საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 555
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის ქალაქ თბილისში, მაჩაბლის ქ. №11-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 622 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.05.077.013) და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით – 3210.59 კვ.მ (I სართული – 654.28 კვ.მ, II სართული – 876.46 კვ.მ, III სართული – 866.30 კვ.მ, IV სართული – 813.55 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე, შემდეგი პირობებით:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გაცემის ვადა განისაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით;
ბ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამ პუნქტში მითითებული ქონების სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა;
გ) ამ პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წლის 31 ოქტომბრამდე ამ განკარგულებაში მითითებული ფართობით უზრუნველყოს „ თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომიტეტი“ .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური