ლუსტრაციის მექანიზმის შემუშავების დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1268
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-02-20
გამოქვეყნების თარიღი
1998-02-21
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
ლუსტრაციის მექანიზმის შემუშავების დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ლუსტრაციის მექანიზმის შემუშავების დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოში სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სახელმწიფო უშიშროების ინტერესების დაცვის, ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებში უცხო ქვეყნის აგენტურის შეღწევისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ტერორისტული აქტების აღკვეთის, საჯაროობისა და ლუსტრაციის პრინციპების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტს აუცილებლად მიაჩნია შესწავლილ იქნეს და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მიეცეს საქართველოში არსებული ყოფილი სსრკ-ის, საქართველოს სსრ-ის და საქართველოს უშიშროების ორგანოთა არქივებში დაცულ, საბჭოთა სუკ-ის აგენტურასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში შექმნას სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა არქივებში დაცული, ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების ორგანოებთან აგენტურის სახით დაკავშირებულ პირთა სიების და ასეთი თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტების მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია საქართველოს პარლამენტის წევრების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და, საჭიროებისამებრ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადობრიობის წარმომადგენლების მონაწილეობით, დაამტკიცოს კომისიის მუშაობის რეგლამენტი და მუშაობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის, აგრეთვე საზოგადოებრიობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ფორმა.

2. კომისიამ ერთი თვის ვადაში შეისწავლოს აღნიშნული მასალები, შეიმუშაოს და წარმოადგინოს არსებული დოკუმენტების შენახვისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმები და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ფორმირებისას ყოფილი სსრკ-ის, საქართველოს სსრ-ის სუკ-ის აგენტურის ლუსტრაციისა და სახელმწიფო სამსახურში გარკვეულ თანამდებობებზე მისი დაუშვებლობის უზრუნველყოფისათვის საჭირო მექანიზმის შესაქმნელი წინადადებები.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  ზ. ჟვანია

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი

№1268–IIს.

კრებსითი — სრული ვერსია