„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში (სსიპ “საქართველოს საკონონმდებლო მაცნე“, ს/კ 010250000.35.170.016032, 14.08.2014) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
1.„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“
2.ამავე წესის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
3.ამავე წესის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვა-პატრონობის ხარჯების ანაზრაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუქტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით“.
|