ტურიზმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-06-01
გამოქვეყნების თარიღი
1997-03-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ტურიზმის შესახებ

(ძალადაკარგულია - საქართველოს 1997 წლის 06 მარტის კანონი №599 -  პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12/04/1997წ.)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

 

ტურიზმის შესახებ

 

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ არეგულირებს ტურიზმის სფეროში არსებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ შედგება ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

 

კარი I

 

 

ზოგადი დებულებანი

 

 

ტურიზმი არის ადამიანთა თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გამგზავრება თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან დასვენების, გაჯანსაღების, შემეცნების, საქმიანი, პროფესიული და სხვა მიზნებით, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც დაკავშირებულია გამგზავრებულ პირთა შრომის ანაზღაურებასთან მათი დროებითი ყოფნის (მოგზაურობისა და დასვენების) ადგილებში, აგრეთვე, მომსახურების სფერო, რომელიც მიმართულია ამ პირთა მოთხოვნილებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და წარმოადგენს სამეურნეო საქმიანობის ნაირსახეობას.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ტურისტული გამგზავრება საზღვარგარეთ განიხილება როგორც ტურისტული მომსახურების იმპორტი, ხოლო უცხოელი ტურისტების მიღება-მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე – როგორც ტურისტული მომსახურების ექსპორტი.

 

 

ნებისმიერი ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, როგორიც არის ტურისტული რესურსები და სავარგულები, ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა, რომლებიც გამოიყენება როგორც ტურიზმის ორგანიზაციისა და ტურისტული მომსახურების ძირითადი საშუალება, ტურისტული ობიექტია.

 

 

ბუნებრივი, კულტურული და სხვა ობიექტები, მოვლენები, სანახაობრივი წარმომდგენები და ურთიერთობანი, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტურისტთა მისაზიდად და ტურისტული მომსახურების ორგანიზაციისათვის, განისაზღვრება როგორც ტურისტული რესურსები, ხოლო ტერიტორია, რომელზეც ეს რესურსები კომპაქტურად არის განლაგებული – როგორც ტურისტული სავარგული.

 

 

პირი, რომელიც არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს სამი თვისა, მიემგზავრება თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, შემეცნების, საქმიანი, პროფესიული და სხვა მიზნებით, გარდა იმ მიზნებისა, რომელიც დაკავშირებულია შრომის ანაზღაურებასთან მისი დროებითი ყოფნის   (მოგზაურობისა ან დასვენების) ადგილებში, – განისაზღვრება როგორც ტურისტი, ხოლო ამავე მიზნებით საქართველოს რესპუბლიკაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირი – როგორც უცხოელი ტურისტი.

 

 

კარი II

 

 

ტურიზმის ძირითადი მიზნები და ამოცანები

 

 

მუხლი I

 

 

საქართველოს რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხების დაახლოებასა და ურთიერთგაგებას, სრულყოფილად და რაციონალურად გამოიყენოს ამ დარგის პოტენციალი ქვეყნისა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

 

 

მუხლი 2

 

 

ტურიზმის ძირითადი ამოცანაა დააკმაყოფილოს საქართველოს მოსახლეობისა და მისი უცხოელი სტუმრების ტურისტული მოთხოვნილებანი;

 

 

ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის გაჯანსაღებას, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპების პოპულარიზაციას მოსახლეობაში და მათი თავისუფალი დროის რაციონალურ გამოყენებას;

 

 

რაციონალურად განავითაროს ტურიზმთან დაკავშირებული მეურნეობა საქართველოს რესპუბლიკაში, გაზარდოს ქვეყნის ეროვნული შემოსავალი, გააფართოოს მომსახურების სფერო;

 

 

შეამციროს განვითარების დონეების სხვაობა საქართველოს რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებს შორის და წაახალისოს რეგიონული განვითარება;

 

 

გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს ბუნების, ისტორიის, თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ბუნების, ისტორიის, თანამედროვე და კულტურული ცხოვრების შესახებ; ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საგარეო, ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების განვითარებას;

 

 

შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს მოქალაქეები;

 

 

აამაღლოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ცხოვრების დონე;

 

 

ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას;

 

 

დაიცვას და ააღორძინოს მოსახლეობის კულტურული ტრადიციები, ბუნებრივი და სოციალური გარემო, შეინარჩუნოს და გაამრავლოს ტურისტული რესურსები.

 

 

აღკვეთოს, გამოავლინოს და თავიდან აიცილოს ტურიზმის განვითარების უარყოფითი პროცესები, ტენდენციები და სხვა მოვლენები.

 

 

კარი III

 

 

ტურიზმის სახელმწიფო რეგულირება

 

 

მუხლი 3

 

 

საქართველოს პარლამენტი ამუშავებს და სრულყოფს საქართველოს რეპუბლიკის კანონმდებლობას ტურიზმის სფეროში;

 

 

შეიმუშავებს ტურიზმის განვითარების ეროვნულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური  და სოციალური განვითარების შემადგენელ ნაწილს, ქმნის ამ პოლიტიკის განხორციელების ხელსაყრელ საკანონმდებლო პირობებს, უზრუნველყოფს მის ხორცშესხმას წარმომადგენლობის ყველა დონეზე;

 

 

უზრუნველყოფს ტურიზმთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებას სხვა საკანონმდებლო აქტებში;

 

 

უზრუნველყოფს ტურიზმის კანონმდებლობაში ტურიზმთან დაკავშირებული მომიჯნავე სფეროების საკითხების გათვალისწინებას;

 

 

ამყარებს სახელმწიფო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს ტურიზმის დარგში როგორც უცხო სახელმწიფოებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

 

მუხლი 4

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა ორგანო უზრუნველყოფს ქვეყანაში ტურიზმის კანონმდებლობის დანერგვის პირობების შექმნასა და მის განხორციელებას.

 

 

მუხლი 5

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს რესპუბლიკაში ტურიზმის, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სფეროს ერთიან პოლიტიკას;

 

 

განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებს (სახელმწიფო კონცეფციას), განსაზღვრავს ტურიზმის, როგორც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ერთ-ერთი დარგის როლს ქვეყნისა და მისი რეგიონების კომპლექსურ განვითარებაში, მყარი ვალუტის მოზიდვასა და საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებაში;

 

 

უზრუნველყოფს ტურიზმის განვითარების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების, მისი საბაზო ინფრასტრუქტურის შექმნას;

 

 

მოიზიდავს შიდა და უცხო ინვესტიციებს, კრედიტებს, დაფინანსების სხვა წყაროებს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების მიზნით;

 

 

კოორდინაციას უწევს ტურიზმის დარგთაშორის კავშირებს, მათ შორის საბაჟო, სატრანსპორტო სადაზღვევო, საბანკო, საკომუნიკაციო, კომუნალურ, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, კულტურის, სავაჭრო და სხვა სამსახურებთან;

 

 

უცხოური ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით შეძლებისდაგვარად ამარტივებს ტურისტულ ფორმალობებს (საპასპორტო რეჟიმი, სამედიცინო, სავალუტო გაცვლის ფორმალობები);

 

 

წარმოაჩენს საქართველოს ტურიზმის განვითარების ინტერესებს და ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

 

 

მუხლი 6

 

 

ტურიზმის რესპუბლიკური ორგანო უზრუნველყოფს ტურიზმის განვითარების რეგულირებას, კოორდინაციასა და სტიმულირებას როგორც მთლიან რესპუბლიკაში ისე მის ცალკეულ რეგიონებში;

 

 

უზრუნველყოფს ადგილობრივი ტურიზმის, საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მოგზაურობის, დასვენებისა და ტურიზმის დაბალანსებულ და ჰარმონიულ განვითარებას;

 

 

ავითარებს და წაახალისებს ტურისტული მომსახურების ახალი ფორმების განვითარებას ტურისტთა მზარდი და ცვალებადი მოთხოვნილებებისა და მოთხოვნების უფრო სრულად დაკმაყოფილებისა და ტურისტული მომსახურების ფართო არჩევანის შესაქმნელად;

 

 

ხელს უწყობს ტურიზმის, როგორც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ორგანულ შერწყმას ქვეყნისა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ გარემოსთან;

 

 

ამუშავებს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარადგენს ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებს (სახელმწიფო კონცეფციას) და მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

 

 

