საქართველოს მთავრობის
დადგენილება №203
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ., მუხ.1954
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 29.12.2014წ.
მუხლი 1
პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს თანდართული დებულება.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 29.12.2014წ.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულება
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული სათათბირო ორგანო, რომლის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერა.
2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ., მუხ.1954
მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს მხარეები, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, არიან საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაციები/გაერთიანებები, დასაქმებულთა პროფესიული კავშირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მოწვეული სტუმრის სტატუსით.
5. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ექსპერტებს მოწვეული სტუმრის სტატუსით.
6. საბჭოს წევრის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ:
ა) საკუთარი ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისი ფიზიკური პირის ან იმ დაწესებულების/იურიდიული პირის ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც არის საბჭოს წევრი;
ბ) საბჭოს წევრის მიერ დაკავებული იმ თანამდებობის/პოზიციის დატოვების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც იგი წარდგენილია საბჭოს წევრად. ამ შემთხვევაში, დაწესებულება/იურიდიული პირი, რომელსაც წარმოადგენს საბჭოს წევრი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს სამდივნოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს მას საბჭოს წევრის სხვა კანდიდატურა ან აცნობოს უარი საბჭოში წევრის სხვა კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით;
გ) საბჭოს წევრის არაეთიკური ქცევის ან საბჭოს წევრის მიერ საბჭოს რეგლამენტის უხეში ან/და ხშირი დარღვევის შემთხვევაში;
დ) წლის განმავლობაში ორგანიზებულ საბჭოს სხდომათა რაოდენობის ნახევარზე მეტზე საბჭოს წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
საქართველოს 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №254-ვებგვერდი,29.06.2011წ.
მუხლი 3. საბჭოს მიზანი
საბჭოს მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების სფეროში პოლიტიკის ფორმირების პროცესში საბჭოს მხარეების ჩართულობის, მათ მიერ პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების საქართველოს მთავრობისთვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის მომზადების გზით.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭო:
ა) შეიმუშავებს/ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიასა და პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით;
ბ) ამზადებს წინადადებებს პროფესიული განათლების სფეროში სხვადასხვა კომისიისა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე;
გ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას;
დ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს და იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საბჭოს რეგლამენტს.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
მუხლი 41. საბჭოს მხარეთა ვალდებულებები
1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საბჭოს მხარეების ჩართულობა სხვადასხვა სტრატეგიული საკითხების განხილვის პროცესში;
ბ) უზრუნველყოს საბჭოს მხარეების დროული ინფორმირება, საბჭოს სხდომის ორგანიზება, საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და ოქმების გაზიარება;
გ) უზრუნველყოს სოციალური პარტნიორობის პრინციპის წახალისება პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე;
დ) უზრუნველყოს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული საჯარო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია პროფესიული განათლების კუთხით;
ე) უზრუნველყოს საბჭოს სამდივნოს დაკომპლექტება ადამიანური რესურსით და მისი ფუნქციონირება, რაც გამოიხატება საბჭოს სამდივნოს მიერ ინფორმაციის დროულ მოძიებაში, დამუშავებასა და გაზიარებაში, საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვაში, საბჭოს სხდომების ოქმების შედგენასა და საბჭოს წევრ მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაში;
ვ) საბჭოს სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოს სხვადასხვა კვლევებისთვის კითხვარების დაგეგმვა/მომზადება და სოციალური პარტნიორებისთვის მიწოდება მათი შევსების მიზნით;
ზ) საბჭოს სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოს სოციალური პარტნიორების მიერ ინიცირებული/დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების კოორდინაცია და ამასთან დაკავშირებით საბჭოს წევრ მხარეთა ინფორმირება, ასევე, მათი ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
2. დამსაქმებელთა ასოციაცია/გაერთიანება ვალდებულია:
ა) წარმართოს კომუნიკაცია საკუთარი ორგანიზაციის წევრებთან, მიაწოდოს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ და საბჭოს წევრ მხარეებს წარუდგინოს საკუთარი ორგანიზაციის წევრების შეჯერებული პოზიციები;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული/დაგეგმილი კვლევების ადმინისტრირებაში მის წევრ ორგანიზაციებში კითხვარების გავრცელების სახით. საბჭოს სამდივნოს წარუდგინოს შევსებული კითხვარები და/ან შესაბამის შემთხვევაში, განახორციელოს შეგროვილ მონაცემთა ანალიზი;
გ) უზრუნველყოს თავისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ექსპერტთა ჩართულობა პროფესიული სტანდარტების მომზადების/გადახედვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/გადახედვის პროცესში;
დ) უზრუნველყოს წევრი ორგანიზაციების მონაწილეობა კვალიფიკაციის მინიჭების/აღიარების პროცესებში;
ე) ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში საწარმოო ბაზაზე პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას;
