ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
415
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-02
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017618
ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №415

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების  შესახებ (დანართი №1 და №2)“.
მუხლი 2
 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის №2-244 ბრძანება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი N1

ტექნიკური რეგლამენტი

ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.

2. დებულების მიზანია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგური გამოკვლევის ჩატარებით სწორად განისაზღვროს გამოკვლეული ტერიტორიის ნაყოფიერების დონე, რაც საფუძვლად დაედება სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურ გამოყენებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის სწორი რეკომენდაციების შემუშავებას.

3. დებულება გათვალისწინებულია იმ  პირებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგების გამოკვლევა,  მათი ნაყოფიერების დონის  დადგენა   და რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტებანი

1. ნიადაგი – დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენა, რომელიც შექმნილია ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგად.

2. ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება და უნარი უზრუნველყოს მცენარის მოთხოვნილებები ფესვური კვების ელემენტებსა და წყალზე, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი.

3. ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვს უჯრედის აგებულება.

4. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.

5. ეროზია – ნიადაგის ზედა ფენის ჩამორეცხვა, გადარეცხვა და ახვეტა სხვადასხვა ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების მოქმედების შედეგად.

6. თესლბრუნვა - ერთსა და იმავე ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეცნიერულად დასაბუთებული მონაცვლეობა.

7. ნიადაგის ნაყოფიერების დონე - შეფასების საფუძველზე დგინდება  ნიადაგის ნაყოფიერების შემდეგი დონეები: მაღალნაყოფიერი, ნაყოფიერი, საშუალო ნაყოფიერი, დაბალნაყოფიერი, მწირი და უნაყოფო. 

8. ეფექტური ნაყოფიერება - იქმნება ადამიანის ზემოქმედებით და განისაზღვრება მოცემულ წელს მცენარის  (სასოფლო-სამეურნეო კულტურების)  მოსავლიანობით და მეცნიერების/ტექნიკის განვითარების დონით, რომელიც ხელს უწყობს მცენარისთვის საკვები ელემენტების, წყლის, ჰაერის და სითბოს ოპტიმალურ პირობებს.

9. ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.

10. მჟავე ნიადაგი - ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე არეს რეაქცია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

მუხლი 3. ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრა

1. ნიადაგის ნაყოფიერების დონის დასადგენად, ტარდება ნიადაგური კვლევა,  რომელიც, მიზნიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს აგეგმვის შესაბამისი  მასშტაბით.

2. ნიადაგური კვლევის პირველი ეტაპია საველე კვლევა, რომელიც  გულისხმობს სრული ჭრილების, ნახევარ ჭრილების და ამონაბარების შესრულებას, მორფოლოგიური  ნიშნების  მიხედვით, ნიადაგური ჭრილების აღწერას და ცალკეული გენეზისური ჰორიზონტებიდან (ან ფენებიდან) საანალიზო ნიმუშების აღებას. ყოველივე აღნიშნული უნდა მიმდინარეობდეს წესების დაცვით.

3. ნიადაგური კვლევის მეორე ეტაპია ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც განახორციელებს  უფლებამოსილი პირი ნიადაგის ნაყოფიერების დონის დადგენისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 4. ნიადაგის ნაყოფიერების დიფერენციაცია

1. საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერება და დადგინდება მისი დონეები: მაღალნაყოფიერი, ნაყოფიერი, საშუალო ნაყოფიერი, დაბალნაყოფიერი, უნაყოფო, მწირი.

2. შეფასება მოხდება 100-ქულიანი სისტემით:

ა) 100-დან 81-მდე არის მაღალნაყოფიერი;

ბ) 81-დან 71-მდე – ნაყოფიერი;

გ) 71-დან 61-მდე – საშუალო ნაყოფიერი;

დ) 61-დან 41-მდე დაბალი ნაყოფიერების;

ე) 41-დან 21-მდე - მწირი;

ვ) 20-ზე ქვევით - უნაყოფო.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 5. ნაყოფიერების დონის შეფასების მაჩვენებლები

1. 100-ქულიანი სისტემა მოიცავს 10 კლასს, რომლებიც განისაზღვრება ქულების შემდეგი ოდენობით:

ა) რელიეფი – 1-დან 5-მდე;

ბ) მცენარეული საფარი - 1–5;

გ) მექანიკური შედგენილობა – 1–10;

დ) სტრუქტურა – 1_5;

ე) შთანთქმული ფუძეები – 1–5;

ვ) ჰუმუსი – 1–30;

ზ) საერთო აზოტი – 1–15;

თ) საერთო ფოსფორი – 1–10;

ი) საერთო კალიუმი – 1–10;

კ) ნიადაგის არეს რეაქცია (PH) – 1–10.

