ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2018-05-08
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016273
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №150

2014 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი



ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს  საქართველოს  ტერიტორიაზე  საქართველოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების  მართვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შემთხვევის შემდგომი რეაგირების განხორციელების წესს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.01.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №-2-325- ვებგვერდი, 10.05.2018წ.


მუხლი 2. კანონმდებლობა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სფეროში
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის შემთხვევაში  პასუხისმგებელი უწყებები საკუთარი კომპეტენციის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,  „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. წესის მიზანი და ამოცანა
1. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ამავე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების  ოპერატიული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირებისთვის  იურიდიული საფუძვლის შექმნა.
2. ამ წესის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი  სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების  და მათი მოქმედებების  კოორდინაცია რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არალეგალური მიმოქცევა - დანაშაულებრივი განზრახვით ბირთვული ან/და რადიოაქტიური ნივთიერებების  შეძენა, შენახვა, ფლობა, გამოყენება, გადამუშავება, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა და სხვა ანალოგიური ქმედება;
ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან;
გ) რადიოაქტიური დაბინძურება (კონტამინაცია)− ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას;
დ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო;
ე) დეკონტამინაცია - ტექნიკური ღონისძიებების  (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან სრული ან ნაწილობრივი გასუფთავება.

მუხლი 5. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები
საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში  (იზოლირება,  რადიოლოგიური  შეფასება, რადიოლოგიური უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, შენახვა) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი  უწყებებია:
ა)   საქართველოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
ბ) სააგენტო;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.01.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №-2-325- ვებგვერდი, 10.05.2018წ.


მუხლი 6. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდგომი რეაგირების პროცედურა
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდეგ:

ა) განსაზღვრავს და შემოფარგლავს უსაფრთხო ზონას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რადიაციული უსაფრთხოება;

ბ) ატყობინებს სააგენტოს არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას რადიოლოგიური შეფასებისას ნივთიერი მტკიცებულების საგამოძიებო ღირებულების დაცვის მიზნით.“

2. სააგენტო:

ა) უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;

ბ) პირველადი რადიოლოგიური შეფასების ჩატარების მიზნით, უზრუნველყოფს ადგილზე შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას;

გ) აფასებს რადიაციულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლაზე;

დ) განსაზღვრავს გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრეს უსაფრთხო ზონის საზღვრიდან ნივთიერი მტკიცებულების მიმართულებით და აფიქსირებს მიღებულ მნიშვნელობას მისგან 1 მეტრ მანძილზე;

ე) მიღებული შედეგების საფუძველზე ატარებს გაზომვებს გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრის დასადგენად ნივთიერი მტკიცებულების მტკიცების ზედაპირზე (ზედაპირიდან დაახლოებით 10 სმ.) რადიაციული დაცვის პრინციპის გათვალისწინებით;

ვ) ატარებს ნივთიერი მტკიცებულების გამასპექტრომეტრულ კვლევას სავარაუდო რადიონუკლიდური შემადგენლობის განსასაზღვრად;

ზ) ადგენს ნეიტრონული ნაკადის სავარაუდო არსებობას;

თ) გაზომვების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ნივთიერი მტკიცებულების ალფა და/ან ბეტაგამოსხივების ინტენსივობის შეფასებას;

ი) ატარებს ნივთიერი მტკიცებულებისა და შემთხვევის ადგილის მონიტორინგს რადიაციულ დაბინძურებაზე, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციის საჭიროებას;

კ) რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის ნივთიერი მტკიცებულების ტრანსპორტირების რადიაციული უსაფრთხოების პირობებს;

ლ) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღრიცხვას მათი შემდგომი კონტროლის მიზნით;

მ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.

3. საქართველოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო:
ა) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.01.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №-2-325- ვებგვერდი, 10.05.2018წ.


მუხლი 7. ნივთიერი მტკიცებულების შემოწმების აქტი
1. შემოწმების დასრულების შემდგომ სააგენტოს  უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება რეაგირებისას განხორციელებული გაზომვების დეტალური აღწერა. შემოწმების აქტს ხელს აწერენ რეაგირებაში მონაწილე უწყებების უფლებამოსილი პირები.
2. შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მეორე – საქართველოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ხოლო მესამე – ინახება სააგენტოში.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 28.01.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №-2-325- ვებგვერდი, 10.05.2018წ.



კრებსითი — სრული ვერსია