სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2025-06-13
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017425
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორ­განუ­ლი კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 524 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (შემდგომში - „სამმხრივი კომისია“) თანდართული დებულება.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, უზრუნველ­ყოს სამმხრივი კომისიის სამდივნოს ჩამოყალიბება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­ტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის მხარის წევრების - ამ სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელ თანამდე­ბობაზე მყოფი პირების - კანდიდატურების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა,  ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

4. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამ­საქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნ­ველყონ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის ექვსი კანდიდატურის, მათ შორის, ამ მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შერჩევა და მისი მეშვეობით ამ კანდიდატურების სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ნოემბრის №448 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი




დანართი

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში – სამ­მხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდე­ბულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართვე­ლოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებე­ბით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენი­ლებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარ­გუ­ლებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარ­გულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, ამ დებუ­ლებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. სამმხრივი კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გა­ერ­თიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები.

2. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანი­ზა­ციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყ­ვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯ­დო­მარე.

3. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე.

4. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.

5. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი;

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამავდროულად არის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრუ­ლებისათვის:

ა) (ამოღებულია - 07.08.2017, №382);

ბ) ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამ­საქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები უზრუნ­ველყოფენ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის საკუთარი მხარის კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევას და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენას ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.

8. სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესა­ბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთ­ხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არაუგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

9. სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამო­სილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამო­სილების  ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დაკომპლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა ან დამ­საქ­მებელთა გაერთიანებები მართავენ შიდა კონსულტაციებსა და ახორ­ცი­ე­ლებენ სხვა კანონიერ პროცედურებს სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატის - შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამისი კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენ­ლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

10. საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის/მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სამინისტროს ახალი მინისტრი ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის წევრი.

11. სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 მარტის დადგენილება №122 - ვებგვერდი, 17.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №382 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №689 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 თებერვლის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №207 - ვებგვერდი, 13.06.2025წ.

მუხლი 3. სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები

1. სოციალური პარტნიორობა არის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სოციალურ პარტნიორებს − დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებს – შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სისტემა.

2. სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;

გ) ნდობა და კეთილსინდისიერება;

დ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

ე) ინფორმირებულობა;

ვ) ვალდებულებათა შესრულება;

ზ) ტრიპარტიზმი;

თ) კონსენსუსი.

3. სოციალური პარტნიორობა შესაძლებელია, განვითარდეს ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №689 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 4.  სამმხრივი კომისიის ფუნქციები

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე, წევრებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის წახალისება;

ბ) მთავრობასთან კონსულტაციების გამართვა შრომის, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთო ინტერესის მქონე საკითხების, მათ შორის, იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, მინიმალურ ხელფასსა და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებზე;

გ) შრომით და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ სამმხრივი კომისიის წევრთათვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ სხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №689 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.    

მუხლი 5. სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები

თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები;

ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებე­ბისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესა­მუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესა­ბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;

ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადა­დებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

მუხლი 6. სამმხრივი კომისიის საქმიანობის წესი

1. სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენ­დარული წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწ­ვე­ულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაო­ბაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხა­რეე­ბის ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წე­ლი­წადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგ­გარეშე სხდო­მა. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსთვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართ­ვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

2. სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომი­სი­ის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

3. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითოეული მხარის არანაკლებ სამი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანე­ბების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა, ისე დასაქ­მე­ბუ­ლთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდო­მას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში შემავა­ლი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც.

4. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდგომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხ­მო­ბის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებუ­ლია, შე­ის­­წავ­ლოს აღნიშნული საკითხი.

5. სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითო­ეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამ­მხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ხმა.

6. სამმხრივი კომისია შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველ­წლიურ ანგარიშს განსახილველად წარუდგენს საქართ­ველოს მთავრობას.

7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმარ­თება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შესაბამისად,  სამმ­ხრივი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ის უწყება, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც ხდება სამმხრივი კომისიის შეხვედრის გამართვა. ამასთან, მხა­რე­თა შე­თან­ხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძ­ლოა, გაი­მარ­თოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექ­ნიკურ უზ­­­რუნ­ველყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამ­მხრივი კომისიის ის მხა­­რე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა.

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამდივნოს შემადგენ­ლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.

9. სამმხრივი კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს სამმხ­რივი კომი­სიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს (შეხვედრების ორ­გა­ნიზებას, ოქმების წარმოებას, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვე­ვას, სხდომის მასალებით უზრუნ­ველ­ყოფას და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15  მარტის  დადგენილება №122  - ვებგვერდი, 17.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.

მუხლი 7. სამუშაო ჯგუფები

1. კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია, შექმნას მუდმივი ან დროებითი ქვეკომიტეტები და სამუშაო ჯგუფები.

2. სამუშაო ჯგუფი იქმნება სამმხრივი კომისიის მხა­რეთა მიერ წარ­დგე­ნილი პირებისაგან პარიტეტულობის პრინ­ცი­პის დაცვით.

3. სამუშაო ჯგუფის წევრთა საქმიანობისას გათვა­ლის­წინებულ უნ­და იქნეს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი პრინციპები.

4. სამუშაო ჯგუფს შეუძლია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და დაინ­ტე­რესებული პირები.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში, ხო­ლო ცალკეულ შემთხვევაში - სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვე­ტილება წარედგინება სამ­მხრივ კომისიას.

6. ცალკეულ საკითხებზე კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხ­ვევაში, სამუშაო ჯგუფის მხარეთა პოზიციები წერილობით წარედგინება სამმხრივ კომი­სიას.

7. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სამმხრივი კომისიის

ფარგ­ლებში და საქმიანობას წყვეტს დასახული მიზ­ნის მიღწევის­თანავე.

8. სამმხრივი კომისიის ფარგლებში მოქმედებს მუდმივმოქმედი ქვეკომიტეტი.  ქვეკომიტეტის ფუნქციაა სამმხრივი კონსულტაციის გამართვა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ 1976 წლის №144 კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

9.  ქვეკომიტეტის მიზანია კონსულტაციების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:

ა) მთავრობის პასუხები კითხვარებზე, რომლებიც შეეხება შრომის საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, და მთავრობის კომენტარები შემოთავაზებულ ტექსტებზე, რომლებიც ექვემდებარება კონფერენციაზე განხილვას;

ბ) კომპეტენტური ორგანოსათვის ან ორგანოებისთვის წარსადგენი წინადადებები, რომლებიც შეეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად კონვენციისა და რეკომენდაციების წარდგენას;

გ) იმ არარატიფიცირებული კონვენციებისა და რეკომენდაციების ხელმეორედ გადახედვა, დროის შესაბამისი ინტერვალებით, რომლებიც ჯერ არ ამოქმედებულა, იმისთვის, რომ განისაზღვროს მათი განხორციელებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რატიფიცირების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ზომები;

დ) იმ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოშობილი შეკითხვები, რომლებიც უნდა წარედგინოს შრომის საერთაშორისო ბიუროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის შესაბამისად;

ე) წინადადებები რატიფიცირებული კონვენციების დენონსაციასთან დაკავშირებით.

10.  თითოეულ მხარეს ქვეკომიტეტში ჰყავს 3 წევრი, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.  ქვეკომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №689 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 8. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე,  მისი დავალების, არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემ­თხვევაში  –  სამმხრივი კომისიის საქართველოს მთავრობის მხარის წევრი, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი.

2. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს სამმხრივი კომისიის წევრებს სამმხრივი კომისიის სხდო­მის გახსნისა და დახურვის შესახებ;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ დებულების მოთხოვნათა დაცვას;

დ) აძლევს სიტყვას სამმხრივი კომისიის წევრებსა და მოწვეულ პი­რებს;

ე) აყენებს კენჭისყრაზე საკითხს და აცხადებს მის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სამმხრივი კომისიის სხდომის ოქმს და საოქმო გა­დაწყვეტილებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15  მარტის  დადგენილება №122  - ვებგვერდი, 17.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.

მუხლი 9. სამმხრივი კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია.

2. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღა­უ­რების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

3. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხ­რივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწილეობის უფლების სხვა პირზე დელეგი­რება.

4. სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმ­ჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლება­მოსი­ლე­ბა:

ა) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მი­მართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი საქართველოს მთავ­რობის მხარის შემადგენლობაშია;

ბ) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმარ­თვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებე­ბის ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

გ) დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთია­ნებე­ბის იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენ­ლობაშიც ის არის წარმოდგენილი.

5. სამმხრივი კომისიის წევრი ახორციელებს საქართველოს კანონმ­დებ­ლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

6. სამმხრივი კომისიის წევრი უფლებამოსილია სხდომის მიმდინა­რეობის პროცესში მოითხოვოს სიტყვა, დააყენოს განსახილველი საკით­ხი, მიიღოს მონაწილეობა განხილვებსა და კენჭისყრაში, გაეცნოს სამმხ­რივი კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე მოძიებული მასალებს (შესაბამის შემთხვევაში, მათი კონფიდენციალობის დაცვით), შეითანხ­მოს და მოაწეროს ხელი სამმხრივი კომისიის სხდომათა ოქმებს და განა­ხორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მო­ვა­ლეობები.      

მუხლი 10. სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანობის ანაზღაურება

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოს და სამუშაო ჯგუფების წევრების მიერ ამ დებულებით გათვა­ლის­წინებული საქმიანობა არ ანაზღაურდება.


კრებსითი — სრული ვერსია