„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.
2. ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო არამაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით.“.
|