საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 370
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის №359 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის № 359 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სააქციო საზოგადოება „ გუდაურის “ სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარების, უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, ახალი ძირითადი საშუალებების შეძენის, ტრანსპორტირების, დამონტაჟების, რიგი არსებული ძირითადი საშუალებების კაპიტალური შეკეთების მიზნით „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ა. ალექსიშვილი) საკრედიტო რესურსად გამოეყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით სააქციო საზოგადოება „ გუდაურისათვის “ სესხის მისაცემად და მანვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ გუდაურს. “ ;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„ 11. სათხილამურო სეზონის დაწყებამდე გუდაურში სამი მოქმედი და ერთი უმოქმედო საბაგირო გზის რეაბილიტაციის, აგრეთვე ახალი საბაგირო გზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებისა და სამუშაოთა უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობიდან გამომდინარე სააქციო საზოგადოება „ გუდაურმა “ „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი