მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2022-11-04
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017378
მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 04.11.2022, №519)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2013 წლის 16 აგვისტო

ქ.თბილისი

 

მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ვ“ ,,კ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №571 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მიზნობრივი სოციალური პროგრამა „სოციალური სახლი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



მიზნობრივი სოციალური პროგრამა

„სოციალური სახლი“


მუხლი 1
ამ პროგრამის მიზანია სოციალურად შეჭირვებული შინამეურნეობებისთვის, დროებითი ღონისძიების სახით, „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა. 
მუხლი 2
1. „სოციალური სახლი“ წარმოადგენს სერვისს, რომელიც მიეწოდებათ ერთ ოჯახად მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ შინამეურნეობებს (შემდგომში – პროგრამის ბენეფიციარი).

2. პროგრამაში ბენეფიციარად განსაზღვრა, ჩარიცხვა/ამორიცხვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გადაწყვეტილებით.

3. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი), რომელიც:

ა) სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების (მ.შ. წერილი, ბრძანება, და ა.შ.) საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას „სოციალური სახლის“ პროექტის ფარგლებში შესაბამის ბენეფიციართან;

ბ) ამტკიცებს „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების წესებსა და პირობებს („სოციალური სახლით“ სარგებლობის შინაგანაწესს, ბენეფიციარის უფლებება/მოვალეობებს და სხვა);

გ) მონიტორინგს უწევს ამ პროგრამის ფარგლებში „სოციალური სახლის“ სერვისით სარგებლობის პროცესს.

დ) უზრუნველყოფს კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების გადახდას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №571 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
მუხლი 3
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,  შესაძლებელია განხორციელდეს ფონდის ბალანსზე არსებული ცალკეული მოძრავი ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემა (თხოვების ფორმით) ფონდსა და ბენეფიციარის სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს შორის, გაფორმებული ქონების დროებითი სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 4
1. „სოციალური სახლის“ სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა უფლებები, მოვალეობები და „სოციალური სახლის“ სერვისის სარგებლობის წესები განისაზღვრება ფონდის მიერ.

2. პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16  აპრილის დადგენილება №299  – ვებგვერდი, 16.04.2014წ.


კრებსითი — სრული ვერსია