“ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
247/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-21
სარეგისტრაციო კოდი
470.060.000.11.119.004.547
“ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.004.547

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №247/ნ

2000 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით დასაშვებია არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ამასთან ფიზიკურ პირს უფლება აქვს გაიტანოს ან შემოიტანოს საქართველოში სამკურნალო საშუალებები პირადი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოსატანი და გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობის დადგენის მიზნით, ვბრძანებ:

1. არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის განისაზღვროს ავადმყოფთა შემდეგი კატეგორიების და სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:

ა. ქრონიკული ავადმყოფებისათვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე – დანიშნული სამკურნალო საშუალების დღიური დოზის მიხედვით განსაზღვრული ოდენობით:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის – ვიზის მოქმედების ვადის შესაბამისად დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.

ა.ბ) საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის – წამლის ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ბ. არაქრონიკული ავადმყოფებისათვის:

ბ.ა) სიმპტომატური მკურნალობისათვის – არა უმეტეს ხუთი არაჰოსპიტალური შეფუთვისა.

ბ.ბ) არასიპტომატიური მკურნალობისათვის 1 მკურნალობის კურსისათვის საჭირო ოდენობით.

2. საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული  სამკურნალო საშუალებების გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის განისაზღვროს ავადმყოფთა შემდეგი კატეგორიებისა და სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:

ა.  ქრონიკული ავადმყოფებისათვის – „შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დანიშნული სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მოწვევა და სხვა)  დღეების რაოდენობაზე.

ბ. არაქრონიკული ავადმყოფებისათვის:

ბ.ა) სიმპტომატური მკურნალობისათვის არა უმეტეს ხუთი არაჰოსპიტალური შეფუთვისა.

ბ.ბ) არასიმპტომატური მკურნალობისათვის 1 მკურნალობის კურსისათვის საჭირო ოდენობით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

კრებსითი — სრული ვერსია