საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11. 11. 1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№185-რს