ქ. თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
323
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №323

2005 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

 ქ. თბილისში დაზიანებული გზის საფარი ხელს უშლის ტრანსპორტის ნორმალურ და უსაფრთხო მოძრაობას, იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების მატებას, რასაც თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, ქონებრივი ზარალი. დაზიანებული გზის საფარი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ხელშემშლელი გარემოებაცაა. დედაქალაქში დაგეგმილი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კეთილმოწყობილ გზებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს გზის საფარის გადაუდებელი შეკეთება, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი რაოდენობის სამშენებლო მასალით (ასფალტით) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას (რისი შესაძლებლობაც დღესდღეობით არ არსებობს). პრობლემის გადასაწყვეტად კასპის რაიონში დაგეგმილია ასფალტის ქარხნის მშენებლობა. ასფალტის წარმოების დროულად დაწყების მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა (შ. ჯავახაძე) უზრუნველყოს კასპის რაიონის სატყეო მეურნეობის ტყის ფართობის შემცირების პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან შესაბამისი საქმიანობის გათავისუფლების პროცესის დაჩქარება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

      

კრებსითი — სრული ვერსია