2. თითოეული მაჩვენებლის შეფასების შემდეგ მიღებული ქულები დაჯამდება და ნიადაგური ტიპების მიხედვით მოხდება ნაყოფიერების დაჯგუფება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 6. ნიადაგის საველე გამოკვლევის შედეგების დიფერენციაცია ქულების მიხედვით

1. რელიეფი:

ა) ვაკე რელიეფი – 5 ქულა;

ბ) ტალღოვანი რელიეფი – 3-4 ქულა;

გ) სუსტად დახრილი რელიეფი (1 – 50) – 2-3 ქულა;

დ) საშუალო დახრილი რელიეფი (5 – 150) – 1-2 ქულა;

ე) ძლიერ დახრილი რელიეფი (>150) – 1 ქულა.

2. მცენარეული საფარი.

ა) ბუნებრივი ბალახები – 5 ქულა;

ბ) ნათესი ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები – 3-4 ქულა;

გ) ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები – 2-3 ქულა;

დ) მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები – 1-2 ქულა;

ე) შიშველი, მცენარეული საფარის გარეშე – 1 ქულა.

 

 მუხლი 7. ნიადაგის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების დიფერენციაცია ქულების მიხედვით

1. ნიადაგის მექანიკური შედგენილობა:

ა) მსუბუქი თიხნარი – 9-10 ქულა;

ბ) საშუალო თიხნარი – 8-9 ქულა;

გ) მძიმე თიხნარი – 6-8 ქულა;

დ) საშუალო და მსუბუქი თიხა – 5-6 ქულა;

ე) მძიმე თიხა – 3-4 ქულა;

ვ) სილნარი – 2 ქულა;

ზ) სილა – 1 ქულა.

2. ნიადაგის სტრუქტურა:

ა) კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 5 ქულა;

ბ) საშუალოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 3-4 ქულა;

გ) სუსტად ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 2-3 ქულა;

დ) უსტრუქტურო (სილა, სილნარი) – 1 ქულა.

3. შთანთქმული ფუძეები:

ა) შთანთქმულ ფუძეებში მნიშვნელოვნად ჭარბობს Ca – 5 ქულა;

ბ) შთანთქმულ ფუძეებში Ca და Mg მაღალია და თითქმის თანაბარია – 3-4 ქულა;

გ) შთანთქმული ფუძეები შეიცავს Na – 2-3 ქულა (Na-ის რაოდენობის მიხედვით);

დ) შთანთქმული ფუძეები შეიცავს წყალბადიონებს – 1-2 ქულა (წყალბადიონების რაოდენობის მიხედვით);

4. ნიადაგის არეს რეაქცია - PH (ქულების მინიჭება ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით):

ა)  PH 6,5-7,0                        9-10 ქულა;

 5-5,6 ან  7,0-8,0                   6-9    ქულა;

 4-5  ან 8,0-8,5                     4-6    ქულა;

3-4  ან  >8,5                        2-4    ქულა;

<3                                      1    ქულა;

ბ) ჩაის პლანტაციებით დაკავებულ ნიდაგებში PH-ის მაჩვენებლები დიფერენცირებული იქნება ნიადაგის მჟავიანობისადმი ჩაის მცენარის ბიოლოგიური დამოკიდებულების გთვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 8. ჰუმუსის და საკვები ელემენტების საერთო და მცენარისათვის შესათვისებელი ფორმების მაჩვენებლების დიფერენციაცია ქულების მიხედვით

თითოეულ მაჩვენებელს (ჰუმუსი, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი საერთო და შესათვისებელი ფორმები) მიენიჭება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქულათა შემდეგი რაოდენობა:

ა) გამოკვლეული კონკრეტული ნიადაგური ტიპისათვის დამახასიათებელი ამ მაჩვენებლების მაქსიმუმის შემთხვევაში მაქსიმუმი ქულა;

ბ) 80%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 80%;

გ) 60%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 60%;

დ) 50%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 50%;

ე) 50%-ზე ნაკლები შემცველობის შემთხვევაში მას მიენიჭება მინიმალური ქულა.

 

 მუხლი 9. ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირების საშუალებები

1. მიწების გამოყენების ინტენსიფიკაცია, ნიადაგების გადიდებული დატვირთვა ერთი და იმავე კულტურებით, ნიადაგის დამუშავების ძველი სისტემა, მაღალმოსავლიანი ჯიშების დანერგვა ნიადაგის ნაყოფიერების მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს.

2. ნიადაგში ჰუმუსის შემცირებას ყველაზე მეტად იწვევს სათოხნი კულტურები, რომლის დროსაც ნიადაგის მრავალჯერადი დამუშავება და გადიდებული აერაცია იწვევს ორგანული ნივთიერებების გაძლიერებულ მინერალიზაციას.

3. ბუნებრივ პირობებში ჰუმუსის ბალანსი ნიადაგში რეგულირდება მცენარეთა თანასაზოგადოებებისა და ნიადაგს შორის ბუნებრივი გაცვლა-გამოცვლით და წონასწორობის აღდგენით, თუმცა ამისათვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო.

4. სასოფლო-სამეურნეო წარმოება (განსაკუთრებით თუ წარმოების პროცესი არარაციონალურად მიმდინარეობს) დროთა განმავლობაში იწვევს  ნიადაგში ჰუმუსის რაოდენობისა  და  ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების  შემცირებას.

5. აუცილებელია ნიადაგში ორივე პროცესი, როგორც ორგანული ნივთიერების დაგროვების, ისე მინერალიზაციის, ძლიერად მიმდინარეობდეს პირველის უპირატესობით, ასევე სხვა ღონისძიებების გატარება ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

6. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გადიდება ნიადაგის ნაყოფიერების ზრდასთან ერთად ინტენსიური მიწათმოქმედების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

7. ნიადაგის ნაყოფიერების მართვა უნდა ხორციელდებოდეს ისეთი უარყოფითი მოვლენების შემცირებითა და აღკვეთით, როგორიცაა: ეროზია, დაჭაობება, გამჟავიანება და გაბიცობება, გვალვა, ჰუმუსისა და საკვები ნივთიერებების მარაგების შემცირება.

8. ნიადაგში საკვები ელემენტების დეფიციტის შევსება უნდა ხორციელდებოდეს გონივრულად - მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების საფუძველზე, როგორც ორგანული, ასევე, მინერალური სასუქების გამოყენებით.

9. ნიადაგში ჰუმუსის შევსების ძირითადი წყარო ორგანული სასუქია (ნაკელი, ტორფი, ბიოჰუმუსი, ფესვური და სანაწვერალო ნარჩენები, სიდერაცია).

10. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების ღონისძიებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს: მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგების მოთაბაშირება, მცენარეთა ბალანსირებული კვება,   მინერალური , ორგანული სასუქების რაციონალური გამოყენება, მეცნიერულად დასაბუთებული თესლბრუნვები, ნათესი ფართობის სტრუქტურის კორექტირება საწარმოო ზონების მიხედვით, საკმარისი ტენიანობის ზონაში პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების, სამარცვლე პარკოსნების თესვა, რწყვის პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 10. ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლების პრაქტიკული გამოყენება

ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლები და ნაყოფიერების დადგენა ხელს შეუწყობს:

1. მიწების კატეგორიის დადგენას.

2. მიწის გადასახადის სწორად განსაზღვრას.

3. მიწის ეკონომიკურ შეფასებას.

4. მიწის ბაზრის ფორმირებას.

5. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას.

6. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურად წარმართვას და სასოფლო სამეურნეო კულტურათა სწორ გაადგილებას.

7. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი მოსავლის მიღებას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

დანართი №2

 

ტექნიკური რეგლამენტი

ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე  დებულება  შემუშავებულია ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დებულების მიზანია საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერებაზე მონიტორინგი, კერძოდ, მაღალპროფესიულად შესრულებული საველე და ლაბორატორიული სამუშაოებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგების კონსერვაციას და მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.

3. დებულება გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ნიადაგების ნაყოფიერებაზე მონიტორინგს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ. .

 

მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

1. ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია.

2. ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას ქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფელი თვისებების ერთობლიობას.

3. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტექსონომიური ერთეული.

4. მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი.

5. ნიადაგის კონსერვაცია – ნიადაგის დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება.

6. პოტენციური ნაყოფიერება - შექმნილია ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით ადამიანის ჩარევის გარეშე და განისაზღვრება ნიადაგში საკვები ნივთიერებების და ტენის მთლიანი მარაგით და მცენარის სასიცოცხლო პირობებით.

7. ეფექტური ნაყოფიერება - იქმნება ადამიანის  ზემოქმედებით და განისაზღვრება მოცემულ წელს მცენარის  (სასოფლო-სამეურნეო კულტურების)  მოსავლიანობით და მეცნიერების/ტექნიკის განვითარების დონით, რომელიც ხელს უწყობს მცენარისთვის საკვები ელემენტების, წყლის, ჰაერის და სითბოს ოპტიმალურ პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

მუხლი 3. ნიადაგის ნაყოფიერება და მონიტორინგის არსი

1. ნიადაგს ახასიათებს როგორც პოტენციური, ისე ეფექტური ნაყოფიერება, რომელიც კომპლექსში განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.

2. ნიადაგი  სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალებაა, რომლის  მართვაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა.

3. მაღალნაყოფიერი ნიადაგი, გარდა ადამიანთა სურსათით გამოკვებისა, უზრუნველყოფს სიცოცხლის შენარჩუნებას დედამიწაზე, განაპირობებს რა სუფთა ჰაერის, სუფთა წყლის და სუფთა საკვების არსებობას.