განსაზღვრავს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარადგენს თავის შიგადარგობრივ რეგიონალურ სტრუქტურას, განსაზღვრავს და ამტკიცებს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და კომპეტენციას;

 

 

დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის გაწევრიანებას საერთაშორისო ტურისტულ ორგანიზაციებში, სადაც წარმოაჩენს საქართველოს ინტერესებს;

 

 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობას ამყარებს ტურიზმის  საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საჭიროებისამებრ ქმნის სახელმწიფო ტურისტულ წარმომადგენლობებს;

 

 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს ურთიერთობას საქართველოს რესპუბლიკის და უცხო ქვეყნის სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასრულებენ ტურისტულ ფუნქციებს;

 

 

მოიზიდავს შიდა და უცხოურ ფინანსურ საშუალებებს ტურიზმისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;

 

 

არეგულირებს სადავო საკითხებს ტურიზმის სფეროში თავისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

 

 

ახდენს ტურისტული მომსახურების სახეების, ტურისტული რესურსების, მარშრუტების, ექსკურსიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ტურისტული ნაწარმის, ტურიზმის სფეროში პროფესიებისა და სპეციალობების კლასიფიკაციას, საჭიროებისამებრ – სტანდარტიზაციას საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი  თავისებურებების ერთობლივი გათვალისწინებით;

 

 

დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ადგენს ტურისტების მიღებისა და მომსახურების წესებს, საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მოგზაურობის პირობებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა ტურისტული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციის და საწარმოსათვის საკუთრების ფორმის მიუხედავად;

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან და მისი დაქვემდებარების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ტურიზმის სფეროს იმ კატეგორიების ნუსხას, რომლებიც საჭიროებს სახელმწიფო ლიცენზირებას, ადგენს სალიცენზიო მოთხოვნებს და დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო საქმიანობას;

 

 

რეგისტრაციაში ატარებს ტურისტულ და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებსა და საწარმოებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

 

 

აწარმოებს ტურისტული რესურსების, სავარგულების, ობიექტების, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების, ზოგადად დარგის სტატისტიკურ აღრიცხვას;

 

 

ხელს უწყობს ტურისტთა რაციონალურ განაწილებას ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში;

 

 

განსაზღვრავს ტურისტული რესურსების, სავარგულების, ობიექტების და რაიონების გამტარუნარიანობას ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების ერთობლივი გათვალისწინებით;

 

 

ეწევა საინფორმაციო და სარეკლამო საქმიანობას ტურიზმის სფეროში;

 

 

უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ მოქალაქეებსა და ტურისტებს ფართო  ინფორმაციით საქართველოს რესპუბლიკაში არსებული ტურისტული მოგზაურობისა და დასვენების თავისებურებების, პირობების, ტურისტის უფლება-მოვალეობების შესახებ;

 

 

ხელს უწყობს ტურიზმის სფეროში მომუშავე პირთა სოციალურ დაცვას, მათი მუშაობისა და ყოფის პირობების გაუმჯობესებას;

 

 

ფართო პროპაგანდას უწევს ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს;

 

 

უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ტურიზმისათვის პროფესიული კადრების მომზადებას და ამ სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

 

 

უზრუნველყოფს და ხელს უწყობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას ტურიზმის სფეროში.

 

 

კარი IV

 

 

ტურისტული საწარმოები

 

 

მუხლი 7

 

 

საწარმოები, რომელთა ერთადერთი ან ძირითადი ფუნქციაა ტურისტული მომსახურება და ტურიზმის ორგანიზაცია, განისაზღვრება, როგორც ტურისტული საწარმოები. ამასთანავე ტურისტულ მომსახურებისა და ტურიზმის ორგანიზატორის ფუნქციები შეიძლება შეასრულოს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ნებისმიერმა სხვა საწარმომ ტურიზმის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 8

 

 

ტურისტული საწარმოების ძირითადი სახეებია: ტურისტული სააგენტო, მოგზაურობისა და ექსკურსიების სააგენტო (ბიურო), ტუროპერატორული კომპანია, სასტუმრო და სხვა ტიპის ტურისტთა დროებითი საცხოვრებელი ობიექტი, ტურისტული ავტომეურნეობა, აგრეთვე ამ და სხვა ტიპის სამეურნეო ტურისტული ობიექტების მფლობელი სააქციო საზოგადოება და კომპანია.

