სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.194
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №593
2003 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოში ალკოჰილიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტისა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, აქციზური მარკების აღრიცხვისა და მათ გამოყენებაზე კონტროლის მიზნით, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, III ნაწილი №31, 2003 წელი, მუხ. 247) დამტკიცებულ აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელ სისტემას (დანართი№1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლის 5. აქციზური მარკების დეფიციტი
აქციზური მარკებით ნიშანდების პროცესის შეუფერხებლად წარმოების მიზნით, ერთი მოდელის, სერიისა და/ან ლიტრაჟის აქციზურ მარკაზე დეფიციტის წარმოქმნისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს სხვა მოდელის სერიისა და/ან ლიტრაჟის აქციზური მარკები”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი