საპენსიო შეთანხმების წესი

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2002-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-22
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.12.220.005.214
საპენსიო შეთანხმების წესი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.12.220.005.214

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №4

2002 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საპენსიო შეთანხმების წესი

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საპენსიო შეთანხმების წესი” (თან ერთვის)

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

ა. ცერცვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №133/ნ-სსმIII, №137,25.10.2010წ.,მუხ.1993

საპენსიო შეთანხმების წესი

    მუხლი 1

1. „საპენსიო შეთანხმების წესები” მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო შეთანხმების წესის დადგენას.

2. საპენსიო შეთანხმების წესი არეგულირებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისას ურთიერთობებს არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს (შემდგომში დამფუძნებელი), მეანაბრეს და არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეს (შემდგომში მონაწილე) შორის.

    მუხლი 2

1. შეთანხმება შეიძლება დაიდოს:

ა) დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ;

ბ) დამფუძნებელსა და მონაწილეს შორის, თუ მონაწილე ამავე დროს არის მეანაბრე თავის სასარგებლოდ;

გ) დამფუძნებელსა და მისი ორგანიზაციის მუშაკებს შორის, თუ დამფუძნებელი ამავე დროს არის მეანაბრე თავის მუშაკების სასარგებლოდ.

    მუხლი 3

1. თუ შეთანხმება იდება მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს შორის, მაშინ ის უნდა მოიცავდეს:

ა) შეთანხმების ხელმოწერისა და ძალაში შესვლის თარიღს.

ბ) დამფუძნებლის სახელწოდებას, მისამართს, რეგისტრაციის ნომერს, რეკვიზიტებს, საიდენტიფიკაციო კოდს, ლიცენზიის ნომერსა და მისი გაცემის თარიღს.

გ) სქემის სახლწოდებასა და რეგისტრაციის ნომერს.

დ) იმ პირის ვინაობას, პირად ნომერს და მისამართს, ვის სასარგებლოდაც იდება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის შეთანხმება.

ე) ინფორმაციას მეანაბრის შესახებ:

ე.ა. ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირის ვინაობას, მისამართსა და პირად ნომერს;

ე.ბ. იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, მისამართს, რეგისტრაციის ნომერს, რეკვიზიტებს და საიდენტიფიკაციო კოდს.

ვ) შეთანხმების საგანს, პენსიის ოდენობას (გასაცემი პენსიის ოდენობის სქემის შემთხვევაში) და საპენსიო სქემის ტიპს.

ზ) სადაზღვევო შენატანების მინიმალურ ოდენობას.

თ) შენატანების განხორციელების წესს.

ი) პენსიის გადახდის წესს.

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

ლ) შეთანხმების შეწყვეტის წესს.

მ) მეანაბრის მიერ საპენსიო სქემაში განხორციელებული შენატანების, ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ან სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში გადატანის წესებსა და პირობებს.

2. თუ შეთანხმება იდება მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს შორის, მაშინ ის უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მე-3 მუხლის 1 პუნქტის, ა), ბ), გ), ვ), ზ), თ), ი), კ), ლ), მ) ქვეპუნქტების მიხედვით.

ბ) სქემის მონაწილის ვინაობას, პირად ნომერს და მისამართს.

3. თუ შეთანხმება იდება მე-2 მუხლის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს შორის, მაშინ ის უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მე-3 მუხლის 1 პუნქტის ა), ბ), გ), ვ), ზ), თ), ი), კ), ლ), მ) ქვეპუნქტების მიხედვით.

ბ) დამსაქმებელთან დადებულ შეთანხმებაზე მუშაკების მიერთების წესსა და პირობებს.

    მუხლი 4

1. სადაზღვევო შეთანხმება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დამფუძნებლის მიერ მონაწილის მიმართ პენსიის გაცემის ვალდებულების შესრულებისას;

ბ) მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლისას;

გ) მონაწილის საპენსიო სქემიდან გასვლისას;

დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისას;

ე) საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალებისას.

კრებსითი — სრული ვერსია