 

 

მუხლი 9

 

 

ტურისტული საწარმო შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ.

 

 

მუხლი 10

 

 

ტურისტული საწარმო ძირითადად ეწევა ტურისტულ სარეკლამო-საინფორმაციო მუშაობას ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ მოსახლეობაში, ტურების მოწყობას, ტურისტული მარშრუტების ორგანიზაციას და მარშრუტებზე მომსახურებას.

 

 

მუხლი 11

 

 

მოგზაურობის სააგენტოები (ბიუროები) ძირითადად უზრუნველყოფენ ტურისტთა მგზავრობას, მათი გადაადგილების ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალებების შერჩევას და ადგილების დაჯავშნას, მოთხოვნის შემთხვევაში აკმაყოფილებენ მათ სასტუმროებით, ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებებით, კვებით, ტურისტული მარშრუტებითა და ექსკურსიებით. თუ ასეთი საწარმოს მომსახურებაში მგზავრობის უზრუნველყოფასთან ერთად აშკარად გამოიკვეთება საექსკურსიო მომსახურებაც, იგი ყალიბდება, როგორც მოგზაურობის და ექსკურსიების სააგენტო (ბიურო), ხოლო თუ ეს საწარმო სპეციალიზებულია საექსკურსიო მარშრუტების შედგენასა და საექსკურსიო მომსახურებაზე – საექსკურსიო სააგენტო (ბიურო).

 

 

მუხლი 12

 

 

ტუროპერატორული კომპანია ძირითადად აწარმოებს, ცალკეული ტურისტული მომსახურების ან მომსახურების პაკეტის გარანტიებით, ტურებითა და საგზურებით საბითუმო ვაჭრობას ტურისტულ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან ან ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტურების და საგზურების დიდი რაოდენობით (საბითუმო) შესყიდვა-გასაღება.

 

 

მუხლი 13

 

 

ტურისტთა დროებით საცხოვრებელ ობიექტებში იგულისხმება სასტუმროები, მოტელები, კემპინგები, ტურბაზები, სტუმრის სახლები, დასასვენებელი სახლები და სხვა შენობა-ნაგებობები, რომლებიც გამოიყენება ტურისტთა ფასიანი დაბინავებისა და მომსახურებისათვის.

 

 

მუხლი 14

 

 

ტურისტული, ტურიზმის ფუნქციების მქონე და არატურისტული ორგანიზაციები ნებაყოფლობის პრინციპით ქმნიან საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ არაკომერციულ ტურისტულ ან ტურიზმის ფუნქციების მქონე გაერთიანებებს და ფონდებს.

 

 

კარი V

 

 

ტურისტის უფლება-მოვალეობანი

 

 

მუხლი 15

 

 

საქართველოს რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს განურჩევლად მათი რასისა, ეროვნებისა, ენისა, სარწმუნოებისა, სქესისა, ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტურისტულ მოგზაურობაში, ისარგებლონ ტურისტული მომსახურებით როგორც რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

 

მუხლი 16

 

 

ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს უფლება აქვთ ტურისტული მიზნებით გადაადგილდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დატოვონ  იგი ანდა დაბრუნდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, იმ რაიონების გარდა, სადაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ტურისტთა შესვლა შეზღუდულია ან აკრძალულია.

 

 

მუხლი 17

 

 

საქართველოს ტურისტებს თანასწორი უფლება აქვთ ისარგებლონ ტურისტული რესურსებით, ნაგებობებითა და ინფრასტრუქტურით, დაათვალიერონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, მათი ექსპლუატაციის წესების დაცვით, ამასთან ტურისტები ვალდებული არიან შეგნებულად გაუფრთხილდნენ ქვეყნისა და რეგიონის ბუნებრივ და კულტურულ გარემოს, მის სიმდიდრეებს, ტურისტულ ობიექტებს, მათ შორის რესურსებს.

 

 

მუხლი 18

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ტურისტებს, მათ შორის უცხოელებს და ტურისტებს, რომლებიც მოგზაურობენ საზღვარგარეთ, უფლება აქვთ შეხვდნენ, დაამყარონ და განახორციელონ არაკანონსაწინააღმდეგო, პირდაპირი ურთიერთობათა მოგზაურობის ან დასვენების ქვეყნის მოქალაქეებთან, არსებული წესების დაცვით მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ, კულტურულ და სხვა ადგილობრივ ღონისძიებებში ან დაესწრონ მათ.

 

 

მუხლი 19

 

 

ტურისტს უფლება აქვს გადაცვალოს ერთი ქვეყნის ვალუტა მეორე ქვეყნის ვალუტაზე, შეიძინოს, აიღოს დროებით სარგებლობაში, საკუთრებაში მიიღოს ჩუქების ან შესყიდვის ფორმით საქონელი, ნივთი ან სხვა საგნები, გაიტანოს ისინი ქვეყნის გარეთ ან შემოიტანოს ქვეყნის შიგნით საქართველოში და შესაბამის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის და წესების დაცვით.

 

 

მუხლი 20

 

 

ტურისტს უფლება აქვს სურვილისამებრ შეასრულოს და დაიცვას მისთვის ჩვეული ეროვნული, რელიგიური თუ სხვა კულტურული ტრადიციები, რიტუალები ან სხვა ქცევები, ატაროს შესაბამისი განსხვავებული ჩაცმულობა, ლიტერატურა ან სხვა ნივთები; ამასთან, ტურისტი ვალდებულია პატივი სცეს და გაგებით მოეკიდოს მოგზაურობისა და დასვენების ქვეყნის ან რეგიონების ეროვნულ და ეთნოგრაფიულ ჩვეულებებს, რელიგიურ და სხვა კულტურულ ტრადიციებს, არსებულ ან შექმნილ რეალობებს.

 

 

მუხლი 21

 

 

ტურისტს უფლება აქვს ტურიზმის ორგანიზატორებს და ტურისტულ მომსახურების გამწევთ მოსთხოვოს სრული ინფორმაცია, თუ როგორია მისი მოგზაურობის ან დასვენების ადგილის პირობები, მარშრუტი, მოგზაურობის ან დასვენების ფასები და შეღავათების სახეები, კომფორტულობის ხარისხი, გარანტიები და დაზღვევები და სხვა მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, მიმართოს და მოსთხოვოს პასუხი ტურიზმის ორგანიზატორს და ტურისტული მომსახურების გამწევს მათგან მიღებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შემთხვევაში.

 

 

მუხლი 22

 

 

ტურისტს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რომელთაც ტურიზმის, ტურისტებისა და მათი ცალკეული კატეგორიებისათვის ითვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრია საქართველოს რესპუბლიკა ან/და რომლის დებულებებსაც აღიარებს იგი. აგრეთვე შეღავათებით, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო, კერძო, პროფკავშირული, საზოგადოებრივი და სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების ან კერძო პირების მიერ ტურისტთა განსაზღვრული კონტინგენტისათვის ან ტურისტისთვის.

 

 

მუხლი 23

 

 

ტურისტს უფლება აქვს დაიცვას თავისი, როგორც მომხმარებლის ინტერესები, დაიზღვიოს თავი მოსალოდნელი რისკისაგან, როგორიც არის ავადმყოფობა, გაქურდვა, რეპატრიაციის აუცილებლობა და სხვა.

 

 

მუხლი 24

 

 

ტურისტს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოგზაურობის ან დასვენების ადგილზე მიიღოს სამედიცინო, იურიდიული და სხვა აუცილებელი დახმარება.

 

 

მუხლი 25

 

 

ტურისტს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობის საშუალებით უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს ოჯახს მისი ან მისი ქონების ხელყოფის შედეგად სერიოზული ზარალის შემთხვევაში.

 

 

მუხლი 26

 

 

საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ტურისტებს, რომლებიც მოგზაურობენ ან ისვენებენ საზღვარგარეთ, უფლება აქვთ პირადი ღირსების ან ქონების ხელყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ თავისი ქვეყნის საკონსულო, დიპლომატიურ, ტურისტულ ან სხვა სახელმწიფო წარმომადგენლობებს.

