„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
795-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-17
სარეგისტრაციო კოდი
370030000.05.001.017017
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ:

   ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

   ბ) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.“.

    2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

   „3. 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.

    4. 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

  ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ  ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;

  ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;

  გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება;

   დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.“.

 

   მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედებამდე  უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

 

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2013 წ.

N795-IIს

კრებსითი — სრული ვერსია