საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება № 26/2012
201 2 წ ლის 20 ივლისი
ქ . თბილისი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია
მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:
1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;
2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;
3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ცესკოში უნდა წარმოადგინოს, თუ:
ა) დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია – განცხადება;
ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ან/და საბუთების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, ცესკო:
ა) უფლებამოსილია რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) რეგისტრაციაში გაატარებს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, თუ ის აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) განკარგულებით დასაბუთებულ უარს ეუბნება ორგანიზაციას რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და გადასცემს შესაბამის განკარგულებას, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
მუხლი 4. ცესკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული, ანკეტები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №47/2016 - ვებგვერდი,15.07.2016წ.
მუხლი 51. თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №20/2025 - ვებგვერდი, 25.03.2025 წ.
მუხლი 6. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
მუხლი 7. მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №47/2016 - ვებგვერდი,15.07.2016წ.
მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.