 

 

მუხლი 27

 

 

საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს აქვს უფლება, მისი ან მისი ქონების ხელყოფის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალის მიღების შემთხვევაში მოითხოვოს რეპატრიაცია იმ დროისათვის რეალურად არსებულ პირობებში უმოკლესი გზითა და უმოკლეს ვადაში, მოითხოვოს მისი კუთვნილი მოპარული და შემდეგ ნაპოვნი ქონების თავის ქვეყანაში დაბრუნება.

 

 

მუხლი 28

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ტურისტი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას.

 

 

მუხლი 29

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც იმყოფება ტურისტული მიზნებით საზღვარგარეთ, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს რესპუბლიკის და ტურისტული მოგზაურობის ან დასვენების ქვეყნის კანონმდებლობებს.

 

 

მუხლი 30

 

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ტურისტი პასუხს აგებს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ჩაიდინა დანაშაული.

 

 

მუხლი 31

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ ტურისტული მოგზაურობისას ან დასვენებისას ვალდებულია თავისი ქცევით მატერიალური თუ მორალური ზიანი არ მიაყენოს თავის ქვეყანას, გაუფრთხილდეს მის სახელს და ავტორიტეტს, დაიცვას ურთიერთობაში საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანური ნორმები და ეთიკა.

 

 

კარი VI

 

 

ტურიზმის ეკონომიკური საფუძვლები და დაფინანსება

 

 

მუხლი 32

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის რესპუბლიკური ორგანოს აპარატის შენახვის ხარჯები გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტით.

 

 

მუხლი 33

 

 

ტურიზმის დარგის საწარმოები და ორგანიზაციები მოქმედებენ სამეურნეო ანგარიშის პრინციპით და ასრულებენ თავის ვალდებულებებს ბიუჯეტის წინაშე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე.

 

 

მუხლი 34

 

 

ტურიზმის სისტემის საწარმოების ან ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან აღჭურვილი ხარჯები შეიძლება გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

 

მუხლი 35

 

 

საერთო დარგობრივი ამოცანების გადასაწყვეტად საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის რესპუბლიკურ ორგანოებში შეიძლება შეიქმნას ცენტრალიზებული ფონდები და რეზერვები, რომელთა შექმნაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

 

 

მუხლი 36

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ტურისტული საწარმოების შემოსავლის (მოგების) გარკვეული ნაწილი მიზნობრივად ხმარდება ძეგლთა დაცვის საქმეს. შემოსავლის (მოგების) აღნიშნული ნაწილის ოდენობა განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტებით.

 

 

კარი VII

 

 

ტურისტული საწარმოებისა და ტურისტების ურთიერთობა

 

 

მუხლი 37

 

 

ტურისტული საწარმო ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება (ვაუჩერი) ტურისტთან ტურისტული მოგზაურობის პირობების, ვადების, მიმოსვლის სახეობის, მოგზაურობის მთლიანად ან რომელიმე ნაწილის ჩაშლის, შეცვლის, გაუარესების ან გაუმჯობესების შემთხვევაში კომპენსაციების თაობაზე და სრულად უზრუნველყოს ტურისტი ხელშეკრულებით (ვაუჩერით) გათვალისწინებული მომსახურებით და პირობებით.

 

 

მუხლი 38

 

 

მხარეებს შორის დავის შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო.

 

 

კარი VIII

 

 

ტურიზმის დარგის სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და ატესტაცია

 

 

მუხლი 39

 

 

საქართველოში ტურიზმის დარგის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება ხორციელდება საქართველოს უმაღლესი და საშუალო-სპეციალურ, სახელმწიფო და კომერციულ სასწავლებლებში, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების შესაბამის სასწავლებლებში.

 

 

მუხლი 40

 

 

იმ სახელმწიფო და კომერციული უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სასწავლებლების სასწავლო გეგმებს, რომლებიც ამზადებენ ტურიზმის სპეციალისტებს, ამტკიცებენ საქართველოს რესპუბლიკის განათლების და ტურიზმის რესპუბლიკური ორგანოები.

