„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1983-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010190010.05.001.017317
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში  (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

 

მუხლი 3

1. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით და უმრავლესობისა და  უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. 

3. მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების კვოტით, ხოლო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით შეუძლიათ ხელი მოაწერონ მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას.

4. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 თებერვალი 2014 წ.

N1983-IIს

კრებსითი — სრული ვერსია