და სხვ.) ფაქტორების გათვალისწინებით ბანკის ფინანსური მონაცემების სიმულირება;
ზ) ჰეჯირება – წარმოადგენს გარიგებას, რომლის მიზანია თავის დაზღვევა უცხოური ვალუტის კურსის, საპროცენტო განაკვეთების და ფასების მკვეთრი ცვლილებისაგან. არსებული გარიგება ყიდვაზე ან გაყიდვაზე ბალანსდება საპირისპირო გარიგებით გაყიდვაზე ან ყიდვაზე. ამ ოპერაციის მიზანია დააკომპენსიროს არსებული გარიგებიდან მიღებული ზარალი მომავალი გარიგებიდან მიღებული მოგების ხარჯზე.
11. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით (როგორც უშუალოდ ბანკის მიერ კონტრაქტით, ისე ბანკის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, როგორც უშუალოდ ბანკის კლიენტთან, ისე შიდა და გარე ბაზარზე).
მუხლი 2. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი და მისი გაანგარიშება
1. ბანკის კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშგებით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.
11. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2. საერთო ღია სავალუტო პოზიციაზე დადგენილი ლიმიტის ყოველდღიურად დაცვის მიზნით ბანკს ევალება ყოველდღიურად გაიანგარიშოს საბალანსო, ბალანსგარეშე და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციები №1 დანართის შესაბამისად და უზრუნველყოს დღის განმავლობაში (საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) ამ წესით დადგენილი ლიმიტის შენარჩუნება.
3. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერაციო დღის ბოლომდე მის აღსადგენად განახორციელოს დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები.
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №203/04 - ვებგვერდი, 02.08.2023 წ.
მუხლი 4. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა
კომერციული ბანკის ხელმძღვანელები მათდამი რწმუნებული ბანკის სავალუტო რისკის რეგულირების მიზნით ვალდებული არიან:
ა) განსაზღვრონ ბანკის სავალუტო საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს კანონით ნებადართულ ოპერაციებს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, საანგარიშგებო ფორმების შედგენას, შიდასააღრიცხვო კონტროლს და სხვ.;
ბ) გააკონტროლონ სავალუტო რისკები სავალუტო პოლიტიკის, ლიმიტისა და მონიტორინგის სისტემის საშუალებით;
გ) შეიმუშაონ სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:
გ.ა) სავალუტო საქმიანობის მართვის პროცედურებს და მექანიზმს;
გ.ბ) ბანკის მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ბაზრის ცვლილებებზე მენეჯმენტის ოპერატიული რეაგირების სისტემას;
გ.გ) ჰეჯირების სტრატეგიას;
გ.დ) ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას სავალუტო რისკის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე;
გ.ე) დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებას და შესრულებულ გარიგებათა დოკუმენტურ ასახვას ბუღალტრულ დავთრებში;
გ.ვ) სავალუტო საქმიანობის ეკონომიკური გარემოს ანალიზის საფუძველზე სავალუტო ოპერაციებისა და სავალუტო რისკის მართვის სისტემის კორექტირების შესაძლებლობას;
გ.ზ) სავალუტო ოპერაციების წარმოებისას ანგარიშსწორების რისკის მართვის სისტემას;
გ.თ) თითოეული უცხოური ვალუტით ფორმირებული აქტივებისა და ვალდებულებების ვადებში თანხვედრის მართვისა და მონიტორინგის სისტემას;
გ.ი) სავალუტო კონტრაქტების ანალიზს;
გ.კ) თითოეული უცხოური ვალუტით დღიური ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;
გ.ლ) ფილიალებისათვის თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დადგენას;
დ) პერიოდულად განიხილონ შემუშავებული სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი გადასინჯვა;
ე) უზრუნველყონ სავალუტო რისკის მატარებელი შესაბამისი სამსახურების ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომლებიც აცნობიერებენ:
ე.ა) რისკის არსს სავალუტო ბაზარზე ოპერაციებთან მიმართებით;
ე.ბ) ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სავალუტო რისკზე;
ე.გ) სხვა რისკებს, რომლებიც თან სდევს სავალუტო ბაზარზე ოპერაციების განხორციელებას;
ვ) უზრუნველყონ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სავალუტო ოპერაციების წარმოების სათანადო წესებით, რომლებშიც განსაზღვრული იქნება მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე საქმიანობის მიმართულებები და ანგარიშგების სახეობები;
ზ) პერიოდულად, შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით, განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და აწარმოონ ბანკის სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 5. კომერციული ბანკების ვალდებულება
კომერციული ბანკები ვალდებული არიან:
ა) იქონიონ სავალუტო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის წესები და ინსტრუქციები, რომლებიც უნდა მოიცავდეს უფლება-მოვალეობების გამიჯვნას სავალუტო ოპერაციების მწარმოებლებსა და საბუღალტრო აპარატს შორის;
ბ) განახორციელონ ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური მონიტორინგი მათი დადგენილ ლიმიტთან შესაბამისობის დასადგენად და ნებისმიერი გადაჭარბების გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაჭრის მიზნით წარადგინონ მოხსენება ბანკის ხელმძღვანელობასთან;
გ) იქონიონ სავალუტო რისკის მართვის ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება როგორც გაცვლითი კურსის განაკვეთის ყოველდღიურ ცვლილებაზე მონიტორინგი, ისე, პერიოდულად, ბანკის ფინანსური მონაცემების სტრესტესტირება ბანკის მოგება-ზარალზე, კაპიტალსა და ლიკვიდობაზე სავალუტო კურსის ცვლილების ზეგავლენის დადგენის მიზნით;
დ) აწარმოონ სავალუტო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტებისა და მონაცემების სრულყოფილი აღრიცხვა;
ე) შეინახონ უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომლებიც გამოიყენება სავალუტო ოპერაციებთან მუშაობის დროს;
ვ) ყოველდღიურად აწარმოონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშება თითოეული უცხოური ვალუტის ჭრილში საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგების №1 დანართის შესაბამისად;
ზ) ყოველთვიურად, საზედამხედველო ანგარიშგებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება №2 დანართის შესაბამისად და საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ყოველდღიური ანგარიშგება №1 დანართის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №85/04 - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
მუხლი 6. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიმართ გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).
მუხლი 7. (ამოღებულია)
|
ბანკი : დანართი N1 თარიღი:
საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგება ლარებში
გაგრძელება
* - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია ** - დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი მეტია ამავე ვალუტის გაყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამზე და უარყოფითი - თუ ნაკლებია
გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №290 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ., მუხ.2011.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანება №68/04 - ვებგვრედი, 28.06.2013წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №85/04 - ვებგვერდი, 05.09.2013წ.
დანართი N2 ბანკი: თარიღი: საერთო ღია სავალუტო პოზიციის ნაერთი ანგარიშგება FX ლარებში
გაგრძელება
გენერალური დირექტორი მთავარი ბუღალტერი |