„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-96
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2016-08-25
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.032.008.762
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ"

(ძალადაკარგულია - 25.08.2016, №2-155)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-96

2006 წლის 12 ივნისი 

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის №307 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლ. ბეგიაშვილმა.

4. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) იქმნება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის №307 ბრძანებულების საფუძველზე.

2. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

3. ლაბორატორიას აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში.

4. (ამოღებულია - 01.04.2011წ,№2-52).

5. ლაბორატორიის დაფინასების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გოძიაშვილის ქ. №65.

7. ლაბორატორია ანგარიშვალდებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 2. საქმიანობის სფერო

ლაბორატორიის საქმიანობის სფეროში შედის:

    ა) ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

    ბ) ცხოველთა გადამდები სნეულებების აღმძვრელების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

    გ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელებისა და  სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და საკვებად ვარგისიანობის განსაზღვრა;

    დ) მცენარეული მასალის საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა;

    ე) ცხოველებისთვის საშიში დაავადებების გაჩენის რისკის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;

  ვ) დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

   ზ) ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარ-მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა.

თ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

საქართველოს სოფლის მინისტრის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანება №2-152 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.893

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის ბრძანება №2-8 - ვებგვერდი, 15.01.2013წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

    მუხლი 3. ლაბორატორიის უფლებამოსილებები და ფუნქციები

ლაბორატორიას უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული დიაგნოსტიკის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელების, ცხოველთა საკვებისა და სასმელი წყლის საკვებად ვარგისიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის, ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში.

ბ) შეიტანოს წინადადებები სოფლის მეურნეობის სამინისტროში სადიაგნოსტიკო, ლაბორატორიულ და ორგანიზაციულ-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ეპიზოოტიური, რადიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სხვა ლაბორატორიული კვლევებისათვის აუცილებელი მასალები და დოკუმენტები;

დ) მისცეს მითითებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საკვლევი მასალების აღებისა და ლაბორატორიაში გადაგზავნის წესის თაობაზე;

ე) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და გამოკვლევების ჩატარების სისწორე;

ვ) გასცეს დასკვნები ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე;

ზ) ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში დაავადებების გაჩენის შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცეს შესასრულებლად აუცილებელი მითითებები დაავადების კერის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის და დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტებისა და ნედლეულის შემდგომი გამოყენების წესსა და მიზანშეწონილობაზე;

თ) უშუალოდ წარმართოს ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა. საჭიროების შემთხვევაში წინადადებით შევიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული სტრუქტურის შეცვლის ან ახალი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობის თაობაზე;

ი) (ამოღებულია - 26.02.2015, №2-51) .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია - 26.02.2015, №2-51)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

    მუხლი 5. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები

1. ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, იურიდიული, ხარისხის კონტროლის და ბიოუსაფრთხოების საკითხების მოწესრიგების მიზნით ჰყავს იურისტი, ხარისხის მენეჯერი და ბიოუსაფრთხოების ოფიცერი.
3. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური;
გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
დ) ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) სურსათის კვლევის დეპარტამენტი;
ვ) მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;
ზ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი.
4. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
ბ) ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
გ) გურჯაანის ლაბორატორია;
დ) დუშეთის ლაბორატორია;
ე) მარნეულის ლაბორატორია;
ვ) გორის ლაბორატორია;
ზ) ამბროლაურის ლაბორატორია;
თ) ზუგდიდის ლაბორატორია;
ი) ოზურგეთის ლაბორატორია;
კ) ბათუმის ლაბორატორია.

საქართველოს სოფლის მინისტრის 2006 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №2-170 - სსმ III, 17.09.2006, №122, მუხ.1635

საქართველოს სოფლის მინისტრის 2009 წლის 3 ივლისის ბრძანება №2-152 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.893

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის ბრძანება № 2-8 - ვებგვერდი , 15.01.2013 წ .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

    მუხლი 6. ლაბორატორიის მართვა

1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. ლაბორატორიის დირექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დირექტორი მოქმედებს ლაბორატორიის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ლაბორატორიას სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.

4. ლაბორატორიის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის დირექტორი.

41. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე.

