„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-06-28
გამოქვეყნების თარიღი
1996-07-30
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. „რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობათა დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 22 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად დადებული სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები 1996 წლის 31 დეკემბრამდე მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონთან. 1997 წლის 1 იანვრიდან ამ კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულებები ბათილია.

3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიღებული მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული აქტები ბათილია.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მაქსიმალური ვადა განსაზღვრულია 49 კალენდარული წლით.

6. ერთი იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზღვრულ ფართობს ადგენს და რაიონებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, მათ შორის საზამთრო და საზაფხულო საძოვრებით სარგებლობის საკითხს არეგულირებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 28 ივნისი.

№330–IIს

კრებსითი — სრული ვერსია