თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2025-04-25
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017645
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №423

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანება;

ბ)„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №7 ბრძანება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს თევზების, როგორც ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს, აგრეთვე ადგენს მოთხოვნებს უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის  არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან მიმართებით და მოთხოვნებს საქართველოს ნავსადგურებში  უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული  გემების შემოსვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.

2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას.

3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

31. რეკრეაციული  თევზჭერა – სპორტული თევზჭერის სახე (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე) – თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.

32. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა − პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული თევზჭერა, რომლის დანიშნულებაა მეცნიერული ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტში მონიტორინგის წარმოების ან/და თევზის რესურსის მარაგის, თევზის სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დადგენა.

4. სანაპირო თევზჭერა - არის თევზის მოპოვება შავ ზღვაში, ნაპირიდან არაუმეტეს ერთი საზღვაო მილის (1 852 მეტრი) დაშორებით. სანაპირო თევზჭერისას თევზის მოპოვება ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტრის დაშორების მონაკვეთში შესაძლებელია ნებისმიერი, კანონმდებლობით ნებადართული სარეწი იარაღით, ხოლო 300 მეტრიდან ერთ საზღვაო მილამდე დაშორების მონაკვეთში - პარაშუტისებრი ბადით ან 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.

41. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერა – თევზჭერა, რომელიც არალეგალურია, არადეკლარირებული და დაურეგულირებელია, კერძოდ:

ა) არალეგალური თევზჭერა:

ა.ა) საქართველოს ან უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ, უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ საზღვაო წყლებში განხორციელებული უნებართვო თევზჭერა ან/და უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ საზღვაო წყლებში თევზჭერისათვის დადგენილი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების  მოთხოვნების დარღვევა;

ა.ბ) თევზჭერა განხორციელებული იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ, რომლებიც დაცურავენ იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელიც არის შესაბამისი თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის მხარე, მაგრამ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსერვაციისა და მართვის იმ ზომებს, რომლებიც დამტკიცებულია ამ ორგანიზაციის მიერ და რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის შესაბამის ნორმებს; ან

ა.გ) თევზჭერა, რომელიც განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის ან საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების (მათ შორის, რომელიც  აღებულია შესაბამისი თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში) დარღვევით;

ბ) არადეკლარირებული თევზჭერა:

ბ.ა) არადეკლარირებული თევზჭერა – თევზჭერა, რომელიც არ არის დეკლარირებული ან დეკლარირებულია დადგენილი წესების დარღვევით;

ბ.ბ) თევზჭერა, განხორციელებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედის შესაბამისი რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში, რომლის თაობაზეც არ გაკეთებულა დეკლარირება, ან დეკლარირება გაკეთდა ამ ორგანიზაციის დეკლარირების წესების დარღვევით;

გ) დაურეგულირებელი თევზჭერა:

გ.ა) თევზჭერა, რომელიც განხორციელებულია შესაბამისი რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ ეროვნული დროშა ან დაცურავენ იმ ქვეყნის დროშის ქვეშ, რომელიც არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, ან თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის მიერ იმგვარად, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციის კონსერვაციისა და მართვის ზომებს;

გ.ბ)  თევზჭერა განხორციელებული იმ ტერიტორიაზე ან იმ სახეობის თევზთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებით არ არის დადგენილი კონსერვაციისა და მართვის ზომები და სადაც თევზჭერა ხორციელდება საერთაშორისო სამართლით ზღვის ცოცხალი ორგანიზმების კონსერვაციის მიზნით სახელმწიფოს მიერ აღებული პასუხისმგებლობის საწინააღმდეგოდ.

42.  კონსერვაციისა და მართვის ზომები – ნიშნავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზღვის ცოცხალი რესურსების ერთი ან მეტი სახეობის დაცვასა და მართვას და რომლებიც დამტკიცებულია და შესულია ძალაში საერთაშორისო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

43.  თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემი (შემდგომში – გემი) – ნებისმიერი ზომის გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის. მათ შორის, დამხმარე გემები, თევზის გადამამუშავებელი გემები, გადატვირთვის ოპერაციაში მონაწილე გემები და თევზისა და თევზის პროდუქტების გადამზიდავი გემები ე. წ. „carrier vessel“, გარდა კონტეინერის გადამზიდი გემებისა.

44. თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება თევზჭერის მომზადების ან ხელშეწყობისთვის, მათ შორის, იმ თევზის ხმელეთზე გადმოტვირთვა, გადატვირთვა გემიდან გემზე, შეფუთვა, დამუშავება და ტრანსპორტირება, რომლის ნავსადგურში გადმოტვირთვაც არ მომხდარა. ასევე გემზე მომუშავე პერსონალის უზრუნველყოფა ზღვაში საწვავით, მოწყობილობებითა და სხვა მარაგებით.

5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა - წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.

6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).

7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”

8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.

9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:  

ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) ტრალის ბუქსირება ხორციელდება ერთი მცურავი საშუალების მიერ;

ა.ბ) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;

ა.გ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);

ა.დ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის ან კომბინირებული ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს. საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 150 კგ-ს;

ა.ე) ტრალის ტომრის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;

ბ) წყვილის – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) ტრალის ბუქსირება ხორციელდება ორი მცურავი საშუალების მიერ ერთდროულად, ისე რომ მარჯვენა საბუქსირე გვარლს ეზიდება ერთი მცურავი საშუალება, ხოლო მარცხენას –  მეორე, რითაც უზრუნველყოფილია ტრალის ჰორიზონტალური შლადობა  გამბჯენი დაფების გარეშე;

ბ.ბ) ჭერილის ამოღება ხდება ერთ-ერთი მცურავი საშუალების მიერ, რომლის ვალდებულებაცაა შესაბამისად სარეწაო ჟურნალის ან ელექტრონული სარეწაო ჟურნალის სრულად შევსება და პასუხისმგებელია ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ.გ) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;

ბ.დ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს გამბჯენი დაფები, სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);

გ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური და წყვილის.

10. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით)  ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით.

11. ტოპენანტი  – პლასტების შეერთების  (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი.

12. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა.

13. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა.

14. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით,  ბურთულებით და სხვა საგნებით.

15. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.

16. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.

17. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით.

18. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.

19. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.

20. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).

21. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.

22. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).

23. (ამოღებულია - 02.05.2014, №325).

24. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს.

25. (ამოღებულია - 02.05.2014, №325).

26. სასროლი ბადე - სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;

261. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

262. თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა.

263. რეგისტრაცია − სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია ელექტრონულ რეესტრში.

27. ჩოგანბადე - სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;

27 1. ნათხარები  –  პალიასტომის ტბის სამხრეთით არსებული ტბის მოსაზღვრე წყლის სივრცე (ხელოვნური წყალსატევი), რომელიც წარმოქმნილია წარსულში ტორფის კარიერული დამუშავებისა და გამომტანი არხების გათხრის შედეგად და ამჟამად წარმოადგენს პალიასტომის ტბის ერთგვარ უბეს.

28. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

29. დეპარტამენტი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

30. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის დადგენილება №325 – ვებგვერდი, 05.05.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12  სექტემბრის  დადგენილება №551 – ვებგვერდი, 15.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის დადგენილება №113 - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  ივლისის  დადგენილება №365 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28  სექტემბრის  დადგენილება №445 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 28.04.2025წ.

მუხლი 3. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.

2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო და პალიასტომის ტბასა და მის მოსაზღვრე წყლის სივრცეში ე. წ. ნათხარებში მოქცეულ ფართობზე (შემდგომში  – პალიასტომის ტბა და ნათხარები) თევზჭერა, ასევე  კარწახის ტბაზე კიბოსნაირების, კარჩხანისა და ფსევდორასბორის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის 161 – 1611 მუხლების მოქმედება ვრცელდება  უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ წარმოებულ არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ  თევზჭერასთან დაკავშირებულ აქტივობაზე, ასევე, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  ივლისის  დადგენილება №365 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის დადგენილება №359 – ვებგვერდი, 12.06.2020წ.

მუხლი 4. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები

1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.

3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), რიონი (რიონის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;

ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;

გ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

დ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ე) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;

ვ) რიწის ტბაში;

ზ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;

თ) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;

ი) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

კ) ტაბაწყურის ტბაზე – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტასა და ჭანარზე – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე ქორჭილის, კარჩხანის, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკისა და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე-იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება;

მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ნ) საქართველოს მთავრობის სპეციალურ განკარგულებამდე, ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;

ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.

პ) პალიასტომის ტბასა და ნათხარებში:

პ.ა) (ამოღებულია - 11.06.2020, №359);

პ.ბ) (ამოღებულია - 11.06.2020, №359);

პ.გ) (ამოღებულია - 11.06.2020, №359);

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.თ) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ი) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან  1 იანვრამდე;

პ.კ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ლ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.მ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

ჟ) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

რ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. (ამოღებულია - 22.04.2016, №193).

5. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს, სამინისტროს წარდგინებით, ადგენს საქართველოს მთავრობა.

6. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით, შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

7. აკრძალულია წყვილის ტრალის გამოყენება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ნაპირიდან 1 კმ-ის ფარგლებში.

8. ამ მუხლით განსაზღვრული თევზჭერის ვადების შეზღუდვები არ ვრცელდება პალიასტომის ტბასა და ნათხარებში კეფალისებრთა ოჯახის სახეობების, ასევე კარწახის ტბაში კიბოსნაირების, კარჩხანისა და ფსევდორასბორის მოპოვებაზე, რომელიც დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  ივლისის  დადგენილება №365 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის დადგენილება №359 – ვებგვერდი, 12.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №491 - ვებგვერდი, 20.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 მაისის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 27.05.2024წ.

მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისას), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობებისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის/ტბის) – მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ე) ქამბალა-კალკანის – პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე;
ვ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიბოსნაირების – მთელი წლის განმავლობაში;
ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების – მთელი წლის განმავლობაში;
თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში, მითითებულ ვადებში), ასევე რეკრეაციული  თევზჭერისას საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ინდივიდები თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას, რაც უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისა და  რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12  სექტემბრის  დადგენილება №551 – ვებგვერდი, 15.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული ზოგიერთი იარაღები, საშუალებები და ხერხები

აკრძალულია თევზჭერა:

ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;

ბ) თევზჭერის ელექტროიარაღით, ასევე თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა);

გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;

დ) შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით;

ე) შიდა წყალსატევებში:

ე.ა) სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას;

ე.ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ სახლართი ბადის გამოყენებით, მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;

ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:

ზ) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12  სექტემბრის  დადგენილება №551 – ვებგვერდი, 15.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 28.04.2025წ.

მუხლი 61. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია

1. ნებისმიერი პირი ვალდებულია, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, მათ შორის, საზღვარგარეთიდან შემოტანილი თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა დაარეგისტრიროს ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.

2. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადს თან უნდა ერთოდეს ამ მოწყობილობის ტექნიკური პასპორტი.

3. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის პარამეტრები და ამ მოწყობილობის ტექნიკური პასპორტის მიმართ მოთხოვნილი ინფორმაცია განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №41-ის შესაბამისად.

4. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაციამდე გაიცემა მოწყობილობის შენახვის, ტარების, გადაცემის ან გასხვისების დროებითი მოწმობა. ასეთი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით პირმა წინასწარ უნდა მიმართოს სსიპ − ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს.

5. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციიის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის განხორციელებისთანავე უნდა აისახოს ელექტრონულ რეესტრში.

6. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები:

ა) მესაკუთრისა და მოსარგებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი);

ბ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №41-ში მითითებული მოთხოვნების მიხედვით;

გ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის შენახვის ადგილი;

დ) დამატებითი ინფორმაცია − ივსება საჭიროების შემთხვევაში და შესაძლოა, მოიცავდეს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც არ არის ასახული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში შესატან აუცილებელ მოთხოვნებში.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 28.04.2025წ.

მუხლი 7. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები

1. აკრძალულია:

ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით – პირველი ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები, მითითებულ პერიოდში და ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის თაობაზე;

ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;

გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;

დ) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;

ე) პელაგიური და წყვილის ტრალის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით);

ვ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს;

ზ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, თვლის ზომა – არანაკლებ 22 მმ-ია;

თ) კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსაყრელი ბადით, რომლის სიგრძე 350 მეტრზე მეტია და თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;

თ1) კიბოსნაირების რეწვა დასაკეცი მართკუთხა მახეებით (ე. წ. „გარმონების“) კარწახის ტბაში, რომლის სიგრძე 50 მ-ზე მეტია, ბადის უჯრის ზომა − 20 მმ-ზე ნაკლები, სიმაღლე/სიგანე  − 60 სმ-ზე მეტი;

ი) აკრძალულია წყვილის ტრალის გამოყენება იმ თევზსაჭერი გემების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში და რომელთა მიწერის ნავსადგური არ არის განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე. სამინისტროს სსიპ  –  გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში  – სააგენტო) ახორციელებს წყვილის ტრალის საშუალებით მიმდინარე თევზჭერის პროცესზე დაკვირვებას/მონიტორინგს, მათ შორის, უშუალოდ ამგვარი თევზჭერის განმახორციელებელ მცურავ საშუალებებზე მიმდინარე რეწვის პროცესზე. დაკვირვების/მონიტორინგის შედეგად არანორმირებული თანჭერილის, ფსკერული ბიოცენოზების დარღვევის, ზღვის ძუძუმწოვრების თევზსაჭერ იარაღში მოხვედრის თუ ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატებისთვის ზიანის მომტანი სხვა ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოს დასკვნით, წყვილის ტრალით თევზჭერა  უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს.

2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები.

2 1. პალიასტომის ტბასა და ნათხარებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აკრძალულია მოსასმელი და მოსაყრელი პრინციპით ბადეების გამოყენება და ისეთი ბადეების ჩადგმა, რომელთა სიგრძე 200 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა  –  20 მილიმეტრზე ნაკლები. ამასთან, ჩასადგმელი ბადის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს.

3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.

4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.

 5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი გრადუსული კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ:

 

ა) I ზონა

 

№

E

N

1

410 39’4.036’’

420 9’34.786’’

2

410 23’7.019’’

420 9’54.904’’

3

410 46’16.685’’

410 53’20. 824’’

4

410 30’16.091’’          

410 54’6.796’’

 

ბ) II ზონა

 

№

E

N

1

410 44’ 20.891’’

410 45’3.29’’

2

410 29’ 43.802’’

410 50’1.536’’

3

410 43’ 6.351’’

410 42’23.3’’

4

41029’8.565’’

410 48’15.839’’

 

გ) III ზონა

 

№

E       

N

1

410 38’16.216’’

410 39’29.02’’

2

410 25’46.507’’

410 46’52.828’’

3

410 34’39.683’’

410 36’33.357’’

4

410 21’19.017’’

410 43’10.31’’

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №611 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  ივლისის  დადგენილება №365 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 ივნისის დადგენილება №359 – ვებგვერდი, 12.06.2020წ.

მუხლი 8. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში

1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.

2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 9. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე

1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება.

2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის შესაბამისად.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით განსაზღვრული ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძის დაცვის მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ქორჭილის თევზჭერისას − ხრამის (წალკის) წყალსაცავში თევზჭერისას;

ბ) ქორჭილასა და ქარიყლაპიაზე − შაორის წყალსაცავზე თევზჭერისას;

გ) კარჩხანასა და ფსევდორასბორაზე − საქართველოს ყველა წყალსატევში თევზჭერისას.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 მაისის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 27.05.2024წ.

მუხლი 10. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი

1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.

2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 11. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი

1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.

2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესი

1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზეც გარკვევით უნდა ეწეროს ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში,  ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
2. აუცილებელია წყალსატევში განთავსებული თევზის მოსაშენებელი კონსტრუქცია აღჭურვილი იყოს  ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ კონსტრუქციის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
3. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

მუხლი 13. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1​ 1. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).

2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა, მხოლოდ, ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

3. აკრძალულია:

ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი – 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი – 3‑ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში, შესაბამისად, ორად და სამად ჩაითვლება);

ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;

გ) ჩოგანბადის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე ან სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები. ასევე, სასროლი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები;

დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;

ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;

ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე;

ზ) გარდა ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვებისა,  რეკრეაციული  თევზჭერისას აკრძალულია:
ზ.ა) ბუნებრივი სატყუარას გამოყენება;
ზ.ბ) არასპორტული (ენის მქონე), ასევე ორეული, სამეული და მეტი ნემსაკვის მქონე თევზსაჭერი იარაღის გამოყენება თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;
ზ.გ) თევზზე მშრალი ხელით ან ხელთათმანით შეხება;
ზ.დ) თევზის ნაპირზე ამოყვანა და მისი ხელში აყვანა, თუ ქვემოთ წყალი არ არის;
ზ.ე) თევზის სიმაღლიდან გადაგდება წყალში დაბრუნების დროს;
ზ.ვ) თევზის წყალში დაბრუნება მანამ, სანამ არ მოძლიერდება იგი   თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ მისი წინ და უკან წყალში მოძრაობებით, რაც საჭიროა თევზის ლაყუჩებში წყლის გასატარებლად.

4. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, მათ შორის, თევზჭერა რეკრეაციული პრინციპით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ამ დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ ზონებში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის დადგენილება №325 – ვებგვერდი, 05.05.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12  სექტემბრის  დადგენილება №551 – ვებგვერდი, 15.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.

მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე

წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

მუხლი 15. თევზჭერის  სპეციალური  მოთხოვნები

1. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა დეპარტამენტსა და ლიცენზიის გამცემს განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

2. თევზმჭერი ვალდებულია, შემოწმების პროცესში ხელი შეუწყოს დეპარტამენტის კანონიერ ქმედებებს, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით, მოთხოვნისთანავე წყალსატევიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს ის ბადე-იარაღები, რომლითაც იჭერს თევზს.

3. თევზჭერის ლიცენზიატი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა)  თევზჭერის დაწყებამდე ვალდებულია, დეპარტამენტში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში, როგორც თევზმჭერი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიატსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).

4. ლიცენზირებადი თევზჭერისას (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) თითოეული თევზმჭერი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით ვალდებულია, აწარმოოს ამ ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული დანართ №3-ით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი. თევზჭერის განმახორციელებელი პირი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) უფლებამოსილია, სარეწაო ჟურნალის ნაცვლად აწარმოოს ამ რეგლამენტის 151 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სარეწაო ჟურნალი. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის განმახორციელებელი პირი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) გამოიყენებს უფლებას, აწარმოოს ელექტრონული სარეწაო ჟურნალი, ის ვალდებული ხდება, შესაბამისი თევზჭერის სეზონის ბოლომდე აწარმოოს მხოლოდ ელექტრონული სარეწაო ჟურნალი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი არის თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი, დანომრილი, ზონარგაყრილი და თევზჭერის ადგილმდებარეობის შესაბამისად, დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:

ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;

ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტები ივსება უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;

გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტები ივსება უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);

დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;

ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა;

ვ) შიდა წყალსატევებში თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა- ამოყვანისთანავე;

ზ) სამრეწველო თევზჭერისას ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა;

თ) წყვილის ტრალით თევზჭერისას სარეწაო ჟურნალი დადგენილი წესით ივსება რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების მიერ, რომელზეც ხდება ჭერილის ამოღება. რეწვაში მონაწილე მეორე მცურავი საშუალების მიერ სარეწაო ჟურნალში ივსება მხოლოდ 1, 2, 4, 9 და 10 გრაფები. მე-9 გრაფაში – „შენიშვნა“ იწერება რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების სახელწოდება, რომელიც სრულად ავსებს სარეწაო ჟურნალს. სარეწაო ჟურნალის მე-4 გრაფაში მეორე მცურავი საშუალების მიერ წუთისა და საათის მითითება სავალდებულო არ არის.

8. სარეწაო ჟურნალში ყველა ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

9. სარეწაო ჟურნალი ივსება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს დროით.

10. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.

11. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე ცხელი ხაზის (153) მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.  

12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

13. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში, ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას, სარეწაო ჟურნალი წარედგინება იმ ორგანოს, რომელმაც განახორციელა მისი დამოწმება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  ივლისის  დადგენილება №365 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28  სექტემბრის  დადგენილება №445 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.

მუხლი 151. ელექტრონული  მონიტორინგის  სისტემა

1. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ჭერილის რეალურ დროში კონტროლის მიზნით, გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი.

2. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ამ დადგენილების  დანართ №4-ით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

3. ელექტრონული სარეწაო ჟურნალი არის თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი ელექტრონული დოკუმენტი.

4. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ სარეწაო თევზჭერის აღრიცხვა ხორციელდება „ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ინსტრუქციის“  შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოებისას, მისი შევსების წესის დარღვევა წარმოადგენს თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28  სექტემბრის  დადგენილება №445 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.

მუხლი 16. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა

1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა დაშვებულია თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით.

2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის განმახორციელებელ სუბიექტს მიღებული აქვს სამინისტროს წერილობითი თანხმობა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა რეგისტრირებულია ელექტრონულ რეესტრში.

3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენების პირობების აღწერასთან დაკავშირებით. განაცხადს აგრეთვე თან უნდა ერთოდეს მოწყობილობის სარეგისტრაციო მოწმობა.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 28.04.2025წ.

მუხლი 161. ზოგადი დებულებები უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებთან დაკავშირებით

1. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტრო, მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო).

2. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ჩადენილი არალეგალური, დაურეგულირებელი და არადეკლარირებული (IUU) თევზჭერა მიიჩნევა მნიშვნელოვან დარღვევად, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის 161 – 1611 მუხლების მიზნებისთვის თევზჭერა მოიცავს შემდეგს: თევზის ძებნა, მოზიდვა, ადგილმდებარეობის დადგენა, დაჭერა, ამოღება ან მოპოვება ან ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელთან მიმართებითაც შეიძლება, არსებობდეს გონივრული მოლოდინი, რომ მის შედეგად განხორციელდება თევზის მოძიება, მოზიდვა, ადგილმდებარეობის დადგენა, დაჭერა, ამოღება ან მოპოვება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 162. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ინსპექტირება საქართველოს ნავსადგურებში

1. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი  გემებისათვის საქართველოს ნავსადგურებში უნდა განხორციელდეს სათანადო ინსპექტირება ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისობის  დასადგენად.

2. საქართველოს ნავსადგურებში შესვლა, შესაბამისი მომსახურების მიღება, გემიდან ხმელეთზე გადმოტვირთვა ან გემიდან სხვა გემზე გადატვირთვა ეკრძალება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, სანამ ისინი არ დააკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციისა (დაუძლეველი ძალა), მომსახურებისათვის, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია მსგავს სიტუაციაში.

3. თევზის პროდუქტების გადატვირთვა საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე ან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემიდან უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ან უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებს შორის ნებადართულია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნავსადგურში.

4. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს თევზის პროდუქტების გადატვირთვა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  გემები რეგისტრირებულია, როგორც თევზჭერის მართვის რეგიონული  ორგანიზაციის მმართველობის ქვეშ შემავალი გადამზიდავი გემი (carrier vessel).

5. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანმა ან მისმა წარმომადგენელმა წინასწარი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს   დეპარტამენტს, თუ განზრახული აქვს  ნავსადგურის მომსახურებით სარგებლობა, სულ მცირე, სამი სამუშაო დღით ადრე ნავსადგურში შესვლამდე, ხოლო თუ ის დატვირთულია თევზჭერის ახალი პროდუქტებით – 4 საათით ადრე. წინასწარი შეტყობინების ფორმა მოცემულია დანართში №7. აღნიშნული წინასწარი შეტყობინება უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) გემის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) მიმღები ნავსადგურის დასახელებასა და გემის შემოსვლის მიზანს (ხმელეთზე გადატვირთვა, გემიდან სხვა გემზე გადატვირთვა ან სხვა მომსახურების მიღება);

გ) თევზჭერის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

დ) თევზჭერის განხორციელების თარიღებს;

ე) ნავსადგურში შესვლის სავარაუდო თარიღსა და დროს;

ვ) გემზე არსებული თითოეული სახეობის რაოდენობის შესახებ, ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ გემზე არ არის განთავსებული თევზჭერის პროდუქტი, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ;

ზ) ზონა ან ზონები, სადაც განხორციელდა თევზჭერა ან გადატვირთვა გემიდან გემზე, ქვეყნის მითითებით, რომლის იურისდიქციასაც ეკუთვნის ზონა ან ზონები, ან ღია ზღვა (სათანადო კოორდინატების მითითებით);

თ) თითოეული სახეობის რაოდენობა, რომლის გადმოტვირთვაც უნდა მოხდეს ხმელეთზე გემიდან ან ერთი გემიდან მეორე გემზე;

ი) თევზჭერის სერტიფიკატი, თუ გემი დატვირთულია თევზჭერის პროდუქტებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ მოითხოვება, თუ თანმხლები თევზჭერის სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, დეპარტამენტს წარედგინება გამარტივებული შეტყობინება  №8 დანართის შესაბამისად.

7. თუ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს განზრახული აქვს ნავსადგურში თევზჭერის პროდუქტების გემიდან ხმელეთზე გადმოტვირთვის ან სხვა გემზე გადატვირთვა, გემის კაპიტანმა დეპარტამენტსა და საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს წინასწარი დეკლარაცია შესაბამისად №9 ან/და №10 დანართების მიხედვით (შესაძლებლობის შემთხვევაში – ელექტრონული საშუალებების გამოყენებით). დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს ხმელეთზე გადმოტვირთვამდე ან სხვა გემზე გადატვირთამდე, სულ მცირე, 4 საათით ადრე. დეკლარაციის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში, გემის კაპიტანმა ასევე უნდა წარმოადგინოს მისი ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.  

8. ნავსადგურში შესვლა და გემიდან ხმელეთზე მთლიანი ან ნაწილობრივი გადმოტვირთვა შესაძლებელია, ნებადართულ იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ან თუ მისი ნამდვილობა და სისწორის შემოწმება არ არის დასრულებული. ამ შემთხვევაში, თევზჭერის პროდუქტი  უნდა დასაწყობდეს დეპარტამენტისა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული პროდუქტის გაყიდვა, გატანა ან ტრანსპორტირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სრულყოფილად იქნება წარდგენილი და მისი ნამდვილობა დადასტურდება და შესრულდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. თუ აღნიშნული პროცესი არ დასრულდება გემიდან ტვირთის გადმოტვირთვიდან 14  კალენდარული დღის ვადაში, თევზჭერის პროდუქტის განკარვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროდუქტების შენახვის ხარჯები ანაზღაურდება გემის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი დეკლარაციის დედანი ან ასლი (თუ დეკლარირება განხორციელდა ელექტრონული საშუალებით) დეპარტამენტმა უნდა შეინახოს 3 წლის განმავლობაში.

10. დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს ინსპექტირება საქართველოს ნავსადგურებში შემოსული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ხმელეთზე გადმოტვირთვის ან სხვა გემის ბორტზე გადატვირთვის  წლიური ოპერაციების, სულ მცირე, 5%-ის ოდენობით, რისკის მართვის შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

ა) გემზე არსებული თევზის სახეობა ექვემდებარება მართვის ან აღდგენის გეგმას;

ბ) არსებობს ეჭვი, რომ გემი არ ასრულებს სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის მოთხოვნებს;

გ) გემის შემოწმება არ მომხდარა ევროკავშირის ნავსადგურებში ბოლო სამი თვის განმავლობაში;

დ)  გემის შემოწმება არ მომხდარა ევროკავშირის ნავსადგურის მიერ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;

ე) ხორციელდება  მაღალი კომერციული ღირებულების მქონე თევზჭერის პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან ვაჭრობა;

ვ) ხორციელდება თევზის ახალი სახეობის პროდუქტის შემოტანა;

ზ) სავაჭრო ნიმუში არ აკმაყოფილებს ეკონომიკური მომგებიანობის კრიტერიუმებს;

თ) თუ მესაკუთრე ან/და მფლობელი არის ახალი დაფუძნებული;

ი) თევზის კონკრეტული სახეობის სავაჭრო ღირებულების მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ზრდა;

კ) თევზჭერის სერტიფიკატის ასლის წარდგენა, როდესაც  მოხდა თევზჭერის პროდუქტის გაყოფა;

ლ) წინასწარი შეტყობინება წარდგენილია ვადის დარღვევით ან არასრულად;

მ) შეუსაბამობა მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დეპარტამენტის ხელთ არსებულ ინფორმაციას შორის;

ნ) არსებობს ეჭვი, რომ გემი ან გემის მესაკუთრე/მფლობელი ჩართულია არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში;

ო) გემმა ბოლო 1 წლის განმავლობაში შეიცვალა სახელი, დროშის ქვეყანა ან სარეგისტრაციო ნომერი;

პ) არ გახორციელდა დროშის გამცემი ქვეყნის ინფორმირება ან არსებობს ინფორმაცია მის მიერ თევზჭერის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნების დარღვევის შესახებ;

ჟ) არსებობს ეჭვი, რომ დროშის გამცემ ქვეყანას არ გააჩნია კონტროლის შესაბამისი სისტემა;

რ) მესაკუთრე ან/და მფლობელი  ადრე ჩართული იყო არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებულ აქტივობებში;

ს) გემს წარსულში უარი ეთქვა ნავსადგურში შესვლაზე ან ნავსადგურის მომსახურებით სარგებლობაზე არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

11. სავალდებულოა შემდეგი გემების ინსპექტირების განხორციელება დეპარტამენტის მიერ:

ა) გემი, რომლის თაობაზეც შეტყობინება მიღებულია ევროკავშირის შეტყობინებების სისტემის მეშვეობით;

ბ) გემი, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში ჩართული;

გ) გემი, რომელიც აღრიცხულია რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციის IUU თევზჭერის გემების სიაში და რომლის თაობაზეც შეტყობინება მიიღო საქართველომ.

12. ინსპექტირების დროს დეპარტამენტის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირებს უფლება აქვთ, შეამოწმონ ყველა შესაბამისი არეალი, გემბანი და გემის ოთახები, თევზჭერის პროცესი, ბადეები ან სხვა მოწყობილობა და ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც უფლებამოსილი პირები მიიჩნევენ საჭიროდ საქართველოს კანონმდებლობის ან თევზჭერის მმართველობისა და კონსერვაციის საერთაშორისო ზომების შესაბამისად. უფლებამოსილ პირებს ასევე შეუძლიათ, გამოკითხონ პირები, რომელსაც მიიჩნევენ, რომ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ინსპექტირების საგანთან დაკავშირებით.

13. ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ხმელეთზე გადმოტვირთვის ან სხვა გემის ბორტზე გადატვირთვის ოპერაციებს, ასევე უნდა მოიცავდეს შემოწმებას დეკლარირებულ სახეობებსა და რაოდენობასა და ფაქტობრივად არსებულ  მონაცემებს  შორის.

14. დეპარტამენტის ინსპექტირებაზე უფლებამოსილმა პირებმა ხელი უნდა მოაწერონ ინსპექტირების აქტს  გემის კაპიტნის თანდასწრებით, რომელსაც უფლება აქვს, დაამატოს ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც მიიჩნევს საჭიროდ.

15. ინსპექტირების აქტის ასლი უნდა გადაეცეს გემის კაპიტანს.

16. გემის კაპიტანმა  უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირებთან ინსპექტირების დროს და არ უნდა შეუშალოს ხელი მათ მათი ვალდებულებების შესრულების მომენტში, თუკი აღნიშნული არ იწვევს გემის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

17. თუ  ინსპექტირების შედეგად დადასტურდება, რომ თევსაჭერი გემი მონაწილეობდა უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში, მაშინ უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან:

ა) დარღვევა შეიტანონ ინსპექტირების აქტში;

ბ) მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასეთი დარღვევის შესახებ მტკიცებულებების დაცვა.

18. თუ  ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი გემი მონაწილეობდა უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში, მაშინ დაუშვებელია აღნიშნული გემის მიერ საქართველოს  თევზჭერის პროდუქტების ხმელეთზე გადმოტვირთვა ან სხვა გემის ბორტზე გადატვირთვა.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დეპარტამენტი ატყობინებს ევროკომისიას, იმ რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციას, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა თევზჭერა და იმ სახელმწიფოს, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავს გემი.

20. თუ დარღვევა განხორციელდა ღია ზღვაში, დეპარტამენტი  თანამშრომლობს დროშის გამცემ სახელმწიფოსთან, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მოხდეს საქმის განხილვა და სათანადო ზომების მიღება. თანამშრომლობა ასევე ხორციელდება დროშის გამცემ სახელმწიფოსთან, როდესაც დარღვევა ხდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში.

21. ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დეპარტამენტი უგზავნის სააგენტოს, რათა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს მიეცეს ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 163. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის

1. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს უნდა მიეცეს ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულყოფილად წარმოდგენილია 162 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ან ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გამარტივებული შეტყობინება.

2. სააგენტო განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისია ან/და შეიცავს ხარვეზს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს 5-დღიან ვადას დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ატყობინებს განმცხადებელს დადებითი გადაწყვეტილების შესახებ.  ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა სააგენტოს არ წარმოუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, ან არ გამოასწორა მითითებული ხარვეზი, სააგენტო  გამოიტანს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის თაობაზე და ამის შესახებ ატყობინებს განმცხადებელს.

3. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 164. თევზჭერის პროდუქტების იმპორტი

1. აკრძალულია საქართველოში არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტი.

2. საქართველოში იმპორტირებულ თევზჭერის პროდუქტებს თან უნდა ახლდეს თევზჭერის სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია/დამოწმებულია დროშის გამცემი სახელმწიფოს მიერ იმ  გემისთვის/გემებისთვის, რომლის/რომელთა მიერ განხორციელებული ჭერისგან მიღებულია თევზჭერის პროდუქტები. თევზჭერის სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს, რომ თევზჭერა განხორციელდა კონსერვაციისა და მართვის საერთაშორისო ზომების მოთხოვნებთან შესაბამისად.

3. თევზჭერის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორმაში მოცემულ ყველა ინფორმაციას და დამოწმებული უნდა იყოს დროშის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი  ორგანოს მიერ. უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის 1610 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, თევზჭერის სერტიფიკატი შესაძლოა, წარდგენილ იყოს ელექტრონული საშუალებით, ან ჩანაცვლდეს მიკვლევადობის ელექტრონული საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს იმავე დონის კონტროლს.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №5-ით განსაზღვრული თევზჭერის პროდუქტებისთვის არ მოითხოვება თევზჭერის სერტიფიკატის წარდგენა.

5. იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში თევზჭერის პროდუქტების იმპორტი, იმ უცხო ქვეყნიდან, რომელიც არ არის დროშის გამცემი (არაპირდაპირი იმპორტი), იმპორტიორმა დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს:

ა) დროშის გამცემი სახელმწიფოს მიერ დამოწმებული თევზჭერის სერტიფიკატი; და

ბ) დოკუმენტირებული მტკიცებულებები, რომ თევზჭერის პროდუქტებს არ გაუვლია სხვა ოპერაციები, გარდა ჩამოტვირთვისა და ხელახლა ჩატვირთვისა და ნებისმიერი სხვა ოპერაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა მის კარგ, ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებას იმ უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებები წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საშუალებით:

ა) სადაც შესაძლებელია, ერთიანი ტრანსპორტირების დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს დროშის გამცემი სახელმწიფოდან ტვირთის იმპორტიორ ქვეყანაში გადატანის ფაქტს; ან

ბ) დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმპორტიორი  ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტების ზუსტ აღწერას, პროდუქციის ჩამოტვირთვისა და ხელახლა ჩატვირთვის თარიღებს და, სადაც  შესაძლებელია გემის ან სხვა გამოყენებული ტრანსპორტის დასახელებას; და

ბ.ბ) იმ პირობების მითითებას, რომელთა დაცვით შენახულ იქნა თევზჭერის პროდუქტები იმპორტიორ ქვეყანაში.

7. თუ დაჭერილი სახეობები მიეკუთვნება თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის ჭერის დოკუმენტაციის სქემას, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ამ სქემის რეექსპორტის სერტიფიკატით, იმ პირობით, რომ უცხო ქვეყანამ ჯეროვნად შეასრულა სათანადო შეტყობინების გაკეთების ვალდებულება.

8. იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში თევზჭერის პროდუქტების იმპორტი, რომელიც გადამუშავდა იმ უცხო ქვეყანაში რომელიც არ არის დროშის გამცემი (არაპირდაპირი იმპორტი), იმპორტიორმა დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს მწარმოებელი ქვეყნის საწარმოს, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული დანართ №6-ით გათვალისწინებული ფორმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დამუშავებული და დაუმუშავებელი პროდუქტის ზუსტი აღწერილობა და რაოდენობა;

ბ) იმის დადასტურება, რომ პროდუქტის დამუშავება იმპორტიორი ქვეყნის მიერ მოხდა თევზჭერის სერტიფიკატის თანხლებით, რომელიც დამოწმებული იყო დროშის გამცემი სახელმწიფოს მიერ და თან ახლდა:

ბ.ა) თევზჭერის სერტიფიკატის დედანი, თუ თევზჭერის პროდუქტები სრულად იქნა გადამუშავებული, რათა შემდგარიყო ტვირთი; ან

ბ.ბ) თევზჭერის სერტიფიკატის ასლი, თუ  თევზჭერის პროდუქტების ნაწილი იქნა გადამუშავებული, რათა შემდგარიყო ტვირთი.

9. თუ დაჭერილი სახეობები მიეკუთვნება თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის ჭერის დოკუმენტაციის სქემას, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ამ სქემის რეექსპორტის სერტიფიკატით, იმ პირობით, რომ იმპორტიორმა ქვეყანამ ჯეროვნად შეასრულა სათანადო შეტყობინების გაკეთების ვალდებულება.

10. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 – მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაძლებელია, წარდგენილი იქნეს ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 165. თევზჭერის პროდუქტების ექსპორტი და რეექსპორტი

1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტისას, განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებას ახდენს სააგენტო.

2. საქართველოდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში თევზჭერის პროდუქტების ექსპორტისას, ექსპორტიორმა დამოწმებული თევზჭერის სერტიფიკატი უნდა წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს გემის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლამდე 3 დღით ადრე.

3. თევზჭერის სერტიფიკატის თანხლებით თევზჭერის პროდუქტების რეექსპორტის დროს, განმცხადებლის მოთხოვნით, ხორციელდება თევზჭერის სერტიფიკატში რეექსპორტის გრაფის დამოწმება ან მისი ასლის დამოწმება, თუ პროდუქტები, რომელთა რეექსპორტიც უნდა განხორციელდეს, არის საქართველოში შემოტანილი პროდუქტების ნაწილი.

4. განმცხადებელი თევზჭერის სერტიფიკატის (დანართი №11) შესაბამის ნაწილებს (გრაფებს) მის წარდგენამდე ავსებს და 2 (ორ) ეგზემპლარად წარუდგენს სააგენტოს. სააგენტო დადგენილი წესით ავსებს სერტიფიკატის ფორმის შესაბამის ნაწილებს, ამოწმებს მას და განმცხადებელს უბრუნებს დამოწმებული თევზჭერის სერტიფიკატის ერთ ეგზემპლარს.

5. თევზჭერის სერტიფიკატის შევსება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) „დოკუმენტის ნომერი“ და პირველი განყოფილება: „დამმოწმებელი ორგანო“ და მისი საიდენტიფიკაციო გრაფები „სახელწოდება“, „მისამართი“ „ტელეფონი“, „ფაქსი“ ივსება  სააგენტოს მიერ;

ა.ა) დოკუმენტის ნომრის მინიჭება ხორციელდება შემდეგი წესის დაცვით:

ა.ა.ა) საქართველოს ISO კოდი;

ა.ა.ბ) სააგენტოს საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ა.გ) დამოწმების წელი;

ა.ა.დ) ნომერი თანმიმდევრობის დაცვით;

ბ) მე-2 განყოფილება: უნდა შეივსოს თევზსაჭერი გემის კაპიტნის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ, მე-2 გრაფაში ზოგიერთი ნაწილი (IMO/Lloyd-ის ნომერი, Inmarsat-ის ნომერი) მხოლოდ მაშინ ივსება, თუ შესაძლებელია;

გ) მე-3 განყოფილება „პროდუქტის აღწერილობა“: პროდუქტის აღწერა ხორციელდება სახეობის  მითითებით. (პროდუქტის კოდი არის საბაჟო კოდი, რომელიც გამოიყენება ქვეყნის მიერ; ისინი ეფუძნება ჰარმონიზებული სისტემის 6-ციფრიან კოდს და ევროკომისია უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ვებგვერდზე – „Applied Tariffs Database“ http://mkaccdb.eu.int.). თუ უფრო დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული (მაგალითად, დამუშავებული პროდუქტებისათვის), გრაფები შეიძლება, გაიზარდოს ან დანართად დაერთოს სერტიფიკატს.            მე-3 განყოფილების გრაფები ივსება შემდეგი წესით: 

გ.ა) სახეობები: ინფორმაციის წარდგენას უზრუნველყოფს განმცხადებელი. საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სახეობა უნდა იყოს მითითებული;

გ.ბ)  პროდუქტის კოდი: ეს კოდი მიეთითება იმ პროდუქტებზე, რომლებიც უნდა იყოს ექსპორტირებული და წარდგენილი უნდა იყოს განმცხადებლის მიერ საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის (HS) შესაბამისად;

გ.გ) თევზჭერის ადგილ(ებ)ი და თარიღები: მიეთითება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად (განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კოდი, თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის კოდი ან გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის კოდი);

გ.დ) ბორტზე დაშვებული გადამუშავების სახე: მიეთითება განმცხადებლის მიერ;

გ.ე) მიახლოებითი ცოცხალი წონა, გადმოსატვირთი მიახლოებითი წონა: მიეთითება განმცხადებლის მიერ და მხოლოდ მიახლოებით უნდა იყოს წარდგენილი;

გ.ვ) „შემოწმებული გადმოტვირთული წონა“ ივსება დამმოწმებელი ორგანოს მიერ, როდესაც ის შემოწმდა და ჭერილის აწონვა განხორციელდა გადმოტვირთვისას; 

  დ) მე-4 განყოფილება (მითითებები გამოსაყენებელ კონსერვაციისა და მართვის ზომებზე) ეხება კონსერვაციისა და მართვის ზომებს იმ სახეობების მიმართ, რომლისთვისაც გაიცემა თევზჭერის სერტიფიკატი. ისინი შეიძლება, იყოს ეროვნული ზომები, ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის მიერ მიღებული ზომები, რომელიც უნდა დაიცვას გემმა და წარადგინოს განმცხადებელმა;

ე) მე-5 განყოფილება (თევზსაჭერი გემის კაპიტნის სახელი და გვარი/ხელმოწერა/ბეჭედი). თევზჭერის სერტიფიკატი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს თევზსაჭერი გემის კაპიტნის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ჭერილი არ არის გადმოტვირთული დროშის სახელმწიფოს ნავსადგურში და შესაბამისად, შეუძლებელია ფიზიკურად ახლდეს თევზჭერის სერტიფიკატი, კაპიტნის წარმომადგენელს შეუძლია, ხელი მოაწეროს და მოითხოვოს მისი დამოწმება;

ვ) მე-6 განყოფილება – „ზღვაში გადატვირთვის დეკლარაცია“ ერთდროულად ივსება თევზსაჭერი გემისა და მიმღები გემის კაპიტნის (ან მათი წარმომადგენლების) მიერ (როდესაც ეს შესაძლებელია);

ზ) მე-7 განყოფილება „გადატვირთვის ავტორიზაცია  ნავსადგურში“ ივსება გადატვირთვის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) მე-8 განყოფილება  ივსება ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორის მიერ, რომელმაც ასევე უნდა მიუთითოს ტრანსპორტირების დეტალები (თევზჭერის სერტიფიკატის დანართი)             მე-10 განყოფილების შესაბამისად;

ი) მე-9 განყოფილება (დროშის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს დამოწმება) – ახორციელებს სააგენტო;

კ) მე-11 განყოფილება (იმპორტიორის დეკლარაცია) ივსება იმპორტიორის მიერ თევზჭერის სერტიფიკატის იმპორტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენამდე, იმპორტიორის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; არაპირდაპირი იმპორტის შემთხვევაში, წინასწარი დამუშავების ან მის გარეშე. დოკუმენტები, რომელიც მითითებულია  2008 წლის 29 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, ასევე უნდა წარედგინოს თევზჭერის სერტიფიკატთან ერთად და მიეთითოს ამავე გრაფაში;

ლ) მე-12 განყოფილება ივსება ევროკავშირის წევრი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც უნდა შეამოწმოს სერტიფიკატი.

6. თევზჭერის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის გადასამოწმებლად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს აწვდის 2 დღის ვადაში.

7. სერტიფიკატის დამოწმებამდე სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ნებისმიერი შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის საიმედოობას და რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს თევზჭერის სერტიფიკატის გასაცემად.

8. თევზჭერის სერტიფიკატის დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობასა და სისრულეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

9. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

10. განმცხადებელი წარადგენს თევზჭერის სერტიფიკატს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მოცემულია თევზჭერის სერტიფიკატის მე-2-მე-8 და მე-10 განყოფილებებში. თუ სააგენტო დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მასში წარმოდგენილ ინფორმაციას და არ შეაქვს ეჭვი მის სისრულესა და შესაბამისობაში და კონსერვაციისა და მართვის ზომების დაცვაში, მას შეუძლია, მიანიჭოს დოკუმენტს ნომერი, შეავსოს პირველი განყოფილება და „დამმოწმებელი ორგანო“ და მე-9 განყოფილება („დროშის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს დამოწმება“), რის შემდეგაც იგი უბრუნდება განმცხადებელს.

11. დასაშვებია თევზჭერის სერტიფიკატის ელექტრონული დამოწმება. ელექტრონული დამოწმება შეიძლება, გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ დამოწმების ფორმა და დაცვის მექანიზმები მისაღებია ევროკომისიისათვის. თევზჭერის სერტიფიკატის ფორმები წარედგინება ევროკომისიას. თევზჭერის ელექტრონულ სერტიფიკატს აქვს მატერიალური დოკუმენტის ფორმით დამოწმებული სერტიფიკატის თანაბარი იურიდიული ძალა.

12. თევზჭერის სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან განიხილება განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

13. ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისას, დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო განსაზღვრავს გონივრულ ვადას და აცნობებს განმცხადებელს წერილობით. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო წარდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი განხილვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

14. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმება ან დამოწმებაზე უარი უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილებას, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების ან დამოწმებაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს უფროსი. თევზჭერის სერტიფიკატი გაიცემა დამოწმების გადაწყვეტილების მიღების დღესვე. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობით, უარის საფუძვლის მითითებით.

15. სააგენტო აწარმოებს თევზჭერის სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრს. თევზჭერის სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში ან ელექტრონულად მისი დამოწმებიდან 2 დღის ვადაში.

16. თევზჭერის სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, ექსპორტირებამდე სააგენტო გასცემს თევზჭერის სერტიფიკატის დუბლიკატს შესაბამისი განცხადების საფუძველზე 2 დღის ვადაში.

17. თევზჭერის სერტიფიკატის დუბლიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

18. თევზჭერის სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

19. თევზჭერის  სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს, რომელიც ვალდებულია, თევზჭერის სერტიფიკატი დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს.

20. თევზჭერის სერტიფიკატი ივსება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

21. თუ ტექნიკური საშუალებით არ არის შესაძლებელი, თევზჭერის სერტიფიკატი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. თევზჭერის სერტიფიკატში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და სხვა.

22. თევზჭერის სერტიფიკატი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება გამცემ ორგანოს, ხოლო ერთი გადაეცემა განმცხადებელს.

23. ამ მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრული გემების მიერ განხორციელებული თევზჭერის  შემთხვევაში, თევზჭერას შეიძლება, ახლდეს გამარტივებული სერტიფიკატი, თუ ისინი გადმოტვირთულია საქართველოს ნავსადგურებში და შეადგენს ერთ პარტიას.

 24. თევზჭერის გამარტივებული სერტიფიკატი (დანართი №12) ივსება ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ვრცელდება გემებზე, რომლის:

ა) საერთო სიგრძე 12 მეტრზე ნაკლებია, რეწვის იარაღის გარეშე;

ბ) საერთო სიგრძე  8 მეტრზე ნაკლებია, რეწვის იარაღით;

გ) ზედა კონსტრუქციის გარეშეა;

დ) მთლიანი ტონაჟი 20 (GT) -ზე ნაკლებია.

25. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) ყალბი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა;

ბ) გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ თევზჭერა განხორციელდა კონსერვაციისა და მართვის ზომების ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების საწინააღმდეგოდ;

გ) არ არის გადახდილი თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების საფასური.

26. თევზჭერის სერტიფიკატის ფორმა გაიცემა სააგენტოს მიერ, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ თევზსაჭერ გემებზე ერთჯერადად არა უმეტეს 25 ცალისა, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, რომლის გახარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდგომ გაიცემა დოკუმენტის დამატებითი ფორმები არა უმეტეს ამ პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა.

27. თევზჭერის სერტიფიკატის ფორმები გაიცემა შეუვსებელი სახით, ამ მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად გაკეთებული განაცხადის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. იმავე წესით ხდება გამოუყენებელი დოკუმენტების უკან დაბრუნება.

28. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით.

29. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებაზე უარის თქმის ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 166. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია

1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი ან მისი წარმომადგენელი, რომელიც დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ და სურს, განახორციელოს თევზჭერა ღია ზღვაში და უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ვალდებულია, ავტორიზაციის მიღების მიზნით განცხადებით მიმართოს  სააგენტოს.

2. ავტორიზაციის გარეშე არ დაიშვება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ თევზჭერისა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება ღია ზღვაში და უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

3. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის ავტორიზაციის მიზნით, გემის კაპიტანმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გემთმფლობელის/გემის მიმართ  გაცემული თევზჭერის ლიცენზია და ლიცენზიის ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, ასევე მანამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზია, არსებობის შემთხვევაში;

ბ) იმ ქვეყნის თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის ასლები/ან იმ ვებგვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიულ ზღვაშიც უნდა განხორციელდეს თევზჭერა, ასევე არსებობის შემთხვევაში, რეგიონული თევზჭერის მართვის ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი დეკლარირების წესები და მათი ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ) თევზჭერის განხორციელების  რეგიონი, რაიონი, ტერიტორიის ფარგლები;

დ) თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები;

ე) ნებადართული  თევზის სახეობების შესახებ;

ვ) თევზჭერის იარაღისა და აღჭურვილობის შესახებ;

ზ) იმ ნავსადგურის შესახებ, სადაც ახორციელებს თევზის გადმოტვირთვას;

თ) მომავალში დაგეგმილი თევზის ხმელეთზე გადატვირთვის ადგილის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს დაგეგმილი თევზჭერის ოპერაციების მდგრადობას, მათ შორის, დაადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის – „საზღვაო სამართლის შესახებ“ 62-ე მუხლთან შესაბამისობას.

4. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული ზღვის მიღმა თევზჭერის ავტორიზაცია შეიძლება, მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარდგენილი აქვს სრული და ზუსტი ინფორმაცია თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) გემთმფლობელის/გემის მიმართ  გაცემულია თევზჭერის ლიცენზია;

გ) გემსა და ნებისმიერ მასთან ასოციირებულ დამხმარე გემს აქვს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი გემის საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის ან  თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზსაჭერი გემების ნუსხაში;

ე) როდესაც ეს შესაძლებელია, თევზჭერის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია საქართველოსთვის შესაბამისი მეთევზეობის შეთანხმების ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის მოთხოვნების ფარგლებში;

ვ) როდესაც ეს შესაძლებელია თევზსაჭერი გემი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 167 მუხლის მოთხოვნებს.

5. ღია ზღვაში თევზჭერის ავტორიზაციის მიზნით, გემს  სააგენტოს მიერ მიენიჭება ავტორიზაცია, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები და სახეზეა ერთ-ერთი რომელიმე პირობა:

ა) დაგეგმილი თევზჭერა შეესაბამება ეროვნული სამეცნიერო დაწესებულების მიერ მომზადებულ/აღიარებულ სამეცნიერო კვლევას, რომელიც ადასტურებს დაგეგმილი თევზჭერის ოპერაციების მდგრადობას; ან

ბ) დაგეგმილი თევზჭერა არის ეროვნული სამეცნიერო დაწესებულების კვლევის პროგრამის ნაწილი, მათ შორის, მონაცემთა შეგროვების სქემის თვალსაზრისით. კვლევის სამეცნიერო პროტოკოლი, რომელიც მოითხოვება ნებისმიერ შემთხვევაში, აღიარებული უნდა იყოს სამეცნიერო დაწესებულების მიერ.

6. სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გემზე ავტორიზაცია გაიცემა ერთი წლის ვადით. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, ავტორიზაცია ექვემდებარება განახლებას ყოველწლიურად.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 167. ავტორიზაცია  გემის მიერ სახელმწიფო დროშის შეცვლის შემთხვევაში

1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება გემებზე, რომლებიც თევზჭერის ავტორიზაციის განაცხადის შემოტანამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში მოიხსნა რეგისტრაციიდან საქართველოში და დარეგისტრირდა უცხო სახელმწიფოში, ხოლო ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემოტანამდე ისევ დარეგისტრირდა საქართველოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს თევზჭერის ავტორიზაცია, თუ დადასტურდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ ცურვის განმავლობაში გემი:

ა) არ იყო ჩართული არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერაში;

ბ) არ ახორციელებდა თევზჭერას იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო იდენტიფიცირებული, როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს არამდგრად თევზჭერას;

გ) არ ახორციელებდა თევზჭერას იმ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებს თანამშრომლობაზე.

3. ავტორიზაციის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია:

ა) თევზჭერის დეკლარაცია და თევზჭერის აქტივობები შესაბამისი პერიოდის განმავლობაში;

ბ) შესაბამისი პერიოდის განმავლობაში თევზჭერის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომელიც უნდა მოიცავდეს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გემის ან მესაკუთრის ან/და მფლობელის მიმართ დაწესებულ სანქციებს;

დ) დროშის სრული ისტორია მას შემდეგ, რაც გემი მოიხსნა რეესტრიდან საქართველოში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 168. ავტორიზაციის თაობაზე განცხადების განხილვა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 166 და 167 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  სააგენტო განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისია ან/და შეიცავს ხარვეზს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს 5-დღიან ვადას დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს დადებითი გადაწყვეტილების შესახებ, შეტყობინებაში ასევე მიეთითება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი. ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელმა სააგენტოს არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, ან არ გამოასწორა მითითებული ხარვეზი, სააგენტო გამოიტანს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის თაობაზე და ამის შესახებ ატყობინებს განმცხადებელს.

2. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, სააგენტო ახდენს გემის ავტორიზაციას და მონაცემები შეჰყავს სპეციალურ რეესტრში, რომლის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. გემის ავტორიზაციის შემდეგ, სააგენტო ინფორმაციას, თანდართული დოკუმენტაციის ასლებთან ერთად, ელექტრონული ფორმით წარუდგენს დეპარტამენტსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

4. ავტორიზაციის გაცემის შემდეგ გემის მიერ ავტორიზაციის მიღების პირობების დაცვა ექვემდებარება კონტროლს.

5. თუ გამოვლინდა, რომ ადგილი აქვს იმ პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენდა ავტორიზაციის საფუძველს, გემის მიმართ გაცემული ავტორიზაცია შეწყდება და გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

6. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერაში  ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.

7. დეპარტამენტი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციას უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი  გემების დაჯარიმების თაობაზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი დაჯარიმდება არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის ჩადენისთვის, აღნიშნულ გემს სააგენტოს მიერ შეუჩერდება თევზჭერის ავტორიზაცია დარღვევის გამოსწორების ვადით, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა არ ექვემდებარება გამოსწორებას, გემს ავტორიზაცია შეუჩერდება 1 წლის ვადით, ხოლო იმავე დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გემს შეუწყდება ავტორიზაცია. თევზჭერის განმეორებით ჩადენისთვის, აღნიშნულ გემს სააგენტოს მიერ შეუწყდება თევზჭერის ავტორიზაცია, რის შესახებაც ეცნობება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. ავტორიზაციის შეწყვეტა არ ათავისუფლებს გემს კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან.

9. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების რეგისტრაციას ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. რეგისტრირებული გემებისთვის, რომლებიც გეგმავენ თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში, რეგისტრაციის განახლების წინაპირობა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად არის სააგენტოს მიერ მინიჭებული ავტორიზაცია.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 169. მოთხოვნები უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული გემების მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 168 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის მიღების შემდეგ გემი ვალდებულია, თევზჭერის რეალურ დროში კონტროლის მიზნით, გემზე დაამონტაჟოს გემების სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემა (VMS) და აღჭურვილი იყოს ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით (AIS), ასევე აწარმოოს  ელექტრონული სარეწაო ჟურნალი. სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და მისი გამოყენების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №13-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს გემების ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) მონაცემების კონტროლს. ხოლო დეპარტამენტი უზრუნველყოფს გემების სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის  სისტემა (VMS)-ის მონაცემების კონტროლს.

3. ელექტრონული სარეწაო ჟურნალი არის თევზჭერის პროცესის, თევზის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი  დოკუმენტი.

4. გემის კაპიტანი  ვალდებულია, დეპარტამენტს მიაწოდოს,  განვლილი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული თევზჭერის შესახებ ინფორმაცია  ელექტრონული სარეწაო ჟურნალის შესაბამისად.

5. გემის  კაპიტანი ვალდებულია, დეპარტამენტს მიაწოდოს განვლილი კვარტალის განმავლობაში, განხორციელებული თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაცია სატვირთო ჟურნალის შესაბამისად.

6. გემი ვალდებულია, გემის ნავსადგურიდან გასვლიდან მის ნავსადგურში დაბრუნებამდე უზრუნველყოს თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღება.

7. გემს ეკრძალება ვიდეოგადაღების გარეშე წყალში თევზსაჭერი სარეწაო ბადე-იარაღის, აპარატის ჩაშვება, წყლიდან ამოღება ან თევზჭერასთან დაკავშირებული რაიმე სხვა ქმედების განხორციელება.

8. გემის კაპიტანი, რომელსაც მიღებული აქვს უცხო ქვეყნის ავტორიზაცია ან ღია ზღვაში თევზჭერის ავტორიზაცია, ვალდებულია, გემიდან სხვა გემის ბორტზე გადატვირთამდე (გარდა ნავსადგურში გადატვირთვისა) დეპარტამენტს შეატყობინოს:

ა) მიმღები გემის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დაგეგმილი გადატვირთვის დრო და გეოგრაფიული მდებარეობა;

გ) გადასატვირთი სახეობების მოსალოდნელი რაოდენობა.

9. თევსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის საქართველოს საზღვაო წყლებს მიღმა თევზჭერის მონიტორინგის მარეგულირებელი დეტალური წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 1610. დროშის სახელმწიფოს შეტყობინება და თანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული, დროშის გამცემი უცხო ქვეყნის მიერ დამოწმებული თევზჭერის სერტიფიკატი საქართველოსთვის მისაღებია, თუ ამ სახელმწიფომ საქართველოს წარმოუდგინა შეტყობინება, რომელიც ადასტურებს, რომ:

ა) მიღებული აქვს ზომები, რათა აღასრულოს შესაბამისი კანონმდებლობა და კონსერვაციისა და მართვის ზომები, რომლებთან შესაბამისობაშიც უნდა იყოს ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემები;

ბ) ამ ქვეყნის საჯარო დაწესებულებებს აქვთ თევზჭერის სერტიფიკატში მითითებული ინფორმაციის სისწორის დადასტურების უფლებამოსილება და საქართველოს თხოვნის შემთხვევაში, შეუძლიათ ამ სერტიფიკატების დამოწმება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ამ ორგანოების იდენტიფიცირებისათვის აუცილებელ ინფორმაციას.

2. სააგენტომ უნდა დაუდასტუროს გამომგზავნ მხარეს შეტყობინების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება არ შეიცავს რომელიმე მონაცემს, სააგენტო ამის შესახებ ატყობინებს შეტყობინების ავტორს და სთხოვს ხელახალი შეტყობინების გამოგზავნას.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უნდა ითანამშრომლონ დროშის გამცემ უცხო სახელმწიფოებთან თევზჭერასთან დაკავშირებულ საკითხებში.

4. სააგენტომ უნდა აწარმოოს ჩანაწერები იმ სახელმწიფოებისა და მათი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ, რომელთაგანაც მიიღო შესაბამისი შეტყობინება.

5. სააგენტომ 3 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს თევზჭერის სერტიფიკატების (იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის) დედნები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 1611. მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ

1. საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება იმ თევზსაჭერ გემსა და თევზჭერასთან დაკავშირებულ  გემზე შრომით ურთიერთობაში შესვლა, რომელიც ასახულია ევროკავშირის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ნუსხაში.

2. საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ეკრძალება იმ თევზსაჭერი გემის ან თევზჭერასთან დაკავშირებული გემის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ქონა, რომელიც ასახულია ევროკავშირის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის ნუსხაში. ასევე თევზსაჭერი ან თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა პირთათვის, რომლებიც მონაწილეობენ ასეთი გემის საქმიანობაში ან/და მართვაში  ან/და არიან ასეთი გემის მესაკუთრენი.

3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №672 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 18. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დანართი  №1

 

თევზსაჭერი იარაღები

თვლის მინიმალური ზომები მმ-ში

თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე ქაფშიის დასაჭერად

6,5

–

მოსასმელი ბადე სხვა თევზის დასაჭერად

12

–

თევზმახეები

12

–

ქისა ბადე

6,5

–

ტრალი

6,5

–

კონუსური ბადე

12

–

პარაშუტისებრი ბადე

12

–

მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)

20

–

ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)

20

–

სახლართი ბადე

18

–

სხვა თევზსარეწი იარაღები

12

–

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 მაისის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 27.05.2024წ.

 

 ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე

 

N

თევზის სახეობა

 

ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური

სიგრძე (მმ-ში)

1

ქაფშია

70

2

ქარსალა

60

3

მერლანგი

120

4

კეფალისებრნი

200

5

კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)

850

6

სტავრიდა

100

7

ხონთქარა (ბარაბული)

85

8

ღიპა ქაშაყი

110

9

შავი ზღვის ქაშაყი

170

10

სარღანი

320

11

ლუფარი

220

12

პელამიდა

250

13

სკუმბრია

150

14

ღორჯოსებრნი

110

15

ქამბალა-კალკანი

350

16

მიდია

50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)

17

გარნელი(კრევეტი)

35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)

18

ღლავი (ლოქო)

500

19

ფარგა

380

20

წერი (ქარიყლაპია)

320

21

სიგისებრნი

180

22

ჭერეხი

400

23

კობრი

320

24

კაპარჭინა

260

25

ჭანარი

320

26

შამაია

250

27

ხრამული ტბის

250

28

ხრამული მდინარის

220

29

ვიმბა

120

30

სხვა თევზები (თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი)

200

 

დანართი №3

სარეწაო ჟურნალი

 

თევზჭერის ( ცდის ) რიგითი ნომერი

თევზსაჭერი ბადე იარაღის დასახელება

თევზჭერის ყოველი ცდის ადგილი ( აკვატორია სახმელეთო ორიენტირებით ან გეოგრაფიული კოორდინატებით )

თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო ( წუთი , საათი , დღე , თვე , წელი )

თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრების დრო ( წუთი , საათი , დღე , თვე , წელი )

ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება ( რაოდ . სახეობების მიხედვით კგ - ში )

ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით ( კგ )

თანჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით , კგ - ში

შენიშვნა ( თევზჭერისას ტექნიკური შეფერხებები , ფორსმაჟორული ვითარება და სხვა )

თევზჭერის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28  სექტემბრის  დადგენილება №445 - ვებგვერდი, 29.09.2017წ.

 

ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და გამოყენების

პირობები

1. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა მოიცავს გემზე დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერას/ვიდეოკამერებს, ქსელურ ვიდეოჩამწერსა და GSM-WiFi Router-ს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ ჭერილის რეალურ დროში ვიდეოკონტროლს.

2. ვიდეოკამერის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ღამის ხედვა არანაკლებ 20 მეტრის ინფრაწითელი განათების საშუალებით;

ბ) გარე გამოყენება;

გ) გარჩევადობა არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა;

დ) კამერის მატრიცის ზომა არანაკლებ 1/3 დიუმისა.

3. ქსელური ვიდეოჩამწერის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) სრული მაღალი გარჩევადობა (Full HD) არანაკლებ 4 ვიდეოკამერის შეერთების შესაძლებლობით;

ბ) ოთხივე არხზე კვების მიწოდების საშუალებით;

გ) ინტეგრირებული არანაკლებ 2 ტერაბაიტი ვინჩესტერი;

დ) არანაკლებ 1 LAN ინტერფეისი;

ე) არანაკლებ USB 2.0 ინტერფეისი;

ვ) შემავალი კვება 12 V მუდმივი ძაბვა;

ზ) თანმდევი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას უნდა იძლეოდეს, დისტანციურად განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი;

თ) Web ინტერფეისი.

4. GSM-WiFi Router-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ინდუსტრიული ტიპი;

ბ) თავსებადი საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირის ოპერატორებთან;

გ) თავსებადი საქართველოში მოქმედ GPRS 3G და 4G ქსელებთან;

დ) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 LAN პორტი;

ე) უნდა ჰქონდეს როუტინგის ფუნქცია, ვირტუალური პირადი ქსელის შექმნის საშუალებით;

ვ) ინტეგრირებული WiFi დაშვების წერტილი;

ზ) ინტეგრირებული GSM მოდული არანაკლებ 22 DBM გადაცემის სიმძლავრით, მგრძნობელობა არანაკლებ მინუს 97 DBM;

თ) GSM სიგნალის გამაძლიერებელი ანტენა არანაკლებ 7 დეციბელისა;

ი) შემავალი კვება 12 V მუდმივი ძაბვა;

კ) Web ინტერფეისი.

5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, თევზჭერის მიზნით გემის ნავსადგურიდან გასვლიდან მის ნავსადგურში დაბრუნებამდე უწყვეტად გადაიღოს ვიდეო. ქისაბადით თევზჭერის შემთხვევაში, სავალდებულოა არანაკლებ ორი კამერის დამონტაჟება. კამერა (კამერები) გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი თევზჭერის პროცესის უწყვეტი კონტროლი.  

6. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე წყალში თევზსაჭერი სარეწაო ბადე-იარაღის ჩაგება ან წყლიდან მისი ამოღება.

7. სამრეწველო თევზჭერის პროცესში გემზე დამონტაჟებული და შესაბამის სისტემაში ჩართული უნდა იყოს ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS).

 
დანართი №41
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №124 - ვებგვერდი, 28.04.2025წ.

 

თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები

 

1. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციისთვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს (დიაპაზონებს):

ა) ძაბვა (Voltage): 0-1500 ვოლტი (V).

დაბალი გამტარობის წყლებში (მაგ.: მტკნარი წყლები) საჭიროა უფრო მაღალი ძაბვა, ხოლო მაღალი გამტარობის წყლებში (მაგ.: ზღვის წყლები) – უფრო დაბალი;

ბ) დენის ძალა (Current): 0.1-100 ამპერი (A).

დენის ინტენსივობა უნდა იყოს საკმარისი თევზების ეფექტიანად მოზიდვისთვის, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ გამოიწვიოს მათი დაზიანება. საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი: 0.1-2 ამპერი;

გ) იმპულსის სიხშირე (Pulse Frequency): 1-1200 ჰერცი (Hz).

ოპტიმალური სიხშირე უნდა შეირჩეს თევზის სახეობის მიხედვით; საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი: 30-60 ჰერცი (Hz);

დ) იმპულსის ხანგრძლივობა (Pulse Duration): 0.1-5 მილიწამი (ms).

ოპტიმალური ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს თევზის სახეობის მიხედვით; საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი:

დ.ა) 0.1-1 მილიწამი (ms) – მოკლე პულსები, რომლებიც გამოიყენება მცირე და მგრძნობიარე თევზებისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დაზიანების რისკი;

დ.ბ) 1-5 მილიწამი (ms) – შედარებით ხანგრძლივი პულსები, რომლებიც ეფექტიანია უფრო დიდი თევზებისთვის, თუმცა, შესაძლოა, გაზარდოს მათი დაზიანების რისკი.

2. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ელემენტებით, მათ შორის, იზოლაციით, სათანადო დამიწებით, დამცავი გარსაცმებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი წყალგაუმტარობა, რათა დაიცვას მომხმარებელი ელექტროდარტყმისგან.

3. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პასპორტი, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოწყობილობის დასახელება (მოდელი, სერია);

ბ) მწარმოებელი (მწარმოებელი ქვეყანა, კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ) გამოშვების თარიღი;

დ) შესაბამისობის სერტიფიკატები (CE, ISO, ადგილობრივი სტანდარტები), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. უცხოენოვან ტექნიკურ პასპორტს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

 


კრებსითი — სრული ვერსია