კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5489
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

2. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

3. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

4. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი–მე-3 პუნქტების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5489–IIს

კრებსითი — სრული ვერსია