საქართველოს მთავრობის
დადგენილება №135
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
1. შეიქმნას სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
2. სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 17 ერთეულით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №242-სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ.1701
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №242-სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ.1701
2.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №135-სსმIII, №96, 21.07.2006წ., მუხ.1274
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. აპარატის დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციას, ამოცანებსა და ფუნქციებს და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
3. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით.
4. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
6. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
მუხლი 2. აპარატის ძირითადი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და კომპეტენცია
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართვე-ლოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო მინისტრის სამუშაო განრიგის შედგენასა და შესრულების ორგანიზებას, სახელმწიფო მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზებას;
ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, მათ წინასწარ განხილვას და სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ე) მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წარმომადგენლებთან;
ვ) ეროვნულ უმცირესობათა საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და პასუხისმგებელია „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის დებულებათა იმპლემენტაციისათვის;
ზ) საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით პროგრამების (სოციალური, კულტურული და სხვ.) შემუშავებას ან მათ შემუშავებაში მონაწილეობას;
თ) ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოსახლო ადგილებში ჩასახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარებას; სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან (სამთავრობო და არასამთავრობო) თანამშრომლობას; კონფერენციების, სიმპოზიუმების, თათბირ-სემინარების გამართვას;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო მინისტრის ურთიერთობას;
ლ) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანების გადაწყვეტას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №135-სსმIII, №96, 21.07.2006წ., მუხ.1274
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.
3. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უმცირესობებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის განყოფილება.
311 ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
გ) განყოფილების უფროსი;
დ) უფროსი სპეციალისტი;
ე) მდივანი (სპეციალისტი);
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) წამყვანი სპეციალისტი;
თ) დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი).
4. აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას, უზრუნველყოფს საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვას, შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები და სხვ.) მომზადების ორგანიზებას, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფას;
ბ) წარმოადგენს აპარატს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
ე) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის, სპეციალისტთა მოწვევისა და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაო ჯგუფის დაფინანსების თაობაზე;
ვ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების სხდომებზე სახელმწიფო მინისტრის მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადებას;
ი) სახელმწიფო მინისტრის დავალებით გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს, მასალასა და ინფორმაციას;
კ) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №242-სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ.1701
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
მუხლი 4. აპარატის თანამშრომლები
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა გადაწყვეტას.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
მუხლი 5. სამსახურებრივი ზედამხედველობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №172-სსმIII, №118, 21.08.2007წ., მუხ.1294
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 2 | აპარატის უფროსი | 1 |
| 3 | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| 4 | უფროსი სპეციალისტი | 1 |
| 5 | მდივანი (სპეციალისტი) | 1 |
| 6 | მძღოლი | 1 |
| 7 | განყოფილების უფროსი | 2 |
| 8 | მთავარი სპეციალისტი | 4 |
| 9 | წამყვანი სპეციალისტი | 5 |
|
| სულ: | 17 |
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №242-სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ.1701