4. ნიადაგების კონსერვაციის და მათი ნაყოფიერების გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების როგორც ათვისებულ, ასევე, აუთვისებელ  მიწებზე უნდა განხორციელდეს   ნიადაგების ნაყოფიერების დონის მონიტორინგი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 4. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის მნიშვნელობა

1. ნიადაგების კონსერვაციის და ნაყოფიერების დონის მონიტორინგის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (ათვისებულ ან აუთვისებელ ნაკვეთებზე) ნიადაგებზე მოხდეს დაკვირვება, რის შედეგადაც დადგინდება მათში მიმდინარე ცვლილებები.“;

2. მონიტორინგის მასალები საშუალებას იძლევა დადგინდეს, თუ რა გავლენას ახდენს ნიადაგის სხვადასხვა თვისებებზე და ნაყოფიერებაზე ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

3. (ამოღებულია 02.10.2014, №582).

4. ნიადაგების კონსერვაციის და მათი ნაყოფიერების დონის მონიტორინგის მიზნით, მაღალპროფესიონალურად ჩატარებული საველე, ლაბორატორიული სამუშაოები და მათ საფუძველზე მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების განხორციელება უზრუნველყოფს ნიადაგების დაცვას და ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

მუხლი 5. მონიტორინგის სამუშაოები

1. მონიტორინგისთვის  საკვლევ  ობიექტებად, შეირჩევა საქართველოს ათვისებული და აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგები.

2. გამოკვლევის  მიზნის შესაბამისად, მონიტორინგისთვის  სამუშაოების განმეორების პერიოდი სხვადასხვაა. კვლევის მონაცემების გაანალიზება და მათი წინა შედეგებთან შედარება ასევე განაპირობებს ობიექტზე დაკვირვების ხანგრძლივობას.

3. ყველა ჩანაწერი მონიტორინგის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ მკაცრად  აღრიცხვადია. მონიტორინგის მასალები უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცეში და დამუშავდეს გეო-ინფორმაციული სისტემებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ათვისებულ და აუთვისებელ ნაკვეთებზემონიტორინგის ჩატარება

1. მონიტორინგისთვის შერჩეულ ნაკვეთებზე შესწავლილი იქნება ნიადაგწარმომქმნელი (გარემო) ფაქტორები. გამოკვლევის მიზნის, მასშტაბის, რელიეფური პირობების, საკვლევი ობიექტის ფართობის გათვალისწინებით, დადგინდება ჭრილების ტიპი და რაოდენობა, რომლებიც აღიწერება მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. გენეზისური ჰორიზონტებიდან (ან ფენებიდან) საანალიზოდ აღებული იქნება  ნიმუშები.

2. საანალიზოდ აღებულ ნიმუშებში განისაზღვრება ნიადაგების ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.

3. ნიადაგების სრულყოფილი გამოკვლევა ჩატარდება ყოველ 5 ან 10 წელიწადში ერთხელ, წელიწადის ერთი და იგივე დროს.  ნიადაგების დინამიურ მაჩვენებლებზე (PH, საკვები ელემენტების მოძრავი ფორმები, ადვილად ხსნადი მარილები და სხვა) დაკვირვება  (განსაკუთრებით, ათვისებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე) ჩატარდება ყოველ 3 ან 5 წელიწადში ერთხელ, წელიწადის ერთი და იგივე დროს, ცდომილებების თავიდან აცილების მიზნით. კვლევებით მიღებული შედეგები შედარებული იქნება წინა გამოკვლევის მონაცემებთან, რაც საფუძვლად დაედება ნიადაგებში მიმდინარე ცვლილებების დადგენას.

4. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისებულ და აუთვისებელ ნაკვეთებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება ნიადაგების ექსპლუატაცია და მასზე განხორციელებული ზემოქმედებანი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.

 

 მუხლი 8. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის შედეგების გამოყენება

1. საქართველოს  ნიადაგებზე ჩატარებული მონიტორინგი დაადგენს ნიადაგებში მიმდინარე ცვლილებების როგორც დადებით, ასევე, უარყოფით ტენდენციებს.

2. მონიტორინგის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათვისებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. მონიტორინგის საფუძველზე, გამოვლინდება ნიადაგების მიმართ არარაციონალური მიდგომები, რომელთა შეჩერებაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სწორ მართვას, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას, ნიადაგების კონსერვაციას და მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.

3.(ამოღებულია 02.10.2014, №582).

4. (ამოღებულია 02.10.2014, №582).

5. მონიტორინგის მასალები ხელს შეუწყობს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების შესახებ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №582 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.


კრებსითი — სრული ვერსია