„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 02/04/2013,010240000.10.003.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.5-ის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით. ამასთან, ის ბენეფიციარები, რომლებიც 2013 წლის მარტის მდგომარეობით იყვნენ დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოსარგებლეები და იღებდნენ სრულ დაფინანსებას, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება 2013 წლის აპრილიდან დაუფინანსდეთ სრულად, თანაგადახდის გარეშე.“.
|