განჩინება ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/8768-11
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
განჩინება ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/8768-11 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის   21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                     კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი – ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

                                                            2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’

წარმომადგენელი – სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს  

                                     თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

გამოარკვია:

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დანიშნულ იქნა გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ კრედიტორის დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის აღიარების შესახებ .

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1. სასამართლოში სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ კრედიტორის დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ , 2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.Tcc.Gov.Ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                  თამარ ჭუნიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია