“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2001-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
290.160.000.12.220.004.994
“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.12.220.004.994

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №22

2001 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი” (თან ერთვის)

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №15-სსმIII, №82, 14.08.2002წ.; მუხ.749

2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №36-სსმIII, №167, 13.12.2006წ.; მუხ.2270

3. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №110/01-სსმIII, №96, 04.08.2010წ.; მუხ. 1417

 

 

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი

    მუხლი 1

1. ,,დაზღვევის  (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი” შემუშავებულია ,,დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს სადაზღვევო ორგანიზაციების აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის გამოთვლისა და გამოყენების წესს.

2. აღნიშნული წესი არ გამოიყენება დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევის სახეობებში აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრისას.

    მუხლი 2

1. “დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის თანაფარდობის ნორმატივში გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) A – თავისუფალი აქტივების ნორმატიული ოდენობა; ამ ნორმატივის მიხედვით, აქტივების ფაქტიური ოდენობა არის მზღვეველის ქონება, გამოსახული ძირითად საშუალებებში, მატერიალურ ფასეულობებში, ფულად საშუალებებში და ფინანსურ დაბანდებებში. ხოლო, თავისუფალი აქტივები არის მზღვეველის ქონება, რომლებიც განთავისუფლებულნი არიან მომავალი ვალდებულებისაგან გარდა დამფუძნებლის (აქციონერების) წინაშე ვალდებულებისა. ფაქტიური თავისუფალი აქტივები გამოითვლება შევსებული საწესდებო კაპიტალის, სარეზერვო ფონდის (დამატებითი კაპიტალის), წინა წლების და მიმდინარე წლის გაუნაწილებელი მოგების სხვა და სხვა ფონდების ჯამს გამოკლებული არამატერიალური აქტივები და დაუფარავი ხარჯები. დამატებითი კაპიტალი არის მზღვეველის ქონების (გარდა იმ ქონებისა რომელიც შეძენილია სადაზღვევო რეზერვების ხარჯზე) ის ზედმეტი ნაწილი, რომელიც დაფიქსირდა ქონების გადაფასების დროს. არამატერიალური აქტივები გამოირიცხება თავისუფალი აქტივების ფაქტიური ოდენობიდან ნარჩენი საბალანსო ღირებულებით.

ბ) P (P‘) – მილიონ ლარზე ნაკლები სადაზღვევო პრემია (მილიონ ლარზე მეტი სადაზღვევო პრემია) – მოქმედ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული ჯამური სადაზღვევო ბრუტო-პრემია გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შექმნაზე მიმართული თანხების, აკვიზიციური ხარჯებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით;  

გ) P1- პრემიების ინდექსი;

დ) Z (Z‘) – 0.7 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალების ოდენობა (0.7 მილიონ ლარზე მეტი ზარალე-ბის ოდენობა) – მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობას დამატებული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის ოდენობა დაზღვევის (გარდა სიცოცხლის) სახეობების მიხედვით.

ე) Z1- ზარალიანობის ინდექსი;

ვ) K- შესწორების კოეფიციენტი. იგი გამოითვლება საანგარიშო წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ ანაზღაურებულ ზარალს გამოკლებული დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში) გადამზღვევის წილი ანაზღაურებულ ზარალში, შეფარდებული მთლიანად საანგარიშო წლის განმავლობაში ანაზღაურებულ ზარალზე. აღნიშნული კოეფიციენტი თუ არ არის ნაკლები 0,5 მაჩვენებელზე, მაშინ კოეფიციენტი იანგარიშება 0,5 ოდენობით;

ზ) K1 – შესწორების კოეფიციენტი, რომელიც დაკავშირებულია მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით ნაკისრ ვალდებულებასთან.

2. შესწორების კოეფიციენტი არ გამოიყენება თავისუფალი აქტივების ნორმატივით   განსაზღვრული ოდენობის გამოთვლის დროს, თუ საანგარიშო პერიოდში მზღვეველს აქვს გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №15-სსმIII, №82, 14.08.2002წ.; მუხ.749

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №36-სსმIII, №167, 13.12.2006წ.; მუხ.2270

    მუხლი 3

დაწესდეს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი

A>P1K - სა და Z1K-ს შორის მეტზე

 

სადაც,

P1= 0,19 P + 0,17 P‘

Z1= 0,27 Z + 0,24 Z‘

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №36-სსმIII, №167, 13.12.2006წ.; მუხ.2270

    მუხლი 4

K1 (შესწორების კოეფიციენტი) გამოითვლება მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით (გადაზღვევის გარეშე) ნაკისრი ვალდებულებების შეფარდებით მის აქტივებთან. ეს კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 0,15-ს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2002 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №15-სსმIII, №82, 14.08.2002წ.; მუხ.749

 

    მუხლი 5

1. მზღვეველს, რომლის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი შეუსაბამობამობაშია ამ წესის მოთხოვნებთან, მიეცემა მითითება არაუმეტეს 2 თვის ვადაში ამ წესით გათვალისწინებული ეკონომიკური ლიმიტის დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე.

2. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური გაატარებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.

კრებსითი — სრული ვერსია