საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., №33, 31 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „საფინანსო“ შეიცვალოს სიტყვით „ქონებრივი“, ხოლო მესამე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე), მისი თანხმობის გარეშე”.
2. 54-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ” ქვეპუნქტი:
„ლ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“.
3. 56-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 17 ოქტომბერი.
№988–Iს