5. ლაბორატორიის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს;
ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება ლაბორატორიის სხვა თანამშრომელზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაბორატორიის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
თ) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით ქმნის კომისიებს ან/და სამუშაო ჯგუფებს;
ი) წარმოადგენს ლაბორატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ლაბორატორიისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) წყვეტს თანამშრომელთათვის სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით;
ნ)  კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.       

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის ბრძანება №2-8 - ვებგვერდი, 15.01.2013წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

 

61. სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები

1. ლაბორატორიის იურისტის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ლაბორატორიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ლაბორატორიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;
ბ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ლაბორატორია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ლაბორატორის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერის ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სამუშაო პროცედურების შემუშავება და დანერგვაზე ზედამხედველობა;
ბ) ლაბორატორიის შემადგენელ სხვადასხვა ტერიტორიულ/ფუნქციურ ერთეულებში ხარისხის სისტემის დანერგვა და მართვა;
გ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა შემოწმებების შედეგად და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:
ა) ყოველდღიური კონტროლი ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესებზე, პერსონალის მიერ უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის შესრულებაზე სტანდარტული სამუშაო პროცედურების და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნილებების შესაბამისად;
ბ) ბიოუსაფრთხოების კუთხით თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე  ზრუნვა;
გ) ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს  შექმნა, მისი მუდმივი განახლება - გადამუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დოკუმენტაციის შექმნა–შენახვა;
ე) ლაბორატორიულ    ქსელში    ბიოუსაფრთხოების პერიოდული აუდიტის ჩატარება  ტექნიკური მეთოდების, პროცედურების და სტანდარტული სამუშაო პროცედურების, ბიოლოგიური აგენტების, მასალების და აღჭურვილობის შესამოწმებლად; 
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
4. ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიაში შემოსული სინჯების რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და შესაბამისი ლაბორატორიებისათვის გადაცემა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საკვლევად წარმოსადგენი ნიმუშის აღების, შეფუთვისა და მოტანის წესებზე;
გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოკვლევის შედეგის ანუ საანგარიშგებო დოკუმენტის - გამოცდის ოქმის გაცემა;
დ)  ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების  სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშების მომზადება.
5. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ლაბორატორიაში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის და შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) ლაბორატორიის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ლაბორატორიის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
დ) ლაბორატორიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) ლაბორატორიის თანამშრომელთა გადამზადებისა და სწავლებების ორგანიზება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა.
6. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიის საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმართვა;
ბ) ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ლაბორატორიისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების კონტროლი, საგადასახადო და სხვა სამსახურებთან სავალდებულო ანგარიშგების უზრუნველყოფა;
დ) ლაბორატორიის მიერ მიღებული სხვა ნებადართული შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მატერიალური რესურსების აღრიცხვა, დახარისხება, დროებითი განთავსება, შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით და გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და კოორდინაცია;
გ) ლაბორატორიული, გამზომი ხელსაწყო-დანადგარების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, მათი საერთაშორისო (ISO 17025)  სტანდარტის შესაბამისად დაკალიბრება;
დ) ლაბორატორიის კომპიუტერული ქსელის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) ლაბორატორიის გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) ლაბორატორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) ლაბორატორიის ტერიტორიის დასუფთავება/კეთილმოწყობის, გამწვანების   უზრუნველყოფა.
8. სურსათის კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;
ბ) სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;
გ) რეგიონული ლაბორატორიების კოორდინაცია და მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება;
დ) ხორცსა და ხორცპროდუქტებში ცხოველის სახეობის იდენტიფიკაცია;
ე) სურსათში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობის განსაზღვრა;
ვ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებში, ასევე, მცენარეთა დაცვის საშუალებებში აქტიური ნივთიერების განსაზღვრა;
9. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით დაავადებული მწერებით, ტკიპებით, ჰელმინთებით და სარეველა მცენარეებით და ასევე ფიზიოლოგიური, ქიმიური და გარემო პირობებით დაზიანებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების (მინდვრის კულტურები, ბოსტნეული, ხილი, ტყის და დეკორატიული კულტურები, ბუჩქები, დამუშავებული ხის მასალა, ყვავილები, ოთახის მცენარეები და ა.შ.) გამოცდა და მათი გამომწვევი ორგანიზმების ან სხვა მიზეზების იდენტიფიკაცია კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური კვლევის მეთოდებით;
ბ) მცენარეული მასალის და ნიადაგის ანალიზის საფუძველზე პროდუქციის დასნებოვნების/დაზიანების შესახებ დასკვნის გაცემა;
გ) ლაბორატორიაში შემოსული საქვეკარანტინო მცენარეული მასალის გამოცდა საქართველოსთვის საკარანტინო მნიშვნელობის მავნე ორგანიზმების არსებობაზე მათი იდენტიფიკაციის მიზნით;
დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების თესლის ხარისხის - კერძოდ, სიწმინდის, აღმოცენების უნარის, სიმკვრივის, სინესტის და ა.შ. განსაზღვრა.
10. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიაში შემოსული პათოლოგიური მასალის გაკვეთა და პათოლოგიური-ანატომიური დიაგნოსტიკა;
ბ) პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოზის შესაბამისად, პათოლოგიური მასალის აღება და გადაგზავნა ფუნქციური ლაბორატორიებისათვის შემდგომი გამოკვლევის მიზნით;
გ) მოთხოვნის შესაბამისად, პათოლოგიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
დ) შემოსული პათოლოგიური მასალის გამოკვლევა სხვადასხვა პარაზიტულ და მიკოზურ დაავადებებზე;
ე) სინჯების პირველადი, დამუშავება შესაბამისი კვლევებისათვის;
ვ) სინჯების კვლევა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული სამუშაო პროცედურების  გამოყენებით;
ზ) ლაბორატორიული საცდელი ცხოველების გამრავლება და ამ ცხოველებით  ლაბორატორიის უზრუნველყოფა.
თ) შედეგების ინტერპრეტირება და მიწოდება შესაბამის სტრუქტურისთვის;
11. ქუთაისის და ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიაში შემოსული სინჯების რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და შესაბამისი ლაბორატორიებისათვის გადაცემა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საკვლევად წარმოსადგენი ნიმუშის აღების, შეფუთვისა და მოტანის წესებზე;
გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოკვლევის შედეგის ანუ საანგარიშგებო დოკუმენტის - გამოცდის ოქმის გაცემა;
დ) სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;
ე) სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;
ვ) სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით დაავადებული; მწერებით, ტკიპებით, ჰელმინთებით და სარეველა მცენარეებით და ასევე ფიზიოლოგიური, ქიმიური და გარემო პირობებით დაზიანებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების (მინდვრის კულტურები, ბოსტნეული, ხილი, ტყის და დეკორატიული კულტურები, ბუჩქები, დამუშავებული ხის მასალა, ყვავილები, ოთახის მცენარეები და ა.შ.) გამოცდა და მათი გამომწვევი ორგანიზმების ან სხვა მიზეზების იდენტიფიკაცია კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური კვლევის მეთოდებით;
ზ) ლაბორატორიაში შემოსული პათოლოგიური მასალის გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;
თ) სინჯების პირველადი, დამუშავება შესაბამისი კვლევებისათვის.
12. გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ბათუმის ლაბორატორიების  ძირითადი ფუნქციებია:
ა) სადგურში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და  გამოკვლევა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში გადაგზავნა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა;
გ) შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

    მუხლი 7. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი

1. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ლაბორატორია ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლაბორატორიის საკუთრებაში არსებული ქონების  გასხვისება და დატვირთვა;

ბ) თავდებობა;

გ) სესხის აღება; 

დ) საშტატო განრიგისა  და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. ლაბორატორია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ლაბორატორია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 8. ლაბორატორიის დაფინანსების წყარო

1. ლაბ ო რატორიის დაფინანსების წყაროა:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ლაბორატორიის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ლაბორატორიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 9. ლაბორატორიის ქონება

1. ლაბორატორიის ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. ლაბორატორიის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება  ლაბორატორიის დამოუკიდებელ ბალანსზე .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 1 აპრილის ბრძანება № 2-52 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

1. ლაბორატორიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლაბორატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია