საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
314
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-20
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.003.280
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 258-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 2 ოქტომბერი.

№314–IIს

კრებსითი — სრული ვერსია