ვ) გაუწიოს მხარდაჭერა თავის წევრ ორგანიზაციებში იმ პირთა დასაქმებას, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული დიპლომით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაერთოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებული მოდულების, ასევე, ტრენინგ-მოდულების მომზადებისა და დანერგვის პროცესში, როგორებიცაა, მაგალითად: მომხმარებელთან ურთიერთობა, შრომის უსაფრთხოება, დისციპლინა, ჰიგიენა, პროფესიული ეთიკა, მეწარმეობა, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, სურსათის უვნებლობა;
თ) ხელი შეუწყოს თავის წევრ ორგანიზაციათა საწარმოო ბაზაზე პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადებას;
ი) თავისი წევრი ორგანიზაციების ჩართულობით უზრუნველყოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული დარგობრივი საბჭოების განვითარება და ფუნქციონირება;
კ) პარტნიორობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა WorldSkills-ის კონკურსისთვის სპონსორების მოძიებასა და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში;
ლ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში;
მ) წელიწადში ერთხელ, უზრუნველყოს პროფესიული განათლების თემატიკაზე კონფერენციის ორგანიზება;
ნ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი, საერთაშორისო დამსაქმებელი/დონორი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში;
ო) თავისი წევრი ორგანიზაციების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებში.
3. დასაქმებულთა პროფესიული კავშირი ვალდებულია:
ა) ჩაერთოს პროფესიული ორიენტაციის პროცესში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული სტანდარტების გადახედვის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში;
გ) სახელმწიფოს მხარდაჭერით უზრუნველყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის და პროფესიული სტუდენტებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმებთან, შრომის კულტურასთან, სოციალური დიალოგის ევროპულ მოდელთან, სამუშაო ადგილზე სოციალური დიალოგის კულტურის ამაღლებასთან, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე მასტერკლასების ორგანიზება დარგის ექსპერტების ჩართულობით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაერთოს შრომით უფლებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებული, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებული მოდულების, ასევე, ტრენინგ-მოდულების მომზადებისა და დანერგვის პროცესში;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელიწადში ორჯერ, გამართოს კონფერენცია პროფესიული განათლების შესახებ;
ვ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში;
ზ) სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მოახდინოს პოტენციური ბენეფიციარების ინფორმირება შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საგანმანათლებლო პროცესების შესახებ;
თ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში, სამეთვალყურეო საბჭოებში ჩართულობის გზით;
ი) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულ დარგობრივ საბჭოებში ჩართულობის მიზნით მისი წევრების (დარგის ექსპერტების) სტიმულირებას;
კ) გამოუყოს სათანადო სივრცე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
4. სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულია:
ა) მიიღოს მონაწილეობა პროფესიული სტანდარტების გადახედვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში (დარგის ექსპერტთა ჩართვის გზით);
ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში;
გ) წელიწადში ერთხელ, გამართოს კონფერენცია პროფესიული განათლების შესახებ საბჭოს წევრი მხარეების ჩართულობით;
დ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში;
ე) ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში საწარმოო ბაზაზე პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას სხვადასხვა პროექტებში პროფესიული სტუდენტების ჩართვის გზით;
ვ) მიიღოს მონაწილეობა WorldSkills-ის კონკურსისთვის სპონსორების მოძიებაში;
ზ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში, სამეთვალყურეო საბჭოებში მონაწილეობის გზით.
მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები
1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით.
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც წარმართავს სამუშაო ჯგუფის მუშაობას.
5. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭოს სამდივნოს მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.
6. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.
7. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
მუხლი 6. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე, რომელიც კურატორობს პროფესიულ განათლებას.
3. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს სამდივნოს წევრი.
4. საბჭოსთან იქმნება საბჭოს სამდივნო, რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.
5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს მხარეების წევრთა ნახევარი მაინც.
6. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს მხარეებს, აგრეთვე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და საბჭოს სხდომაზე მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს.
8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრ მხარეთა შორის კონსენსუსის გზით, ხოლო მხარის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნეს ხმათა უმრავლესობით.
9. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს ოქმის მიწოდებას საბჭოს წევრების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
11. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
საქართველოს 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №317-სსმIII,№134,19.10.2010წ.,მუხ.1954
მუხლი 7. დასკვნითი დებულება
საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.