 

 

მუხლი 41

 

 

ტურიზმის დარგის მუშაკთა ატესტაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

კარი IX

 

 

ტურისტული პროდუქტის, ტურისტული ნაწარმის პროპაგანდა და რეკლამა

 

 

მუხლი 42

 

 

ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს პროპაგანდა და რეკლამა გაუწიოს თავის პროდუქტს როგორც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

 

 

მუხლი 43

 

 

ტურისტულ საწარმოს კატეგორიულად ეკრძალება ტურისტული პროდუქტის პროპაგანდისა და რეკლამის დროს გამოიყენოს ისეთი მონაცემები, რომლებიც წინასწარგანზრახულად შეცდომაში შეყვანას მომხმარებელს პროდუქტის ან ნაწარმის ხარისხის ან სამომხმარებლო თვისებების საკითხებში.

 

 

მუხლი 44

 

 

ტურისტულ საწარმოს ეკრძალება გამოიყენოს ისეთი რეკლამა, რომელიც ბღალავს ბიზნესში მისი პარტნიორების კომერციულ ინტერესებს.

 

 

კარი X

 

 

შეღავათიანი ტურისტული მომსახურება

 

 

მუხლი 45

 

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყება-დაწესებულებები და ორგანიზაციები ვალდებული არიან დააწესონ შეღავათები საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის საგზურის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგების წილისა და სატრანსპორტო ბილეთების   საფასურის შემცირების და სხვა ხარჯზე.

 

 

კარი XI

 

 

ტურიზმი ინვალიდებისათვის

 

 

მუხლი 46

 

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დ არასახელმწიფო ტურისტული ორგანიზაციები, საწარმოები და დაწესებულებები შესაბამის საზოგადოებრივ და სახელმწიფო უწყებებთან, ორგანიზაციებთან, საწარმოებთან და დაწესებულებებთან ერთად უზრუნველყოფენ ინვალიდებსათვის ტურისტულ საწარმოებში, სასტუმროებში, ბაზებში, კემპინგებში, მოტელებსა და საექსკურსიო ავტობუსებში სპეციალური დანადგარების, ლიფტების და სხვა საჭირო მოწყობილობების დამონტაჟებას მათთვის ტურისტულ მოგზაურობაში მონაწილეობისათვის მოსახერხებელი პირობების შექმნის მიზნით.

 

 

კარი XII

 

 

უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვა ტურისტული მოგზაურობის დროს

 

 

მუხლი 47

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ტურისტული საწარმოები სატრანსპორტო და არასატრანსპორტო ტურისტული მოგზაურობის დაწყების წინ ვალდებული არიან ზედმიწევნით გააცნონ ტურისტებს უსაფრთხოების არსებული ნორმები და წესები.

 

 

მუხლი 48

 

 

ტურისტულ მოგზაურობაში მონაწილე პირები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან უსაფრთხოების არსებული ნორმები და წესები.

 

 

მუხლი 49

 

 

ორგანიზებული სატრანსპორტო ტურისტული მოგზაურობის დროს ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ჯგუფის ხელმძღვანელები ან ჯგუფის გამყოლები.

 

 

მუხლი 50

 

 

ორგანიზებული არასატრანსპორტო (ქვეითი, საცხენოსნო, სამთო, სპელეო და სხვა) ტურისტული მოგზაურობის დროს ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ინსტრუქტორები.

 

 

მუხლი 51

 

 

თვითმოქმედი, არაორგანიზებული, არასატრანსპორტო ტურისტული მოგზაურობისას ტურისტები ვალდებული არიან მოგზაურობის ვადებზე და მარშრუტზე შეუთანხმდნენ სამოგზაურო რეგიონში მოქმედ საკონტროლო-სამაშველო სამსახურებს.

 

 

მუხლი 52

 

 

ექსტრემალურ სიტუაციებში ტურისტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი ძებნა და ევაკუაცია ევალებათ ტურიზმის სისტემის საკონტროლო-სამაშველო სამსახურებს.

 

 

კარი XIII

 

 

ტურიზმის მუშაკთა სოციალური დაცვა

 

 

მუხლი 53

 

 

ტურიზმის მუშაკთა სოციალური დაცვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე.

 

 

კარი XIV

 

 

პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

 

 

მუხლი 54

 

 

ამ კანონის დამრღვევები პასუხს აგებენ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

 

 

სახელმწიფოს მეთაური                                      ედუარდ შევარდნაძე.

 

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                ვახტანგ გოგუაძე.

 

 

თბილისი, 1995 წლის 1 ივნისი.

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია