|
მუხლი 1. „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 18 იანვარი 2013 წ. N209-რს |