საქართველოს პარლამენტის დადგენილება
9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოცხადების შესახებ
საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდია ცხრა აპრილის მნიშვნელობა. ამ დღეს ქართველმა ერმა ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა უმანკო სისხლი და ამ დღესვე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამდენად ეს დღე არა მარტო ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა, არამედ საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის დღეც არის. ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ.
2. 9 აპრილი აღინიშნოს ყოველწლიურად და გამოცხადდეს უქმე დღედ.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 8 აპრილი.
№211