კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-29
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.018416
კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №32

2015 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

 

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

დიმიტრი ქუმსიშვილი  − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

მიხეილ ჩხენკელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი;

მამუკა ბახტაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს წევრი;

ზურაბ ალავიძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს წევრი;

თეა წულუკიანი  − საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი;

ლევან იზორია − საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

ლევან დავითაშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

გიორგი ჩერქეზიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

რომან კაკულია − საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

გიორგი ზვიადაძე − სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

გიორგი კვესიტაძე − სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;

ნიკოლოზ გოგილიძე − სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

მანანა მიქაბერიძე − სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

გიორგი ბაჩიაშვილი − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი,  საბჭოს წევრი;

ლევან კილაძე − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „ლემონდუს“ დირექტორი,  საბჭოს წევრი;

პაპუნა ტოლიაშვილი − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „სინერჯი ჯგუფის“  დირექტორი, საბჭოს წევრი;

გია დვალი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

დავით ფრანგიშვილი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

ზაზა შათირიშვილი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

მერაბ კოკაია − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

ავთანდილ კასრაძე − სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე,  საბჭოს მდივანი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №271 - ვებგვერდი, 17.06.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №527 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 იანვრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 14.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №441 – ვებგვერდი, 28.09.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №599 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




კვლევებისა და ინოვაციების   საბჭოს  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში - საბჭო) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია მეცნიერების განვითარების,  კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ამ დებულების შესაბამისად.

3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები

საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს რეკომენდაციები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დარგების განვითარების ეტაპების განსაზღვრისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების დაგეგმვის შესახებ; 

ბ) ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, ინტელექტუალური პროდუქტების და ინოვაციების მთავარ საექსპორტო პროდუქტად ქცევის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების და ინოვაციების ყველა დარგში შეღწევის და აღნიშნული ინსტრუმენტებით ქართული ეკონომიკური დარგების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სტრატეგიის - „ინოვაციური საქართველო 2020“ პროექტის შემუშავების და სტრატეგიიდან გამომდინარე, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული პროგრამების განსაზღვრის და განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის, ცოდნის და ინოვაციების კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ადაპტაციის, ინოვაციური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშეწყობისათვის საბიუჯეტო ფინანსური რესურსების გამოყოფის, ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის  ხელშეწყობა;

დ) ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების და პროექტების უწყებათაშორის კოორდინაციაში ხელშეწყობა;

ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის, საექსპორტო პროგრამირების განვითარებისათვის  სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის  ხელშეწყობა;

ვ) ყველა დარგის მეცნიერთაგან  საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა მხარდაჭერის ხელშეწყობა; საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; დამოუკიდებელ წარჩინებულ ლიდერ მკვლევართა საქმის წახალისების ხელშეწყობა; დღევანდელი და ხვალინდელი დღის საუკეთესო ქართველ მკვლევართა სტატუსისა და ხილვადობის გაზრდის ხელშეწყობა;

ზ)  ამ დებულებიდან გამომდინარე ან/და ნორმატული აქტით დადგენილი სხვა ფუნქციები, რომლებიც ემსახურება საბჭოს ამოცანების შესრულებას.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებების და სამართლებრივი აქტების პროექტები, რომლებიც ეხება ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ორგანიზებასა და განვითარებას;

ბ) განახორციელოს ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის, ცოდნის და ინოვაციების კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ადაპტაციის, ინოვაციური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშეწყობისათვის, ასევე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების და პროექტების განხორციელებისათვის დამატებითი საბიუჯეტო ფინანსური რესურსების გამოყოფის ხელშეწყობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს მუშაობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის მიზნით, შექმნას თემატური და ტექნიკური სამუშაო საკონსულტაციო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, მეცნიერებათა საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, მოიწვიოს საერთაშორისო მრჩევლები;

ე) შექმნას მენტორული სამუშაო ჯგუფი საბჭოს მიერ განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, რომლის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდნენ ქართული და საერთაშორისო წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები;

ვ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ;

ზ) კოორდინაცია გაუწიოს ინოვაციური საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადებას და  საქართველოს მთავრობას  წარუდგინოს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური საქმიანობების და ამ მიზნით გამოყენებული ფინანსური რესურსების შესახებ წლიური ანგარიში ყოველი წლის თებერვალში.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №599 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი

1.  საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

ბ) უძღვება საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

3.  საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

7.საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების, საბჭოს თავჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

8. საბჭო პირველივე სხდომაზე ქმნის მენტორულ სამუშაო ჯგუფს, ამტკიცებს მის შემადგენლობასა და  განსაზღვრავს მის ფუნქციებს.

9. საბჭო, საოქმო გადაწყვეტილებით, თემატურ სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და საბჭოს სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

10.საბჭოს სხდომების ოქმებს და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი. იგი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დოკუმენტების ადრესატებისთვის დროულად გაგზავნას.

11.  საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე  მეცნიერებათა საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები/სპეციალისტები.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა

1.  საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში -სააგენტო).

2.    სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საბჭოს დავალებათა შესრულების მიზნით, საბჭოს წევრთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) საბჭოს დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

გ) საბჭოს მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

დ) საბჭოს პირველივე სხდომაზე მენტორული სამუშაო ჯგუფის დებულებისა და  შემადგენლობის წარდგენას;

ე) საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზებას და სამუშაო ჯგუფების თანამოქმედების კოორდინაციას;

ვ) საბჭოს მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


კრებსითი — სრული ვერსია