რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
827
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-06
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად მიიჩნევს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აგრეთვე სხვა რელიგიურ კონფესიებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას;

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს აღმსარებლობისა და რწმენის გამო ადამიანის დევნას;

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას უკანასკნელ პერიოდში ახალწარმოქმნილი, ექსტრემისტული რელიგიური გაერთიანებების მხრიდან საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო, აგრესიული გამოხდომების გახშირებისა და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების უფლებათა დარღვევის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის გამო;

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და ქვეყანაში არსებული ტრადიციული რელიგიური კონფესიების ერთობლივ განცხადებებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში თანამშრომლობის შესახებ;

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად თვლის სახელმწიფოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ურთიერთობის სამართლებრივ რეგულირებას;

საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობისა და რწმენის მოქალაქეთა გამაერთიანებელი ფაქტორი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპი.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და აღკვეთონ რელიგიური ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება.

2. საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენას და საქართველოს მოქალაქეთა აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებათა დაცვას.

3. დაევალოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს მოამზადონ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების მიზნით.

4. დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტს, სისტემატურად წარუდგინოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

2001 წლის 30 მარტი.

№827–IIს

კრებსითი — სრული ვერსია